1 მეფეთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 14
- 1უთხრა ერთ დღეს იონათანმა, საულის ძემ, მსახურს, თავის საჭურველთმტვირთველს: "წამოდი, გადავიდეთ ფილისტიმელთა საგუშაგოსთან, იქითა მხარეს რომ არის”. მამამისისთვის კი არაფერი უთქვამს.
- 2საული გიბყას ბოლოში იმყოფებოდა ბროწეულის ხის ქვეშ, მიგრონში რომ დგას; თან ექვსასამდე კაცი ახლდა.
- 3იქ იყო ახიაც, ახიტუბის ძე, იქაბოდის ძისა, ფინხასის ძისა, ყელის ძისა, შილოში უფლის მღვდელი რომ იყო და ეფოდს რომ ატარებდა. და არ იცოდა ხალხმა, სად წავიდა იონათანი.
- 4იმ ვიწრო გადასასვლელებში, საიდანაც იონათანს ფილისტიმელთა საყარაულოებთან გადასვლა უნდოდა, ერთ მხარეზეც ციცაბო კლდე იყო და მეორეზეც. ერთს ბოცეკს ეძახდნენ, მეორეს კი - სენეს.
- 5ერთი ციცაბო ჩრდილოეთის მხრიდან იყო აღმართული მიქმაშისკენ, მეორე კი - სამხრეთიდან, გიბყას პირდაპირ.
- 6უთხრა იონათანმა მსახურს, თავის საჭურველთმტვირთველს: "წამოდი, გადავიდეთ მაგ წინადაუცვეთელთა საგუშაგოსთან; ეგების გვიშველოს უფალმა, რადგან არ არის უფლისთვის დაბრკოლება, ბევრი ხალხით იხსნის თუ მცირეთი”.
- 7უთხრა საჭურველთმტვირთველმა: "გააკეთე ყველაფერი, რაც გულში გაქვს; აჰა, შენთან ვარ ისე, როგორც შენი გული ინებებს”.
- 8თქვა იონათანმა: "აჰა, გადავალთ მაგ ხალხთან და დავენახებით.
- 9თუ გვეტყვიან: დაიცადეთ, ვიდრე თქვენთან მოვიდოდეთო, გავჩერდეთ, სადაც ვიდგებით და ნუ ავალთ მათთან;
- 10მაგრამ თუ გვეტყვიან, ჩვენთან ამოდითო, ავიდეთ, რადგან ჩვენს ხელთ ჩაუგდია უფალს ისინი. ეს ნიშანი იქნება ჩვენთვის”.
- 11დაენახნენ ფილისტიმელთა გუშაგებს და თქვეს ფილისტიმელებმა: "აჰა, ებრაელები ძვრებიან სოროებიდან, სადაც იმალებოდნენ”.
- 12გამოელაპარაკნენ გუშაგები იონათანს და მის საჭურველთმტვირთველს და უთხრეს: "ამოდით ჩვენთან და რაღაცას გეტყვით”. უთხრა იონათანმა თავის საჭურველთმტვირთველს: "მომყევი, რადგან უფალმა ხელში ჩაუგდო ისინი ისრაელს”.
- 13ფორთხვა-ფორთხვით ავიდა იონათანი ზევით და უკან საჭურველთმტვირთველი მიჰყვა. ეცემოდნენ ფილისტიმელნი იონათანის წინაშე, საჭურველთმტვირთველი კი მათ უკან მყოფებს მუსრავდა.
- 14პირველი შეტაკებისას ოცამდე კაცი გაჟლიტეს იონათანმა და მისმა საჭურველთმტვირთველმა ნახევარ ქცევა მიწაზე.
- 15შიშმა აიტანა ბანაკი, ველი და მთელი ხალხი; დამცველი რაზმი და გუშაგებიც შეძრწუნდნენ; მიწა იძრა და ღვთის ძრწოლამ მოიცვა ყველა.
- 16ბენიამინის გიბყადან დაინახეს საულის გუშაგებმა, აჰა, იფანტება ჯარი, ერთმანეთს აწყდება და გარბის. შეატყობინეს საულსაც, რომელიც მაღლობზე იჯდა და თვითონაც ადევნებდა თვალყურს მათ დარბევას.
- 17უთხრა საულმა თავისთან მყოფ ხალხს: "მოიძიეთ და ნახეთ, ვინ არის წასული ჩვენგან”. აღრიცხეს და აჰა, არც იონათანია და არც მისი საჭურველთმტვირთველი.
- 18უთხრა საულმა ახიას: "მოიტანე ღვთის კიდობანი!” - რადგან იმ დღეს თან ჰქონდათ ღვთის კიდობანი ისრაელიანებს.
- 19ვიდრე საული მღვდელს ელაპარაკებოდა, კიდევ უფრო იმატა არეულობამ ფილისტიმელთა ბანაკში. მაშინ უთხრა საულმა მღვდელს: "დაუშვი ხელი”.
- 20ამხედრდა საული და მასთან მყოფი მთელი ხალხი, მიიჭრნენ ბრძოლის ველზე და აჰა, ერთმანეთს დარევიან ფილისტიმელნი, კაცს თავისი მოყვასის წინააღმდეგ აღუმართავს მახვილი და არის ძალზე დიდი არეულობა.
- 21ის ებრაელები, ადრე ფილისტიმელებთან ერთად რომ იყვნენ და ყველგან დაჰყვებოდნენ მათ ბანაკს, მობრუნდნენ და საულთან და იონათანთან მყოფ ისრაელიანებს შეუერთდნენ.
- 22ასევე ეფრემის მთაში დამალულმა ყველა ისრაელიანმაც გაიგო, რომ გაიქცნენ ფილისტიმელნი და ისინიც დაედევნენ ბრძოლით.
- 23იხსნა უფალმა იმ დღეს ისრაელი; ბეთ-ავენს მისწვდა ბრძოლა.
- 24გაწამდა იმ დღეს ისრაელი, რადგან ამ სიტყვებით დააფიცა საულმა ხალხი: "წყეულიმც იყოს ის კაცი, ვინც პური შეჭამოს საღამომდე, სანამ ბოლომდე არ ვიძიებ შურს მტრებზე!” პირი არ მიუკარებია საჭმელისთვის ხალხს.
- 25ტყეში შევიდა მთელი ხალხი და თაფლი იდო მიწაზე.
- 26ტყეში შესვლისას მომდინარე თაფლი დაინახეს, მაგრამ არავის მიუტანია ხელი პირთან, რადგან ფიცის ეშინოდა ხალხს.
- 27არ იცოდა იონათანმა, რომ ხალხი დააფიცა მამამისმა. გაიწოდა კვერთხი, ხელში რომ ეჭირა, ჩააწო წვერი თაფლით სავსე ფიჭაში, პირში ჩაიდო და გაუნათდა თვალები.
- 28მიუგო ერთმა კაცმა ხალხიდან და უთხრა: "ასეთი ფიცით დააფიცა მამაშენმა ხალხი: წყეულიმც იყოს ის კაცი, ვინც პური ჭამოსო დღეს; ქანცი გაუწყდა ხალხს”.
- 29თქვა იონათანმა: "გააწამა მამაჩემმა ქვეყანა; შემომხედეთ და ნახეთ, როგორ გამინათდა თვალები, ცოტაოდენი თაფლი რომ ვიგემე.
- 30რამდენად უკეთესი იქნებოდა, ხალხს მტრისთვის წართმეული ნადავლიდან რომ ეჭამა, უფრო დიდი არ იქნებოდა მაშინ ფილისტიმელთა მუსვრა?!”
- 31და მოსრეს იმ დღეს ფილისტიმელები მიქმაშიდან აიალონამდე, და დაიქანცა ხალხი.
- 32ეკვეთა ხალხი ნადავლს, წამოასხა ცხვარ-ძროხა, ხბორები და დაკლა ისინი მიწაზე. სისხლიანი ჭამა ხალხმა.
- 33შეატყობინეს საულს, უთხრეს: "აჰა, სცოდავს ხალხი უფალს, სისხლიანად ჭამს”. თქვა საულმა: "ვერაგობა ჩაგიდენიათ, მოაგორეთ ჩემსკენ დიდი ლოდი”.
- 34თქვა საულმა: "გაიფანტენით ხალხში და უთხარით: მომიყვანოს თითოეულმა თავისი ხარი და თითოეულმა თავისი ცხვარი. აქ დაკლან და ჭამონ. ნუ სცოდავთ უფალს და ნუ ჭამთ სისხლიანად”. მიიყვანა თითოეულმა თავისი ხარი იმ ღამეს და კლავდა იქ.
- 35სამსხვერპლო აუგო საულმა უფალს; ეს იყო პირველი სამსხვერპლო, რომელიც საულმა აუგო უფალს.
- 36თქვა საულმა: "ჩავიდეთ ფილისტიმელებთან ამ ღამით, დავარბიოთ და განთიადამდე ვძარცვოთ, რომ ერთი მათგანიც არ გადარჩეს”. უპასუხეს: "როგორც შენს გულს ნებავს, ისე მოიქეცი”. მღვდელმა კი მიუგო: "ჯერ უფალს დავეკითხოთ”.
- 37რჩევა ითხოვა საულმა უფლისგან: "ჩავიდე ფილისტიმელებთან? ჩაუგდებ მათ ისრაელს ხელში?” არ უპასუხა იმ დღეს უფალმა.
- 38თქვა საულმა: "ახლოს მოდექით, ხალხის თავკაცებო, და გამოარკვიეთ, რა ცოდვა იქნა დღეს ჩადენილი.
- 39ცოცხალია უფალი, რომელიც იხსნის ისრაელს. ჩემი ძე, იონათანიც რომ იყოს დამნაშავე, უნდა მოკვდეს!” კაცი არ აღმოჩნდა ხალხში, რომ პასუხი გაეცა მისთვის.
- 40უთხრა საულმა მთელ ისრაელს: "თქვენ ერთ მხარეს იყავით, ხოლო მე და ჩემი ძე იონათანი, მეორე მხარეს ვიქნებით”. უთხრა ხალხმა საულს: "როგორც გენებოს, ისე მოიქეცი”.
- 41უთხრა საულმა უფალს: "ღმერთო ისრაელისა, გამოაცხადე სიმართლე!” დააკავა წილისყრამ იონათანი და საული, ხალხი კი გაშვებულ იქნა.
- 42თქვა საულმა: "წილი ყარეთ ჩემსა და ჩემს ძეს, იონათანს შორის!” და დაკავდა იონათანი.
- 43უთხრა საულმა იონათანს: "მითხარი, რა ჩაიდინე?” უთხრა მას იონათანმა: "ჩემი კვერთხის წვერიდან, ხელში რომ მეჭირა, მცირეოდენი თაფლი ვიგემე. მზად ვარ, რომ მოვკვდე”.
- 44თქვა საულმა: "ასე და მეტიც დამმართოს ღმერთმა, თუ მართლა არ მოკვდე, იონათან!”
- 45უთხრა ხალხმა საულს: "ნუთუ უნდა მოკვდეს იონათანი, რომელმაც ასეთი დიდი ხსნა მოუტანა ისრაელს? არ მოხდება ეს საქმე! ცოცხალია უფალი, ერთი ღერი თმაც კი არ დავარდება მისი თავიდან მიწაზე, რადგან ღმერთის დახმარებით მოქმედებდა იგი დღეს”. ასე დაიხსნა ხალხმა იონათანი და არ მოკვდა იგი.
- 46აღარ დადევნებია საული ფილისტიმელებს და თავიანთ ქვეყანაში დაბრუნდნენ ისინი.
- 47განამტკიცა თავისი მეფობა საულმა ისრაელზე და ებრძოდა ირგვლივ ყველა მტერს: მოაბელებს, ყამონელებს, ედომელებს, ციბას მეფეებს, ფილისტიმელებს და რომელ მხარესაც არ უნდა წასულიყო, ყველგან იმარჯვებდა.
- 48შეკრიბა ლაშქარი, შემუსრა ყამალეკი და მძარცველებისგან იხსნა ისრაელი.
- 49საულის ძენი იყვნენ - იონათანი, იშვი და მალქიშუაყი; მის ორ ასულთაგან კი პირმშოს მერაბი ერქვა, უმცროსს - მიქალი;
- 50საულის ცოლი იყო ახინოყამი, ახიმაყაცის ასული. მისი მხედართმთავარი იყო - აბნერი, ძე ნერისა, საულის ბიძისა.
- 51კიში, საულის მამა და ნერი, აბნერის მამა აბიელის ძენი იყვნენ.
- 52გააფთრებული ბრძოლები იმართებოდა ფილისტიმელებთან საულის მთელი მეფობის განმავლობაში; დაინახავდა თუ არა საული ძლიერსა და მამაც ვაჟკაცს, თავისთან მიჰყავდა იგი.
იტვირთება შემდეგი თავი