2 ნეშტთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 36

  1. 1
    გამოიყვანა ქვეყნის ხალხმა იეჰოახაზი, იოშიას ძე და მამამისის ნაცვლად გაამეფა იერუსალიმში.
  2. 2
    ოცდასამი წლის იყო იეჰოახაზი გამეფებისას და სამ თვეს მეფობდა იერუსალიმში.
  3. 3
    ეგვიპტის მეფემ გადააყენა იერუსალიმის ტახტიდან და ხარკი დააკისრა ქვეყანას - ასი ტალანტი ვერცხლი და ერთი ტალანტი ოქრო.
  4. 4
    მისი ძმა, ელიაკიმი გაამეფა ეგვიპტის მეფემ იუდასა და იერუსალიმზე; სახელი იეჰოიაკიმად შეუცვალა. მისი ძმა, იეჰოახაზი კი ეგვიპტეში წაიყვანა ნექომ.
  5. 5
    ოცდახუთი წლისა იყო იეჰოიაკიმი თავისი გამეფებისას და თერთმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. ბოროტს სჩადიოდა უფლის, თავისი ღმერთის თვალში.
  6. 6
    გამოვიდა მის წინააღმდეგ ნაბუქოდონოსორი, ბაბილონის მეფე და შებორკა იგი, რათა ბაბილონში წაეყვანა.
  7. 7
    უფლის ტაძრის ჭურჭლის ნაწილიც ბაბილონში გადაიტანა და იქ, თავის ტაძარში მოათავსა.
  8. 8
    იეჰოიაკიმის დანარჩენი საქმენი და სისაძაგლენი, რაც ჩაიდინა და რაც თავის საწინააღმდეგოდ აღმოჩნდა, აჰა, ისრაელისა და იუდას მეფეთა წიგნშია აღწერილი. მის ნაცვლად კი მისი ძე, იეჰოიაქინი გამეფდა.
  9. 9
    რვა წლის იყო იეჰოიაქინი გამეფებისას და სამ თვესა და ათ დღეს მეფობდა იერუსალიმში. ბოროტს სჩადიოდა უფლის, თავისი ღმერთის თვალში.
  10. 10
    წარგზავნა წლის შემობრუნებისას მეფე ნაბუქოდონოსორმა თავისი მსახურნი მის წამოსაყვანად და მიიყვანეს იგი ბაბილონში უფლის ტაძრის ძვირადღირებულ ჭურჭელთან ერთად. იუდასა და იერუსალიმზე კი ციდკია, მისი ძმა გაამეფა.
  11. 11
    ოცდაერთი წლისა იყო ციდკია თავისი გამეფებისას და თერთმეტ წელს მეფობდა იერუსალიმში.
  12. 12
    ბოროტს სჩადიოდა უფლის, თავისი ღმერთის თვალში. არ დაიმდაბლა თავი იერემიას წინაშე, რომელიც უფლის სიტყვას წინასწარმეტყველებდა.
  13. 13
    მეფე ნაბუქოდონოსორსაც განუდგა, რომელმაც ღვთის წინაშე დააფიცა. გაჯიუტდა და გული გაიქვავა, რათა არ დაბრუნებულიყო უფალთან, ისრაელის ღმერთთან.
  14. 14
    ასევე უფროსი მღვდლები და ხალხის ყველა მთავარიც ბევრს სცოდავდა წარმართთა ყოველი სისაძაგლისამებრ და შებილწეს უფლის სახლი, რომელიც გაწმიდა მან იერუსალიმში.
  15. 15
    გამუდმებით უგზავნიდა უფალი, მათი მამების ღმერთი, თავის მოციქულებს, რადგან ებრალებოდა თავისი ხალხი და თავისი სამყოფელი.
  16. 16
    და დასცინოდნენ ღვთის მოციქულებს, აბუჩად იგდებდნენ მის სიტყვებს და სასაცილოდ იგდებდნენ მის წინასწარმეტყველთ, ვიდრე არ ამაღლდა უფლის რისხვა თავის ხალხზე, ისე რომ კურნება აღარ დარჩა მათთვის.
  17. 17
    ქალდეველთა მეფე მოავლინა მათზე და მათივე საწმიდრის სახლში გაუჟლიტა მახვილით ყმაწვილები. არ შებრალებია არც ჭაბუკი, არც ქალწული, არც ასაკოვანი, არც მხცოვანი; ყველანი მის ხელს გადასცა ღმერთმა.
  18. 18
    ღვთის ტაძრის მთელი ჭურჭელი, დიდი და მცირე და უფლის სახლის, მეფისა და მისი მთავრების საუნჯენი, ყველაფერი ბაბილონში წაიღო.
  19. 19
    ღვთის სახლი გადაწვეს და იერუსალიმის გალავანი დაანგრიეს; ყველა გამაგრებული სასახლე ცეცხლით დაწვეს და ყოველივე ძვირადღირებული მოსპეს.
  20. 20
    მახვილს გადარჩენილნი ბაბილონისკენ გარეკა და იყვნენ ისინი მისთვის და მისი ძეებისთვის მსახურებად, სპარსეთის მეფობის დამყარებამდე.
  21. 21
    რათა აღსრულებულიყო იერემიას პირით ნათქვამი უფლის სიტყვა: „ვიდრე არ დაკმაყოფილდება მიწა თავისი შაბათებით, გაუკაცრიელების მთელი დღეების განმავლობაში, სამოცდაათი წლის შესრულებამდე”.
  22. 22
    კიროსის, სპარსეთის მეფის პირველ წელს, რათა აღსრულებულიყო იერემიას პირით ნათქვამი უფლის სიტყვა, აღძრა უფალმა კიროსის, სპარსეთის მეფის სული და ხმაც გაავრცელა და წერილობითაც განაცხადა მთელ თავის სამეფოში:
  23. 23
    ასე ამბობსო კიროსი, სპარსეთის მეფე: „დედამიწის ყველა სამეფო მომცა უფალმა, ზეციერმა ღმერთმა და მიბრძანა, რომ სახლი ავუშენო იუდეის იერუსალიმში; თუ ვინმე არის თქვენ შორის მისი ხალხიდან, უფალი, მისი ღმერთი იყოს მასთან, შეუძლია წავიდეს!
2 ნეშტთა 36 — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015 · სიტყვა