1 მეფეთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 12

  1. 1
    უთხრა სამუელმა მთელ ისრაელს: "აჰა, მოვისმინე ყველაფერი, რასაც მოითხოვდით ჩემგან და დაგისვით მეფე.
  2. 2
    აჰა, ამიერიდან მეფე წაგიძღვებათ წინ. მე მოვხუცდი და გავჭაღარავდი; აქ არიან ჩემი ძენი თქვენთან ერთად. ყმაწვილკაცობიდან დღემდე წინ მიგიძღოდით.
  3. 3
    აქ ვარ, მამხილეთ უფლისა და მისი ცხებულის წინაშე. თუ წამირთმევია ვინმესთვის ხარი ან სახედარი? თუ გამიძარცვავს ან შემივიწროვებია ვინმე? ან თუ ამიღია ქრთამი საქმეზე თვალის დასახუჭად? თუ ასეა ავანაზღაურებ”.
  4. 4
    უპასუხეს: "არც გაგიძარცვივართ და არც შეგივიწროებივართ, არც ვინმეს ხელიდან აგიღია რაიმე”.
  5. 5
    უთხრა მათ სამუელმა: "უფალია მოწმე თქვენს წინაშე და მისი ცხებული ამ დღეს, რომ ვერაფერი ჰპოვეთ ჩემს ხელში”. უპასუხეს: "მოწმეა!”
  6. 6
    უთხრა სამუელმა ხალხს: "უფალია მოწმე, რომელმაც მოსესა და აჰარონის მეშვეობით გამოიყვანა თქვენი მამა-პაპა ეგვიპტიდან!
  7. 7
    ამიტომ დადექით, რომ განგსაჯოთ უფლის წინაშე, ყველა იმ სიკეთის გამო, რაც უფალმა მოიმოქმედა თქვენთვის და თქვენი მამებისთვის.
  8. 8
    როცა იაკობი ეგვიპტეში მივიდა, შეჰღაღადეს თქვენმა მამებმა უფალს და მოავლინა უფალმა მოსე და აჰარონი. მათ გამოიყვანეს თქვენი მამები ეგვიპტიდან და აქ დაამკვიდრეს.
  9. 9
    მაგრამ დაივიწყეს მათ უფალი, თავიანთი ღმერთი; და ხელში ჩაუგდო ისინი უფალმა სისარას, ხაცორის მხედართმთავარს, ფილისტიმელებსა და მოაბის მეფეს; ისინი ებრძოდნენ მათ.
  10. 10
    შეჰღაღადეს უფალს და თქვეს: შევცოდეთ, რადგან მივატოვეთ უფალი და ვემსახურებოდით ბაყალებსა და ყაშთაროთებს. ახლა გვიხსენი მტრების ხელიდან და გემსახურებით.
  11. 11
    მაშინ მოავლინა უფალმა იერუბაყალი, ბედანი, იფთახი და სამუელი და გამოგიხსნათ გარშემო მტრების ხელიდან და თქვენც ცხოვრობდით მშვიდად.
  12. 12
    როცა იხილეთ, რომ ყამონის ძეთა მეფე ნახაში მოდის თქვენს წინააღმდეგ, მითხარით: არა, მეფე უნდა მეფობდეს ჩვენზე. თქვენი მეფე კი უფალია, თქვენი ღმერთი!
  13. 13
    და ახლა, აჰა, მეფე, რომელიც ამოირჩიეთ, რომელსაც მოითხოვდით; აჰა, დაგიდგინათ უფალმა მეფე.
  14. 14
    თუ უფლის შიში გექნებათ, მას ემსახურებით, მის ხმას მოუსმენთ და არ ეურჩებით უფლის ბრძანებებს, მაშინ დაგიფარავთ უფალი, თქვენი ღმერთი, თქვენცა და მეფესაც, თქვენზე რომ მეფობს.
  15. 15
    თუ არ შეისმენთ უფლის ხმას და ეურჩებით უფლის ბრძანებებს, უფლის ხელი იქნება თქვენს წინააღმდეგ, როგორც თქვენი მამების წინააღმდეგ იყო".
  16. 16
    "ახლა იდექით და შეხედეთ იმ დიდ საქმეს, რასაც მოიმოქმედებს უფალი თქვენს თვალწინ.
  17. 17
    ხომ ყანის მკის დროა ახლა? მოვუხმობ უფალს და მოავლენს იგი ქუხილსა და წვიმას, რომ იცოდეთ და ნახოთ, რა დიდია თქვენი ბოროტება, უფლის წინაშე იმის გამო, რომ მეფე მოითხოვეთ”.
  18. 18
    მოუხმო სამუელმა უფალს და მოავლინა იმ დღეს უფალმა ქუხილი და წვიმა; ძლიერ შეეშინდა ხალხს უფლისა და სამუელისა.
  19. 19
    უთხრა სამუელს მთელმა ხალხმა: "შეევედრე ჩვენთვის, შენი მსახურებისთვის, უფალს, შენს ღმერთს, რომ არ დავიხოცოთ, რადგან მთელ ჩვენს ცოდვებს ის ბოროტებაც დავუმატეთ, რომ მეფე მოვითხოვეთ”.
  20. 20
    უთხრა სამუელმა ხალხს: "ნუ გეშინიათ, კი ჩაიდინეთ ეს ბოროტება, მაგრამ მთავარია არ განუდგეთ უფალს და მთელი გულით ემსახურეთ მას.
  21. 21
    აღარ გადაუხვიოთ ფუჭი ღმერთებისკენ, ვერ დაგიფარავენ და ვერ გიხსნიან ისინი, რადგან ფუჭნი არიან.
  22. 22
    არ მიატოვებს უფალი თავის ხალხს თავისი დიდებული სახელის გამო, რადგან თვითონ ინება უფალმა, რომ მისი ხალხი ყოფილიყავით.
  23. 23
    მე კი, არ შემეცოდოს უფლისთვის და არ შემეწყვიტოს თქვენთვის ლოცვა. მე დაგაყენებთ კეთილ და სწორ გზაზე.
  24. 24
    ოღონდ გეშინოდეთ უფლის და ემსახურეთ მას ჭეშმარიტებითა და მთელი თქვენი გულით, რადგან ხედავთ, რა დიადი საქმეები მოიმოქმედა თქვენთვის.
  25. 25
    მაგრამ თუ მაინც ბოროტად მოიქცევით, თქვენც დაიღუპებით და თქვენი მეფეც.
იტვირთება შემდეგი თავი