1 ტიმოთეს მიმართ — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 6
- 1უღელქვეშ მყოფი მონები ყოველგვარი პატივის ღირსად უნდა თვლიდნენ თავიანთ ბატონებს, რათა არ იგმობოდეს ღვთის სახელი და მოძღვრება.
- 2ის კი, ვისაც მორწმუნე ბატონი ჰყავს, ნუ უგულებელჰყოფს მას, აქაოდა ძმა არისო, არამედ უფრო მეტად ემსახუროს, ვინაიდან მორწმუნენი - საყვარელნი და ქველმოქმედნი არიან. ეს ასწავლე და შეაგონე.
- 3ვინც სხვანაირად ასწავლის და არ მიჰყვება ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ჯანსაღ სიტყვებსა და ღვთისმოსაობის სწავლებას,
- 4ის ამპარტავანია და არაფერი იცის, მხოლოდ კამათისა და პაექრობის სენი სჭირს, საიდანაც წარმოიშობა შური, დავა, გმობა და ბოროტი ეჭვი,
- 5ფუჭი კამათი გარყვნილი გონების მქონე და ჭეშმარიტებას მოკლებულ კაცთა შორის, რომელთაც ღვთისმოსაობა მოსახვეჭი რამ ჰგონიათ. ერიდე ასეთ ადამიანებს.
- 6აჰა, დიადი შენაძენია ღვთისმოსაობა კმაყოფილებასთან ერთად!
- 7რადგან არც არაფერი მოგვიტანია წუთისოფლად და ვერც ვერაფერს წავიღებთ მისგან.
- 8ამიტომ თუ საზრდო და ტანსაცმელი გვაქვს, დავჯერდეთ ამას.
- 9გამდიდრების მსურველნი კი ცვივიან განსაცდელსა და მახეში, ასევე მრავალ ბრიყვულ და მავნე გულისთქმაში, რომლებიც გასანადგურებლად და დასაღუპად ითრევენ ადამიანს;
- 10ვინაიდან ვერცხლისმოყვარეობაა ყოველგვარი ბოროტების ფესვი და ზოგიერთები, ვინც ამან გაიტაცა, განშორდნენ რწმენას და თავიანთ თავს მრავალი ტკივილი მიაყენეს.
- 11შენ კი, ღვთის კაცო, გაერიდე ამას და მისდიე სიმართლეს, ღვთისმოსაობას, რწმენას, სიყვარულს, მოთმინებასა და სიმშვიდეს.
- 12იბრძოლე რწმენის კეთილი ბრძოლით, ჩაეჭიდე მარადიულ სიცოცხლეს, რომლისკენაც ხარ მოწოდებული, და მრავალი მოწმის წინაშე აღიარე კეთილი აღსარება.
- 13გამცნებ შენ ღვთის წინაშე, რომელიც აცოცხლებს ყოველს, და ქრისტე იესოს წინაშე, რომელმაც დაამოწმა კეთილი აღსარება პონტოელი პილატეს წინაშე,
- 14დაიცავი მცნება უბიწოდ და უმწიკვლოდ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს გამოჩენამდე,
- 15რასაც თავის დროზე წარმოაჩენს კურთხეული და ერთადერთი ხელმწიფე, მეფეთა მეფე და უფალთა უფალი,
- 16ერთადერთი, ვისაც უკვდავება აქვს და მკვიდრობს მიუღწეველ სინათლეში, რომელიც არავის უხილავს ადამიანთაგან და არც ძალუძს მისი ხილვა; მას პატივი და საუკუნო ხელმწიფება, ამინ!
- 17მდიდრებს ამ წუთისოფელში ამცნე, რომ არ გადიდგულდნენ, ნურც მაცდურ სიმდიდრეზე დაიმედდებიან, არამედ - ცოცხალ ღმერთზე, რომელიც ყველაფერს უხვად იძლევა გასახარად,
- 18ქველმოქმედებისა და კეთილი საქმეებით გამდიდრებისთვის, რათა გულუხვნი იყვნენ და გამზიარებელნი.
- 19დაიუნჯებენ რა მტკიცე საძირკვლად მომავლისთვის, რათა მიიღონ ჭეშმარიტი სიცოცხლე.
- 20ო, ტიმოთე, გაუფრთხილდი მობარებულს, განერიდე ამქვეყნიურ ლაყბობას და ეგრეთწოდებული მოძღვრების უკუღმართ დებულებებს,
- 21ზოგიერთებმა რომ აღიარეს და რწმენას ჩამოშორდნენ. მადლი შენთან, ამინ!