1 მეფეთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 19
- 1უთხრა საულმა იონათანს, თავის ძეს და თავის მსახურებს, რომ მოეკლათ დავითი, მაგრამ იონათანს, საულის ძეს, ძალიან უყვარდა დავითი.
- 2შეატყობინა იონათანმა დავითს: "მოსაკლავად გეძებს მამაჩემი, საული; ფრთხილად იყავი ხვალ დილით, სადმე დაიმალე.
- 3მე კი გამოვალ და მამაჩემის გვერდით დავდგები ველზე, სადაც შენ იქნები; შენზე დაველაპარაკები მამაჩემს და რასაც გავიგებ, გიამბობ”.
- 4ელაპარაკა იონათანი საულს, მამამისს დავითის სასიკეთოდ; უთხრა: "ნუ შესცოდავს მეფე დავითთან, თავის მსახურთან, რადგან არ შეუცოდავს მას შენს წინაშე; მისი საქმენიც ფრიად სასიკეთოა შენთვის.
- 5საფრთხეში ჩაიგდო თავი, როცა ფილისტიმელს შეერკინა და დიდი ხსნა მოუვლინა უფალმა მთელ ისრაელს; შენც ნახე ეს და გაიხარე; რაღად უნდა შესცოდო უდანაშაულო სისხლის წინააღმდეგ და უმიზეზოდ მოაკვლევინო დავითი?”
- 6შეისმინა საულმა იონათანის ხმა და დაიფიცა: "ცოცხალია უფალი, არ მოკვდება დავითი”.
- 7მოიხმო იონათანმა დავითი და ყველაფერი უამბო. მერე საულთან მიიყვანა იგი და იყო მასთან, როგორც წინა დღეებში.
- 8ისევ დაიწყო ომი, გავიდა დავითი და იბრძოდა ფილისტიმელებთან. სასტიკად დაამარცხა ისინი და გარბოდნენ მისგან.
- 9მაგრამ ბოროტი სული მიევლინა საულს უფლისგან, როდესაც თავის სახლში იჯდა; ხელთ შუბი ეპყრა, დავითი კი ქნარზე უკრავდა.
- 10შეეცადა საული შუბით კედელზე მიეჭედა, მაგრამ გაუსხლტა დავითი და კედელში ჩაიჭედა შუბი. გაიქცა დავითი და გადაურჩა იმ ღამეს სიკვდილს.
- 11მდევრები გაგზავნა საულმა დავითის სახლში, რათა ჩასაფრებოდნენ და დილამდე მოეკლათ. ეს ამბავი მიქალმა, მისმა ცოლმა შეატყობინა დავითს: "თუ ამაღამ არ დაიხსნი თავს, ხვალ მოგკლავენ”.
- 12სარკმლიდან ჩაუშვა მიქალმა დავითი, გაიქცა და გადარჩა.
- 13აიღო მიქალმა თერაფიმი, საწოლზე დადო, სასთუმლად თხის ტყავი დაუდო და სამოსელი გადააფარა.
- 14კაცები მიაგზავნა საულმა დავითის შესაპყრობად, მაგრამ უთხრა მიქალმა: "ავადაა”.
- 15ისევ გაგზავნა საულმა ხალხი დავითის სანახავად, თან დააბარა: "სარეცლიანად წამოიყვანეთ, რათა მოვკლათ”.
- 16მივიდნენ შიკრიკები, სარეცელზე კი თერაფიმი ნახეს, თხის ტყავი ედო სასთუმლად.
- 17უთხრა საულმა მიქალს: "ასე რად მომატყუე და გაუშვი ჩემი მტერი?” მიუგო მიქალმა: "ასე მითხრა: "გამიშვი, თორემ მოგკლავო”.
- 18გაიქცა დავითი და გადარჩა. მივიდა სამუელთან რამაში და უამბო ყველაფერი, რაც საულმა გაუკეთა. წავიდნენ ის და სამუელი და ნაიოთში გაჩერდნენ.
- 19შეატყობინეს საულს: "აჰა, რამას ნაიოთშია დავითი”.
- 20და გაგზავნა საულმა შიკრიკნი დავითის შესაპყრობად. ნახეს: წინასწარმეტყველთა გუნდი წინასწარმეტყველებს, წინამძღვრად კი სამუელი უდგათ; და გადმოვიდა ღვთის სული საულის ხალხზე და აწინასწარმეტყველდნენ ისინიც.
- 21შეატყობინეს საულს და გაგზავნა სხვა შიკრიკები, მაგრამ ისინიც აწინასწარმეტყველდნენ. მესამედ გაგზავნა საულმა შიკრიკები და ისინიც აწინასწარმეტყველდნენ.
- 22მერე თვითონ გაემართა რამაში, მივიდა დიდ ჭასთან სექუში და იკითხა: "სად არიან სამუელი და დავითი?” უთხრეს: "რამას ნაიოთში”.
- 23წავიდა რამას ნაიოთისაკენ და მასზეც გადმოვიდა ღვთის სული და ისიც გაწინასწარმეტყველდა გზაში, ვიდრე მივიდოდა რამას ნაიოთში.
- 24გაიძრო სამოსელი და წინასწარმეტყველებდა სამუელის წინაშე; შიშველი იწვა მთელ იმ დღეს და მთელ ღამეს. ამიტომაც ამბობენ: "ნუთუ გაწინასწარმეტყველდაო საულიც?”
იტვირთება შემდეგი თავი