1 ტიმოთეს მიმართ — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
თავი 1
- 1პავლე, ქრისტე იესოს მოციქული, ჩვენი მხსნელი ღმერთისა და ჩვენი იმედის, იესო ქრისტეს ბრძანებით.
- 2ტიმოთეს, ჭეშმარიტ შვილს რწმენაში: მადლი, წყალობა და მშვიდობა მამა ღმერთისა და ჩვენი უფლის, ქრისტე იესოსგან.
- 3მაკედონიაში გამგზავრებამდე გთხოვე ეფესოში დარჩენილიყავი, რათა ზოგიერთებისთვის გემცნო, რომ არ ასწავლონ განსხვავებული მოძღვრება.
- 4ყურადღებას ნუ გაამახვილებენ მითებსა და დაუსრულებელ საგვარტომო ნუსხებზე, რომლებიც დავას უფრო იწვევენ, ვიდრე ღვთიურ მეურვეობას რწმენაში.
- 5ხოლო მცნების მიზანია წმიდა გულით, კეთილი სინდისითა და უპირფერო რწმენით სიყვარული,
- 6რასაც ზოგიერთები ასცდნენ და გადაუხვიეს ამაო ლაყბობისკენ.
- 7რჯულის მოძღვრობა სწადიათ, თუმცა არ გაეგებათ, რას ლაპარაკობენ და რას ამტკიცებენ.
- 8ხოლო ჩვენ ვიცით, რომ რჯული მაშინ არის კეთილი, თუ ვინმე კანონიერად იყენებს მას.
- 9ვიცით, რომ რჯული დადგენილია არა მართალთათვის, არამედ ურჯულოთა და ურჩთა, უღმერთოთა და ცოდვილთა, გარყვნილთა და ბილწთა, მამისმკვლელთათვის, დედისმკვლელთათვის და კაცისმკვლელთათვის;
- 10მეძავთა და მამათმავალთა, კაცისმპარავთა და ცრუთა, ფიცის გამტეხთა და ყველა სხვათათვის, საღ მოძღვრებას რომ ეწინააღმდეგებიან.
- 11თანახმად კურთხეული ღმერთის დიდებული სახარებისა, მე რომ მაქვს მონდობილი.
- 12მადლიერი ვარ მისი, ვინც ძალა მომცა, ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, რომელმაც ერთგულად მიმიჩნია და მსახურებაში განმაწესა.
- 13მე, რომელიც უწინ მგმობელი, მდევნელი და შეურაცხმყოფელი ვიყავი, მაგრამ შეწყალებულ ვიქენი, ვინაიდან უმეცრებით და ურწმუნოებით ვაკეთებდი ამას.
- 14თუმცა ჩვენი უფლის მადლმა უფრო მეტად იმრავლა რწმენითა და სიყვარულით ქრისტე იესოში.
- 15სარწმუნოა და ყოველგვარი მიღების ღირსია სიტყვა, რომ ქრისტე იესო მოვიდა ქვეყნიერებაზე ცოდვილთა გადასარჩენად, რომელთა შორის პირველი მე ვარ.
- 16სწორედ იმიტომ ვიქენი შეწყალებული, რომ იესო ქრისტეს ჯერ ჩემში ეჩვენებინა მთელი სულგრძელება სანიმუშოდ მათთვის, რომლებიც ირწმუნებენ მას საუკუნო სიცოცხლისთვის.
- 17ხოლო საუკუნეთა მეფეს, უხრწნელ, უხილავ, ერთადერთ ღმერთს - მას დიდება და პატივი უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
- 18ამ მცნებას შენ განდობ, შვილო ტიმოთე, შენზე მოვლენილი უწინდელი წინასწარმეტყველების თანახმად, რათა მისი მეშვეობით იომო, როგორც კეთილმა მეომარმა,
- 19გქონდეს რწმენა და კეთილი სინდისი, რაც ზოგიერთმა უარყო და, რამაც დაამსხვრია მათი რწმენის ხომალდი.
- 20მათგან არიან ჰიმენევსი და ალექსანდრე, რომლებიც სატანას გადავეცი, რათა ისწავლონ და აღარ დაგმონ.
იტვირთება შემდეგი თავი