1 ნეშტთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 21
- 1აღდგა სატანა ისრაელზე და აღძრა დავითი ისრაელის აღსარიცხად.
- 2უთხრა დავითმა იოაბსა და ხალხის მთავრებს: „წადით და აღრიცხეთ ისრაელი ბეერ-შებაყიდან დანამდე და შემატყობინეთ, რომ ვიცოდე მათი რიცხვი”.
- 3უთხრა იოაბმა: „დაე, ასმაგად გაამრავლოს უფალმა თავისი ხალხი, განა ყველა მათგანი ჩემი ბატონი მეფის მონები არ არიან? მაშ რაღად ითხოვს ამას ჩემი ბატონი? ცოდვისკენ რად უნდა უბიძგო ისრაელს?”
- 4მაგრამ იმძლავრა მეფის სიტყვამ იოაბზე. წავიდა იოაბი, მთელი ისრაელი მოიარა და დაბრუნდა იერუსალიმში.
- 5მიუტანა იოაბმა დავითს აღრიცხული ხალხის რიცხვი და მილიონ ასი ათასი მახვილის ამღები კაცი აღმოჩნდა ისრაელში, იუდაში კი ოთხას სამოცდაათი ათასი მახვილის ამღები კაცი იყო.
- 6ლევიანები და ბენიამინი არ აღურიცხავს, რადგან სისაძაგლედ მიიჩნია იოაბმა მეფის ბრძანება.
- 7ბოროტი იყო ეს საქმე ღმერთის თვალში და ამიტომაც დასცა მან ისრაელი.
- 8უთხრა დავითმა ღმერთს: „ფრიად შევცოდე, ეს რომ გავაკეთე! ახლა გევედრები, მიუტევე უფალო, დანაშაული შენს მსახურს, რადგან უგუნურად მოვიქეცი”.
- 9დაელაპარაკა უფალი გადს, დავითის წინასწარმეტყველს და უთხრა:
- 10„წადი და ელაპარაკე დავითს: ასე ამბობს უფალი: სამ სასჯელს შემოგთავაზებ და ერთ-ერთი ამოირჩიე, რომ დაგსაჯო”.
- 11მივიდა გადი დავითთან და უთხრა: „ასე ამბობს უფალი: ამოირჩიე,
- 12სამი წლის შიმშილობა გირჩევნია, სამი თვით შევიწროება შენი მტრისაგან და თან მისი მახვილი გემუქრებოდეს თუ სამი დღის მანძილზე შავი ჭირი და უფლის შემმუსვრელი ანგელოზი მძვინვარებდეს ისრაელის მთელ საზღვრებში. რა ვუპასუხო ჩემს წარმომგზავნელს?”
- 13უთხრა დავითმა გადს: „ძალიან მიჭირს, მაგრამ მიჯობს უფლის ხელში ჩავვარდე, რადგან ძალზედ დიდია მისი მოწყალება. ოღონდ კაცის ხელში ნუ ჩავვარდები”.
- 14მოუვლინა უფალმა შავი ჭირი ისრაელს და სამოცდაათი ათასი კაცი დაეცა ისრაელში.
- 15და წარგზავნა ღმერთმა ანგელოზი იერუსალიმში მის გასანადგურებლად. დაინახა უფალმა, როგორ ანადგურებდა და გადაიფიქრა ეს უბედურება. უთხრა უფალმა ანგელოზს: „კმარა! დაუშვი ხელი”. ორნან იებუსელის კალოსთან იდგა უფლის ანგელოზი.
- 16აღაპყრო დავითმა თვალები და დაინახა დედამიწასა და ცას შორის მდგარი უფლის ანგელოზი, რომელსაც ხელში იერუსალიმზე გაწვდილი გაშიშვლებული მახვილი ეჭირა. და პირქვე დაემხნენ ჯვალოთი შემოსილი დავითი და უხუცესნი.
- 17უთხრა დავითმა ღმერთს: „განა მე არ ვბრძანე შენი ხალხის აღრიცხვა? მე შეგცოდე და ბოროტება ჩავიდინე, ამ ცხვრებს ხომ არაფერი დაუშავებიათ? უფალო, ღმერთო ჩემო! გევედრები, ჩემზე და მამაჩემის სახლეულზე იყოს შენი ხელი, ოღონდ შენს ერზე ნუ იქნება მის დასაღუპად”.
- 18და უბრძანა უფლის ანგელოზმა გადს დავითისთვის სათქმელად, წასულიყო და სამსხვერპლო აღემართა ორნან იებუსელის კალოზე.
- 19წავიდა დავითი გადის სიტყვისამებრ, რომელიც უფლის სახელით ჰქონდა ნათქვამი.
- 20შემობრუნდა ორნანი, დაინახა ანგელოზი და დაიმალა თავის ოთხ ვაჟთან ერთად. ხორბალს ლეწავდა მაშინ ორნანი.
- 21მივიდა დავითი ორნანთან. გამოიხედა ორნანმა და დაინახა დავითი, კალოდან გამოეგება და მიწამდე სცა თაყვანი.
- 22უთხრა დავითმა ორნანს: „მომეცი ამ კალოს ადგილი და უფლის სამსხვერპლოს ავაშენებ; სრულ ფასს გადაგიხდი, რათა შეწყდეს ხალხის განადგურება”.
- 23უთხრა ორნანმა დავითს: „მეფე ბატონო, აიღე და გააკეთე, რაც გენებოს. მოგცემ ხარებს სრულადდასაწველად, კევრებს - შეშად და ხორბალს - პურეულის შესაწირად. ყველაფერს მოგცემ!”
- 24უპასუხა ორნანს მეფე დავითმა: „არა, სრულ საფასურად უნდა ვიყიდო შენგან, ვერც შენს საკუთრებას შევწირავ უფალს და ვერც მუქთ სრულადდასაწველს აღვუვლენ”.
- 25ექვსასი შეკელი ოქრო მისცა დავითმა ორნანს იმ ადგილის საფასურად.
- 26იქ აუშენა დავითმა უფალს სამსხვერპლო და აღავლინა სრულადდასაწველნი და სამშვიდობო მსხვერპლები, მოუხმო უფალს, მან კი სრულადდასაწველის სამსხვერპლოზე ზეციდან ცეცხლის დაშვებით უპასუხა.
- 27უბრძანა უფალმა ანგელოზს და მანაც ქარქაშში ჩააგო თავისი მახვილი.
- 28დაინახა დავითმა, რომ უპასუხა უფალმა ორნან იებუსელის კალოზე და იქ შესწირა მსხვერპლი.
- 29ხოლო უფლის სავანე, მოსემ უდაბნოში რომ გააკეთა და სრულადდასაწველის სამსხვერპლო, იმჟამად გაბაონის მაღლობზე იყო.
- 30არ შეეძლო დავითს იქ მისვლა ღვთისთვის შესაკითხად, რადგან უფლის ანგელოზის მახვილის ეშინოდა.
იტვირთება შემდეგი თავი