1 იოანე — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 2
- 1შვილებო! ამას გწერთ იმისთვის, რომ არ შესცოდოთ. ხოლო თუ ვინმე შესცოდავს, გვყავს შუამდგომელი მამის წინაშე - მართალი იესო ქრისტე.
- 2ის არის ჩვენი და არა მარტო ჩვენი, არამედ მთელი ქვეყნიერების ცოდვების მიმტევებელი.
- 3იმით გავიგებთ, რომ შევიცანით იგი, თუ ვიცავთ მის მცნებებს.
- 4ვინც ამბობს, შევიცანიო იგი, მაგრამ მის მცნებებს არ იცავს, ცრუა და ჭეშმარიტება არ არის მასში.
- 5ხოლო ვინც მის სიტყვას იცავს, მასშია ჭეშმარიტად აღსრულებული ღვთის სიყვარული; ამით ვიგებთ, რომ მასში ვართ.
- 6ვინც ამბობს, რომ მასში რჩება, მოვალეა ისევე მოიქცეს, როგორც ის იქცეოდა.
- 7საყვარელნო! გწერთ არა ახალ მცნებას, არამედ ძველ მცნებას, რომელიც დასაბამიდან გქონდათ; ძველი მცნება ის სიტყვაა, დასაბამიდან რომ ისმინეთ.
- 8ამასთან, ახალ მცნებასაც გწერთ, რომელიც ჭეშმარიტია მასშიც და თქვენშიც; რადგან სიბნელე გადადის და ჭეშმარიტი სინათლე უკვე ბრწყინავს.
- 9ვინც ამბობს, რომ სინათლეშია, თავისი ძმა კი სძულს, ის ჯერ კიდევ სიბნელეშია.
- 10ვისაც თავისი ძმა უყვარს, ის სინათლეში რჩება და საცდური არ არის მასში.
- 11თავისი ძმის მოძულე კი სიბნელეშია და ბნელში დადის და არ იცის საით მიდის, რადგან სიბნელემ დაუბრმავა თვალები.
- 12თქვენ გწერთ, შვილებო, რადგან მოგეტევათ ცოდვები მისი სახელის მეშვეობით.
- 13თქვენ გწერთ, მამებო, რადგან ის შეიცანით, ვინც დასაბამიდანვეა. თქვენ გწერთ, ჭაბუკებო, რადგან სძლიეთ ბოროტი. მოგწერეთ თქვენ, ყრმებო, რადგან შეიცანით მამა.
- 14მოგწერეთ თქვენ, მამებო, რადგან შეიცანით ის, ვინც დასაბამიდანვეა. თქვენ მოგწერეთ, ჭაბუკებო, ვინაიდან ძლიერნი ხართ და ღვთის სიტყვა იმყოფება თქვენში; და გაიმარჯვეთ ბოროტზე.
- 15ნუ შეიყვარებთ წუთისოფელს, ნურც იმას, რაც წუთისოფელშია. თუ ვინმეს წუთისოფელი უყვარს, მასში არ არის მამის სიყვარული.
- 16ვინაიდან ყოველივე, რაც წუთისოფელშია - ხორციელი გულისთქმა, თვალთა გულისთქმა და ამაო დიდება ცხოვრებისა - მამისგან კი არა, წუთისოფლისგან არის.
- 17წუთისოფელიც გადადის და მისი გულისთქმაც, ღვთის ნების აღმსრულებელი კი უკუნისამდე რჩება.
- 18ყმაწვილნო! უკანასკნელი ჟამია და როგორც გესმათ, რომ მოდის ანტიქრისტე, და უკვე მრავალი ანტიქრისტეა აღმდგარი; ამით ვიგებთ, რომ უკანასკნელი ჟამია.
- 19ისინი ჩვენგან გავიდნენ, თუმცა ჩვენგანნი არ ყოფილან; ვინაიდან ჩვენგანნი რომ ყოფილიყვნენ, ჩვენთანვე დარჩებოდნენ; მაგრამ ამით გახდა ცხადი, რომ ყველანი როდი არიან ჩვენგანნი.
- 20თქვენ კი გაქვთ ცხებულება წმიდის მიერ და იცით ყველაფერი.
- 21იმიტომ კი არ მოგწერეთ, რომ ჭეშმარიტება არ იცოდით, არამედ იმიტომ, რომ იცით იგი; იცით ისიც, რომ არავითარი სიცრუე არ არის ჭეშმარიტებიდან.
- 22ვინ არის ცრუ, თუ არა ის, ვინც უარყოფს, რომ იესო არის ქრისტე? ის არის ანტიქრისტე, უარმყოფელი მამისა და ძისა.
- 23ყოველი, ვინც უარყოფს ძეს, არც მამა ჰყავს; ძის მაღიარებელს კი მამაც ჰყავს.
- 24დარჩეს თქვენში, რაც დასაბამიდან მოისმინეთ და თუ დარჩება თქვენში, რაც დასაბამიდან მოისმინეთ, თქვენც დარჩებით ძესა და მამაში.
- 25და ეს არის აღთქმა, რომელიც აღგვითქვა მან - საუკუნო სიცოცხლე!
- 26ეს მოგწერეთ თქვენს მაცდუნებელთა შესახებ.
- 27ცხებულება კი, მისგან რომ მიიღეთ, თქვენში რჩება და არ გჭირდებათ, რომ ვინმემ გასწავლოთ; არამედ მისი ცხებულება გასწავლით ყველაფერს, ის არის ჭეშმარიტი და უტყუარი; რასაც ის გასწავლით, იმაში დარჩით.
- 28ჰოდა ახლა, მასში დარჩით, შვილებო, რათა რომ გამოცხადდება, გაბედულება გვქონდეს და არ შევრცხვეთ მისი მოსვლისას.
- 29თუ იცით, რომ მართალია იგი, ისიც იცოდეთ, რომ სიმართლის ყოველი მოქმედიც მისგანაა შობილი.
იტვირთება შემდეგი თავი