1 თესალონიკელთა მიმართ — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 5
- 1ხოლო დროზე და ვადებზე საჭირო არ არის რაიმე მოგწეროთ, ძმებო,
- 2ვინაიდან თქვენ თვითონაც დანამდვილებით იცით, რომ უფლის დღე ისე მოვა, როგორც ქურდი ღამით.
- 3რადგან როცა იტყვიან: მშვიდობა და უსაფრთხოებააო, მაშინ დაატყდებათ თავს მოულოდნელად განადგურება, როგორც ფეხმძიმეს მშობიარობის ტკივილები, და ვერ დააღწევენ თავს.
- 4მაგრამ, თქვენ, ძმებო, სიბნელეში არ იმყოფებით, რომ ქურდივით წამოგეწიოთ დღე.
- 5ვინაიდან თქვენ ყველანი სინათლის შვილები ხართ და დღის შვილები; არც ღამისანი ვართ და არც სიბნელისა.
- 6ამიტომ ნუ დავიძინებთ, როგორც სხვები, არამედ გვეღვიძოს და ვიფხიზლოთ.
- 7ვინაიდან მძინარეებს ღამღამობით სძინავთ და ლოთები ღამით თვრებიან.
- 8მაგრამ ჩვენ, რაკი დღის შვილები ვართ, ვიფხიზლოთ და შევიმოსოთ რწმენისა და სიყვარულის აბჯარი და ხსნის იმედის მუზარადი.
- 9რადგან ღმერთმა რისხვისთვის კი არ დაგვადგინა, არამედ ხსნის მისაღებად ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეშვეობით,
- 10რომელიც ჩვენთვის მოკვდა, რათა ჩვენ, გვღვიძავს თუ გვძინავს, მასთან ერთად ვიცოცხლოთ.
- 11ამიტომ შეაგონეთ ერთმანეთს, და აღაშენეთ ერთმანეთი, როგორც იქცევით კიდეც.
- 12გთხოვთ ძმებო, პატივი ეცით მომსახურეთ თქვენ შორის, თქვენს წინამძღოლთ უფალში და თქვენს დამრიგებელთ;
- 13უაღრესი სიყვარული გამოიჩინეთ მათდამი, მათი საქმის გამო; მშვიდობა გქონდეთ ერთმანეთში;
- 14და, აჰა, შეგაგონებთ თქვენ, ძმებო, დაარიგეთ უწესონი, ანუგეშეთ სულმოკლენი, მხარი დაუჭირეთ უძლურებს და სულგრძელნი იყავით ყველას მიმართ.
- 15თვალი გეჭიროთ, რომ ბოროტის წილ ვინმეს ბოროტი არავინ მიაგოს; არამედ მუდამ ეცადეთ სიკეთეს მისდიოთ, ერთმანეთის მიმართ იქნება ეს, თუ ყველას მიმართ.
- 16იხარეთ მუდამ.
- 17ილოცეთ განუწყვეტლივ.
- 18მადლიერნი იყავით ყველაფრისთვის, რადგან ეს არის ღმერთის ნება თქვენთვის ქრისტე იესოში.
- 19სულს ნუ ჩააქრობთ.
- 20წინასწარმეტყველებას ნუ დაამცირებთ,
- 21არამედ ყველაფერი გამოსცადეთ და კეთილს ჩაეჭიდეთ.
- 22ერიდეთ ყოველგვარ ბოროტებას.
- 23თავად მშვიდობის ღმერთმა კი წმიდაგყოთ სრულად და მთლიანად, რათა თქვენი სული, სამშვინველი და სხეული დაცულ იქნეს უბიწოდ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისთვის.
- 24ერთგულია, ვინც მოგიწოდათ, რომელიც აღასრულებს კიდეც ამას.
- 25ძმებო, ილოცეთ ჩვენთვის.
- 26მოიკითხეთ ყველა ძმა წმიდა ამბორით.
- 27გაფიცებთ უფალს, ეს წერილი ყველა ძმას წაუკითხეთ.
- 28ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი თქვენთან, ამინ!