1 კორინთელთა მიმართ — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 10

  1. 1
    არ მინდა, ძმებო, არ იცოდეთ, რომ ჩვენი მამები ყველანი ღრუბელქვეშ იყვნენ და ყველამ გაიარა ზღვა.
  2. 2
    ყველანი მოსეს მიერ მოინათლნენ ღრუბელსა და ზღვაში.
  3. 3
    ყველანი ჭამდნენ ერთსა და იმავე სულიერ საჭმელს
  4. 4
    და ყველანი სვამდნენ ერთსა და იმავე სულიერ სასმელს, ვინაიდან სვამდნენ სულიერი კლდიდან, რომელიც თან დაჰყვებოდა მათ; ხოლო ის კლდე იყო ქრისტე.
  5. 5
    მაგრამ მათგან უმრავლესობა როდი მოიწონა ღმერთმა; ამიტომ უდაბნოში მიმოიფანტა მათი გვამები.
  6. 6
    და ნიმუშად მოგვეცა ეს, რათა არ შევნატროდეთ ბოროტს, როგორც ისინი შენატროდნენ.
  7. 7
    არც კერპთაყვანისმცემლები გახდეთ, ზოგიერთი მათგანივით, როგორც წერია: დასხდა ხალხი საჭმელ-სასმელად, და წამოდგა სათამაშოდ.
  8. 8
    ნურც ვიმეძავებთ, როგორც ზოგიერთი მათგანი მეძავობდა, და ერთ დღეს ოცდასამი ათასი კაცი დაეცა.
  9. 9
    ნურც გამოვცდით უფალს, როგორც ზოგიერთმა მათგანმა გამოსცადა, და გველებისგან დაიღუპნენ.
  10. 10
    არც იდრტვინოთ, როგორც ზოგიერთი მათგანი დრტვინავდა, და დაიღუპნენ მომსვრელისგან.
  11. 11
    ყოველივე ეს, სანიმუშოდ დაემართათ მათ და აღწერილია ჩვენს შესაგონებლად, ვინც საუკუნეთა აღსასრულს მიაღწია.
  12. 12
    ამიტომ, ვინც ფიქრობს, რომ დგას, იფხიზლოს, რომ არ წაიქცეს!
  13. 13
    არ შეგმთხვევიათ განსაცდელი, გარდა ადამიანურისა; ხოლო, ერთგულია ღმერთი, რომელიც არ დაუშვებს, რომ თქვენს შესაძლებლობაზე მეტად გამოიცადოთ, არამედ განსაცდელთან ერთად გამოსავალსაც გაგიჩენთ, რომ გადატანა შეიძლოთ.
  14. 14
    ამიტომ, ჩემო საყვარლებო, განერიდეთ კერპთაყვანისმცემლობას.
  15. 15
    გელაპარაკებით როგორც გონიერებს; თავად განსაჯეთ, რასაც ვამბობ.
  16. 16
    კურთხევის სასმისი, ჩვენ რომ ვაკურთხებთ, განა ქრისტეს სისხლთან ზიარება არ არის? პური, ჩვენ რომ ვტეხთ, განა ქრისტეს სხეულთან ზიარება არ არის?
  17. 17
    ვინაიდან პური ერთია, ჩვენ კი მრავალნი - ერთი სხეული, რადგან ყველა ერთი პურიდან ვეზიარებით.
  18. 18
    შეხედეთ ისრაელს ხორციელად: ვინც მსხვერპლიდან ჭამს, განა ისინი სამსხვერპლოს ზიარნი არ არიან?
  19. 19
    მაშ, რას ვამბობ? განა იმას, რომ კერპი რაიმეა, ან იმას, რომ კერპისთვის შენაწირი რაიმეს ნიშნავს?
  20. 20
    არამედ, რასაც ისინი სწირავენ, ეშმაკებს სწირავენ და არა ღმერთს. მე კი არ მინდა, რომ ეშმაკთა ზიარნი გახდეთ.
  21. 21
    არ შეგიძლიათ სვათ უფლის სასმისი და ეშმაკთა სასმისი; არ შეგიძლიათ უფლის სუფრასაც ეზიაროთ და ეშმაკთა სუფრასაც.
  22. 22
    ნუთუ ვბედავთ უფლის გამოწვევას? განა მასზე ძლიერები ვართ?
  23. 23
    ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია; ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი როდი მაშენებს.
  24. 24
    არავინ ეძებოს თავისი სარგებელი, არამედ სხვისი.
  25. 25
    ყველაფერი, რაც ბაზარში იყიდება, ჭამეთ და ნურაფერს გამოიძიებთ სინდისის გამო.
  26. 26
    რადგან უფლისაა დედამიწა და სისავსე მისი.
  27. 27
    ხოლო თუ მიგიწვევთ რომელიმე ურწმუნოთაგანი და მოისურვებთ მასთან მისვლას, ყველაფერი ჭამეთ, რასაც წინ დაგიდებენ, და ნურაფერს გამოიძიებთ სინდისის გამო.
  28. 28
    მაგრამ თუ გეტყვით ვინმე: ეს კერპთშენაწირიაო, ნუ შეჭამთ მთქმელის ან სინდისის გამო.
  29. 29
    ვგულისხმობ არა შენს სინდისს, არამედ სხვისას. რადგან რატომ უნდა განიკითხოს ჩემი თავისუფლება სხვისი სინდისით?
  30. 30
    თუკი მადლიერებით ვჭამ, რაღად უნდა ვიგმობოდე, რისთვისაც მადლიერი ვარ?
  31. 31
    ამიტომ ჭამთ, სვამთ, თუ სხვა რამეს აკეთებთ, ყველაფერი აკეთეთ ღვთის სადიდებლად.
  32. 32
    და ნუ გახდებით ცდუნება ნურც იუდეველთათვის, ნურც წარმართებისთვის და ნურც ღვთის ეკლესიისთვის.
  33. 33
    ისევე, როგორც მეც ვაამებ ყველას ყველაფერში და სარგებლობას ვეძებ არა ჩემთვის, არამედ მრავალთათვის, რათა გადარჩნენ.
იტვირთება შემდეგი თავი