1 კორინთელთა მიმართ — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 6

  1. 1
    როგორ ბედავს ვინმე თქვენგანი, მეორესთან რომ აქვს დავა, უმართლოთაგან განიკითხოს და არა წმიდანთაგან?
  2. 2
    ნუთუ არ იცით, რომ წმიდანები განიკითხავენ წუთისოფელს? ხოლო თუ თქვენგან განიკითხება წუთისოფელი, განა მცირე საქმეთა განკითხვის ღირსნი არა ხართ?
  3. 3
    ნუთუ არ იცით, რომ ანგელოზებს განვიკითხავთ, მით უმეტეს - ყოფით საქმეებს!
  4. 4
    თქვენ კი, როცა ყოფითი საქმეები გაქვთ, თქვენს განმკითხველებად მათ აყენებთ, ვინც არაფრად არის მიჩნეული ეკლესიაში.
  5. 5
    თქვენდა სამარცხვინოდ ვამბობ ამას: ნუთუ თქვენში ერთი ბრძენიც არ მოიპოვება, რომ თავის ძმებს შორის დავის განსჯა შეეძლოს?
  6. 6
    მაგრამ ძმა ძმას ედავება და თანაც ურწმუნოთა წინაშე.
  7. 7
    ისიც მეტად დამამცირებელია თქვენთვის, რომ ერთმანეთს ედავებით. რატომ არ არჩევთ უსამართლობის ატანას? რატომ არ არჩევთ დაზარალებულად დარჩენას?
  8. 8
    მაგრამ თქვენ თვითონ ექცევით უსამართლოდ და ართმევთ, თანაც თქვენს ძმებს.
  9. 9
    განა არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღმერთის სამეფოს? თავი არ მოიტყუოთ: ვერც მეძავნი, ვერც კერპთაყვანისმცემელნი, ვერც მრუშნი, ვერც დადედლებულნი, ვერც მამათმავალნი,
  10. 10
    ვერც ქურდნი, ვერც ხარბნი, ვერც ლოთნი, ვერც მლანძღველნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღმერთის სამეფოს.
  11. 11
    ასეთი იყო ზოგიერთი თქვენგანი უწინ; მაგრამ განიბანეთ, მაგრამ წმიდა გახდით, მაგრამ გამართლდით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით და ჩვენი ღვთის სულით.
  12. 12
    ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია; ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ მე არაფერს დავემონები.
  13. 13
    საჭმელი მუცლისთვის, ხოლო მუცელი საჭმლისთვის; ღმერთი კი ერთსაც მოსპობს და მეორესაც. სხეული კი არის არა მრუშობისთვის, არამედ უფლისთვის, ხოლო უფალი - სხეულისთვის.
  14. 14
    ღმერთმა აღადგინა უფალი და ჩვენც აღგვადგენს თავისი ძალით.
  15. 15
    ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეულები ქრისტეს ასოები არიან? განა ქრისტეს ასოებს ავიღებ და მეძავის ასოებად ვაქცევ? არამც და არამც!
  16. 16
    ანდა ნუთუ არ იცით, რომ ვინც მეძავს უერთდება, ერთი სხეული ხდება მასთან ერთად? რადგან ნათქვამია: იქნება ორი ერთ ხორცად.
  17. 17
    ხოლო ვინც უფალს უერთდება, ერთი სული იქნება უფალთან.
  18. 18
    გაექეცით სიძვას; ყოველი ცოდვა, რომელსაც ადამიანი სჩადის, სხეულის გარეშეა, მეძავი კი საკუთარი სხეულის წინააღმდეგ სცოდავს.
  19. 19
    ანდა ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეულები ტაძარია თქვენში მყოფი სულიწმიდისა, რომელიც ღვთისგან გაქვთ და რომ თქვენს თავს არ ეკუთვნით?
  20. 20
    ვინაიდან ფასით ხართ ნაყიდნი. ამიტომ ადიდეთ ღმერთი თქვენს სხეულებსა და თქვენს სულებში, რომლებიც ღმერთს ეკუთვნის.
იტვირთება შემდეგი თავი