1 ნეშტთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 19

  1. 1
    ამის შემდეგ იყო, რომ მოკვდა ყამონის ძეთა მეფე, ნახაშ ყამონის ძე და მის ნაცვლად მისი ძე გამეფდა.
  2. 2
    თქვა დავითმა: „სიკეთეს ვუჩვენებ ხანუნ ნახაშის ძეს, როგორც მამამისმა მიჩვენა”. წარგზავნა დავითმა მოციქულები მის სანუგეშებლად მამამისის გამო და მივიდნენ დავითის მსახურნი ყამონის ძეთა ქვეყანაში ხანუნთან, მის სანუგეშებლად.
  3. 3
    უთხრეს ყამონის ძეთა მთავრებმა ხანუნს, თავის ბატონს: "რას ფიქრობ, ნუთუ მამაშენის პატივსაცემად წარმოგზავნა დავითმა ნუგეშისმცემელნი? განა ქალაქის გამოსაძიებლად და დასაზვერად არა? მის ასაოხრებლად გამოგიგზავნა დავითმა თავისი მსახურები”.
  4. 4
    შეიპყრო ხანუნმა დავითის მსახურნი და ნახევარი წვერი მოპარსა, დუნდულებამდე შემოაჭრა სამოსელი და გაუშვა.
  5. 5
    წავიდნენ და შეატყობინეს დავითს ამ კაცების ამბავი; გაგზავნა კაცები მათ შესაგებებლად, რადგან ძალზე შეურაცხყოფილნი იყვნენ ისინი და უთხრა მათ მეფემ: "დარჩით იერიხოში, ვიდრე წვერი მოგეზრდებოდეთ და მერე დაბრუნდით”.
  6. 6
    დაინახეს ყამონის შვილებმა, რომ სიმყრალესავით გახდნენ დავითისთვის და გაგზავნეს ხანუნმა და ყამონის შვილებმა ათასი ტალანტი ვერცხლი ეტლებისა და მხედრების დასაქირავებლად შუამდინარეთიდან, მაყაქას არამიდან და ცობადან.
  7. 7
    დაიქირავეს ოცდათორმეტი ათასი ეტლი და მეფე მაყაქა თავისი ხალხით. მივიდნენ და მედებას წინ დაბანაკდნენ. ყამონის ძენი კი ერთად შეიკრიბნენ თავ-თავისი ქალაქებიდან და გამოემართნენ საბრძოლველად.
  8. 8
    გაიგო ეს დავითმა და გაგზავნა იოაბი და მთელი უმამაცესი ლაშქარი.
  9. 9
    გამოვიდნენ ყამონელები და ქალაქის კარიბჭესთან გამართეს ბრძოლა; ხოლო ის მეფენი, რომლებიც მოვიდნენ, ცალ-ცალკე განლაგდნენ ველზე.
  10. 10
    დაინახა იოაბმა, რომ მტრის ჯარი წინიდან და ზურგიდან იყო განლაგებული; გამოაცალკევა მებრძოლნი ისრაელის რჩეულთაგან და არამელთა წინააღმდეგ განალაგა ისინი.
  11. 11
    დანარჩენი ხალხი აბიშაის, თავის ძმას გადასცა; მან კი ყამონელთა პირისპირ განალაგა ისინი.
  12. 12
    უთხრა: "თუ არამელნი გაძლიერდებიან ჩემზე, შენ მომეშველები, ხოლო თუ ყამონელები გაძლიერდებიან შენზე, მე მოვალ შენს დასახმარებლად.
  13. 13
    მტკიცედ იყავი და მაგრად დავდგეთ ჩვენი ხალხისა და უფლის, ჩვენი ღმერთის ქალაქებისთვის, უფალმა კი თავისი ნება აღასრულოს”.
  14. 14
    გავიდა იოაბი თავის ხალხთან ერთად არამელებთან საბრძოლველად და უკუიქცნენ არამელები.
  15. 15
    დაინახეს ყამონელებმა, რომ გაიქცნენ არამელნი, თვითონაც გაექცნენ აბიშაის და ქალაქში შეცვივდნენ. დაბრუნდა იოაბი ყამონელთაგან და მივიდა იერუსალიმში.
  16. 16
    როცა დაინახეს არამელებმა, რომ მარცხდებოდნენ ისრაელთან, კაცები გაუგზავნეს მდინარის გაღმელ არამელებს და გადმოიყვანეს. ჰადარ-ყეზერის სარდალი, შოფახი წინამძღოლობდა მათ.
  17. 17
    როცა აუწყეს დავითს ეს ამბავი, შეკრიბა მთელი ისრაელი, გადალახა იორდანე, მივიდა მათთან და დაეწყო მათ წინააღმდეგ. შეებრძოლა დავითი არამელებს და ისინიც შეებნენ.
  18. 18
    უკუიქცნენ არამელნი ისრაელიანთაგან და ამოჟლიტა დავითმა არამელთაგან შვიდი ათასი ეტლოსანი და ორმოცი ათასი მხედარი; მათი მხედართმთავარი შოფახიც განგმირულ იქნა.
  19. 19
    დაინახეს ჰადად-ყეზერის მსახურებმა, რომ მარცხდებოდნენ ისრაელთან, დაუზავდნენ და დამორჩილდნენ დავითს. ვეღარ გაბედეს არამელებმა ყამონის ძეთა დახმარება.
იტვირთება შემდეგი თავი