3 მეფეთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 5

  1. 1
    როდესაც გაიგო ხირამმა, ცორის მეფემ, რომ სოლომონი სცხეს მეფედ მამამისის ნაცვლად, გაუგზავნა თავისი მსახურები. დავითის მეგობარი იყო ხირამი მთელი თავისი სიცოცხლე.
  2. 2
    ასე შეუთვალა სოლომონმა ხირამს:
  3. 3
    "შენ იცი, რომ ვერ შეძლო მამაჩემმა, დავითმა უფლის, თავისი ღმერთის სახელზე სახლის აშენება, რადგან სულ ომში იყო ჩაბმული, ვიდრე უფალმა ფეხის ტერფით არ დაათრგუნინა მტრები.
  4. 4
    ახლა კი ყოველმხრივ მომასვენა უფალმა, ჩემმა ღმერთმა: აღარ მყავს მოწინააღმდეგე და არც ხიფათი მელის რაიმე.
  5. 5
    და აჰა, ვთქვი, ავაშენებ სახლს უფლის, ჩემი ღმერთის სახელზე, როგორც ნათქვამი აქვს მამაჩემისთვის, დავითისთვის, უფალს: შენი ძე, ვისაც შენს ნაცვლად დავსვამ ტახტზე, ის ააშენებსო ჩემს სახელზე სახლს.
  6. 6
    ახლა ბრძანე, რომ კედარის ხეები მომიჭრან ლიბანში; ჩემი მსახურნი შენს მსახურებთან ერთად იქნებიან და მე მოგცემ შენი მსახურებისთვის გასამრჯელოს, რამდენსაც მეტყვი, რადგან იცი, რომ არავის შეუძლია ხის მოჭრა ისე, როგორც ამას, თქვენ, ციდონელნი აკეთებთ”.
  7. 7
    მოისმინა ხირამმა სოლომონის სიტყვები, ფრიად გაიხარა და თქვა: "კურთხეულ იყოს უფალი, რომელმაც მისცა დავითს ბრძენი შვილი ამდენი ხალხის განმგებლად!”
  8. 8
    უპასუხა ხირამმა სოლომონს: "მოვისმინე, რაც შემომითვალე და ყველაფერს გავაკეთებ, რაც კი კედარისა და კვიპაროსის ხეების გამო ისურვე.
  9. 9
    ჩემი მსახურები ჩამოზიდავენ ლიბანიდან ზღვამდე, მერე ტივებად გავუშვებ ზღვით იმ ადგილამდე, რომელსაც დამითქვამ, იქ დავშლით და წაიღე. მხოლოდ ეს სურვილი შემისრულე, საკვებით მომიმარაგე სახლეული”.
  10. 10
    უგზავნიდა ხირამი სოლომონს კედარისა და კვიპაროსის ხეებს რამდენსაც ისურვებდა.
  11. 11
    ხოლო სოლომონი ამარაგებდა ხირამსა და მის სახლს ოცი ათასი ქორი ხორბლით და ოცი ქორი წმინდა ზეთით. ასე უგზავნიდა სოლომონი ხირამს წლიდან წლამდე.
  12. 12
    სიბრძნე მისცა უფალმა სოლომონს, როგორც დაპირდა. მშვიდობა იყო ხირამსა და სოლომონს შორის და აღთქმაში იყვნენ ერთმანეთთან.
  13. 13
    სავალდებულო სამსახური შემოიღო მეფე სოლომონმა მთელ ისრაელში და ოცდაათი ათასი კაცი გაჰყავდა სამუშაოდ.
  14. 14
    თვეში ათი ათას კაცს გზავნიდა ლიბანში მონაცვლეობით: ერთ თვეს ლიბანში იყვნენ, ორ თვეს თავ-თავიანთ სახლებში. ადონირამი მმართველობდა ბეგარას.
  15. 15
    სამოცდაათი ათასი მტვირთავი და ოთხმოცი ათასი ქვისმჭრელი ჰყავდა მთაში სოლომონს,
  16. 16
    გარდა სამიათას სამასი თავკაცისა, რომლებიც სამუშაოების მეთვალყურეებად ჰყავდა დადგენილი სოლომონს და მუშა ხალხს მართავდნენ.
  17. 17
    და ბრძანა მეფემ, რომ მოეზიდათ დიდი ლოდები, ძვირფასი, თლილი ქვები სახლის საძირკველისთვის.
  18. 18
    სოლომონისა და ხირამის მშენებლები, ასევე გებაყელები, ჭრიდნენ და ამზადებდნენ ხესა და ქვებს სახლის ასაშენებლად.
იტვირთება შემდეგი თავი