1 პეტრეს წერილი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 2

  1. 1
    ამრიგად, მოიშორეთ ყოველგვარი ბოროტება, ყოველგვარი მზაკვრობა და პირფერობა და შური და ყოველგვარი ავსიტყვაობა;
  2. 2
    როგორც ახალშობილმა ყრმებმა, ინატრეთ სულიერი, სუფთა რძე, რათა იმით გაიზარდოთ ხსნისათვის.
  3. 3
    რადგან იგემეთ, რომ კეთილია უფალი,
  4. 4
    რომელთანაც მიხვედით: ცოცხალ ქვასთან, ადამიანებმა რომ დაიწუნეს, ღვთისგან კი რჩეული და ძვირფასია.
  5. 5
    თქვენც აშენდით ცოცხალი ქვებივით სულიერ სახლად, წმიდა სამღვდელოებად, რათა იესო ქრისტეს მეშვეობით შესწიროთ ღვთისთვის სასურველი სულიერი მსხვერპლები,
  6. 6
    ვინაიდან ნათქვამია წერილში: "აჰა, მე ვდებ სიონში ლოდს, ქვაკუთხედს, რჩეულს და ძვირფასს, და მისი მორწმუნე არ შერცხვება”.
  7. 7
    ამიტომ თქვენთვის, მორწმუნეთათვის, ის ძვირფასია, ურწმუნოთათვის კი ლოდია, მშენებლებისგან დაწუნებული; ის დაიდო ქვაკუთხედად,
  8. 8
    დაბრკოლების ლოდად და წაბორძიკების კლდედ, რაზედაც ბრკოლდებიან, რადგან ეურჩებიან სიტყვას და სწორედ ამისთვის არიან დადგენილნი.
  9. 9
    თქვენ კი რჩეული მოდგმა ხართ, სამეფო სამღვდელოება, წმიდა ერი, წილხვედრი ხალხი, რათა გამოაცხადოთ მისი სათნოება, ვინც სიბნელიდან თავისი საკვირველი სინათლისკენ გამოგიხმოთ.
  10. 10
    ოდესღაც ხალხი რომ არ იყავით, ახლა კი ღვთის ხალხი ხართ; ოდესღაც - არაშეწყალებულნი, ახლა კი - შეწყალებულნი.
  11. 11
    საყვარელნო, შეგაგონებთ, როგორც ხიზნებსა და მწირებს. განეშორენით ხორციელ გულისთქმებს, რომლებიც თქვენი სულის* წინააღმდეგ იბრძვიან.
  12. 12
    კეთილად მოიქეცით წარმართთა შორის, რათა რაშიც გაძაგებენ, როგორც ბოროტმოქმედებს, იმაში დაინახონ თქვენი კეთილი საქმეები და ადიდონ ღმერთი მონახულების დღეს.
  13. 13
    დაემორჩილეთ ყოველ ადამიანურ მმართველობას უფლის გულისთვის, იქნება ეს მეფე, როგორც უმაღლესი მმართველი,
  14. 14
    თუ გამგებლები, მისგან წარმოგზავნილები ბოროტმოქმედთა დასასჯელად და კეთილისმოქმედთა საქებრად.
  15. 15
    რადგან ასეთია ნება ღვთისა, რათა კეთილის ქმნით დაადუმოთ უგუნურ ადამიანთა უმეცრება.
  16. 16
    იცხოვრეთ როგორც თავისუფლებმა, ოღონდ ბოროტების საფარად თავისუფლებას ნუ გამოიყენებთ; არამედ იცხოვრეთ როგორც ღვთის მონებმა.
  17. 17
    ყველას პატივი მიაგეთ, გიყვარდეთ საძმო, ღვთისა გეშინოდეთ, მეფეს პატივი ეცით.
  18. 18
    მსახურნო, დაემორჩილეთ ბატონებს მთელი მოშიშებით, არა მარტო კეთილებს და შემწყნარებლებს, არამედ უკუღმართთაც.
  19. 19
    რადგან მადლი ის არის, თუ ვინმე სინდისის გამო უსამართლოდ იტანჯება და ღვთის გულისათვის იტანს გასაჭირს.
  20. 20
    რადგან რა სარგებელია თუ დანაშაულისთვის გცემენ და ითმენთ? მაგრამ თუ კეთილის ქმედებისთვის ითმენთ ტანჯვას, ეს არის მადლი ღვთის წინაშე!
  21. 21
    ვინაიდან ამისათვის ხართ კიდეც მოწოდებულნი: ქრისტეც ხომ ეტანჯა თქვენთვის და ნიმუშიც დაგიტოვათ, რათა მის კვალს მიჰყვეთ;
  22. 22
    რომელსაც არც ცოდვა ჩაუდენია და არც მზაკვრობა დასცდენია მის ბაგეს;
  23. 23
    რომელსაც ლანძღავდნენ და ლანძღვით არ უპასუხებდა, იტანჯებოდა და არ იმუქრებოდა, არამედ მიენდო სიმართლით განმკითხველს;
  24. 24
    რომელმაც ჩვენი ცოდვები თვითონ აზიდა ძელზე თავისი სხეულით, რათა ცოდვისათვის მკვდრებმა სიმართლისთვის ვიცოცხლოთ. განკურნებულნი ხა­რთ მისი ჭრილობებით,
  25. 25
    რადგან გზააბნეული ცხვრებივით იყავით, მაგრამ ახლა დაუბრუნდით მწყემსსა და თქვენს სულთა ზედამხედველს.
იტვირთება შემდეგი თავი