1 მეფეთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 26

  1. 1
    ადგა საული და სამი ათას რჩეულ ისრაელიანთან ერთად ჩავიდა ზიფის უდაბნოში, რათა იქ მოეძებნა დავითი.
  2. 2
    ხაქილის გორაკზე, იეშიმონის გასწვრივ, გზის პირას დაბანაკდა საული; დავითი უდაბნოში რჩებოდა და ხედავდა, როგორ მოვიდა მის კვალზე საული უდაბნოში.
  3. 3
    გაგზავნა დავითმა მზვერავები და დარწმუნდა, რომ ნამდვილად საული იყო მოსული.
  4. 4
    და მივიდა დავითი იმ ადგილას, სადაც საული იყო დაბანაკებული. დაინახა დავითმა ის ადგილი, სადაც საულსა და აბნერს, ნერის ძეს, მის მხედართმთავარს ეძინათ. შუაგულ ბანაკში იწვა საული და გარშემო მის ხალხს ეძინა.
  5. 5
    ჰკითხა დავითმა ახიმელექ ხეთელს და აბიშაის, ცერუიას ძეს, იოაბის ძმას: "ვინ ჩამომყვება საულთან ბანაკში?” უთხრა აბიშაიმ: "მე ჩამოგყვები”.
  6. 6
    ღამით მივიდნენ დავითი და აბიშაი ბანაკში და ხედავენ, აჰა, შუაგულ ბანაკში სძინავს საულს, შუბი კი სასთუმალთან ჩაურჭვია მიწაში. აბნერი და დანარჩენები მის გარშემო წვანან.
  7. 7
    უთხრა აბიშაიმ დავითს: "ღმერთმა ჩაგაგდებინა დღეს ხელში შენი მტერი. ნება მომეცი და ერთი დაკვრით დავაკლავ მიწას, მეორე დარტყმა აღარ დამჭირდება”.
  8. 8
    უთხრა დავითმა აბიშაის: "ნუ მოკლავ, რადგან უფლის ცხებულზე ხელის აღმმართველი დაუსჯელი არ დარჩება”.
  9. 9
    თქვა დავითმა: "უფალს ვფიცავ, თავად უფალი განგმირავს მას ან მისი დღე მოვა და მოკვდება, ან ომში წავა და დაიღუპება.
  10. 10
    ღმერთმა დამიფაროს, რომ უფლის ცხებულზე აღვმართო ხელი. ახლა აიღე მის სასთუმალთან დარჭობილი ეგ შუბი, წყლის ჭურჭელი და წავიდეთ აქედან”.
  11. 11
    აიღო დავითმა შუბი და წყლის ჭურჭელი საულის სასთუმლიდან და წავიდნენ თავის გზაზე. არავის დაუნახავს, არავის გაუგია, არც არავის გაღვიძებია, ყველას ეძინა, ვინაიდან ღრმა ძილი დასცემოდათ უფლისგან.
  12. 12
    და გადავიდა დავითი გაღმა, მეორე მხარეს; მთის წვერზე დადგა მოშორებით. დიდი მანძილი იყო მათ შორის.
  13. 13
    გასძახა დავითმა ხალხს და აბნერ ნერის ძეს: "ხმა გამეც, განა აბნერი არ ხარ?” მიუგო აბნერმა: "ვინა ხარ, მეფეს რომ ეძახი?”
  14. 14
    უთხრა დავითმა აბნერს: "ვაჟკაცი ხომ ხარ?! ვინ არის შენი მსგავსი ისრაელში? მაშ, რატომ არ დაიფარავ მეფეს, შენს ბატონს? ვიღაც მოსულა მეფის, შენი ბატონის მოსაკლავად.
  15. 15
    არ არის კარგი რაც გააკეთე. ვფიცავ უფალს, სიკვდილს იმსახურებთ, რომ არ იფარავთ თქვენს ბატონს, უფლის ცხებულს. ახლა მოძებნეთ, სად არის მეფის შუბი და წყლის ჭურჭელი, მის სასთუმალთან რომ იყო!”
  16. 16
    იცნო საულმა დავითის ხმა და უთხრა: "შენი ხმაა დავით, შვილო?” მიუგო დავითმა: "ჩემი ხმაა, მეფევ ბატონო!”
  17. 17
    კვლავ თქვა: "რად დევნის ჩემი ბატონი თავის მსახურს, რა ჩავიდინე ისეთი, რა ცოდვა მაწევს?
  18. 18
    ახლა მოისმინოს მეფე ბატონმა თავისი მსახურის სიტყვები: თუ უფალმა აღგძრა ჩემს წინააღმდეგ, კეთილსურნელოვანი იყოს ეს მსხვერპლი; ხოლო თუ ადამიანებმა - წყეულიმც იყვნენ ისინი უფლის წინაშე, რადგან მათ განმდევნეს მე დღეს, რომ მოვწყდომოდი უფლის სამკვიდროს. მითხრეს, წადი, უცხო ღმერთებს ემსახურეო.
  19. 19
    ნუ დაიღვრება ჩემი სისხლი მიწაზე უფლისგან შორს ყოფნისას, რადგან ერთი ბეწო რწყილის საძებრად გამოსულა ისრაელის მეფე, როგორც გნოლებზე ნადირობენ ხოლმე მთებში”.
  20. 20
    თქვა საულმა: "შევცოდე. დაბრუნდი, შვილო დავით, აღარ გიბოროტებ, რადგან ძვირფასი ყოფილა ჩემი სიცოცხლე შენს თვალში. უგუნურად ვიქცეოდი და დიდად ვცდებოდი”.
  21. 21
    მიუგო დავითმა და უთხრა: "აჰა, მეფის შუბი. გადმოვიდეს ვინმე ჭაბუკი და წაიღოს.
  22. 22
    უფალი მიუზღავს ყველას მისი სიმართლისა და ერთგულების წილ. დღეს ჩამიგდო შენი თავი ხელში უფალმა, მაგრამ არ ვინდომე უფლის ცხებულზე ხელის აღმართვა.
  23. 23
    აჰა, როგორც მე დავაფასე დღეს შენი სიცოცხლე, ასევე დააფასოს ჩემი სიცოცხლე უფალმა და მიხსნას ყოველგვარი გასაჭირისგან”.
  24. 24
    უთხრა საულმა დავითს: "კურთხეული იყავ, შვილო დავით! დიად საქმეებს აღასრულებ და კიდეც გაიმარჯვებ”. წავიდა დავითი თავის გზაზე და საულიც გაბრუნდა თავის სახლში.
  25. 25
    თქვა დავითმა გულში: "აჰა, ერთ დღესაც საულის ხელით დავიღუპები; უმჯობესია ფილისტიმელთა ქვეყანაში ვუშველო თავს; დაეკარგება ჩემი პოვნის იმედი მთელ ისრაელში და გადავურჩები მის ხელს”.
იტვირთება შემდეგი თავი