2 კორინთელთა მიმართ — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 9
- 1თუმცა ზედმეტად მიმაჩნია მოგწეროთ წმიდანთა მომსახურებაზე.
- 2რადგან ვიცი თქვენი გულმოდგინება და ვიკვეხნი კიდეც თქვენით მაკედონელთა წინაშე, რომ აქაია შარშანდელს აქეთ მზად არის-მეთქი; ასე, რომ მრავალი წახალისდა თქვენი მოშურნეობით.
- 3ძმები კი იმისთვის გამოვგზავნე, რომ ფუჭი არ აღმოჩნდეს ჩვენი კვეხნა თქვენით ამ საქმეში და რათა მზად იყოთ, როგორც ვთქვი.
- 4რათა, როცა მაკედონელნი მოვლენ ჩემთან ერთად, მოუმზადებლები არ გპოვონ და არ შევრცხვეთ; არ ვამბობ თქვენ არ შერცხვეთ-მეთქი, რადგან ასე დაბეჯითებით ჩვენ დავიკვეხნეთ.
- 5ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე მეთხოვა ძმებისთვის, რომ წინასწარ მოსულიყვნენ თქვენთან და გაემზადებინათ თქვენგან უკვე აღთქმული ძღვენი, რათა მზად ყოფილიყო როგორც კეთილი ნების და არა როგორც ნაძალადევი საჩუქარი.
- 6იმასაც გეტყვით, რომ ვინც ძუნწად თესავს, ის ძუნწად მოიმკის, ხოლო ვინც უხვად თესავს, ის უხვად მოიმკის.
- 7თითოეულმა გაიღოს ისე, როგორც გულით განეწყო, არც მწუხარებითა და არც ძალდატანებით; ვინაიდან ღმერთს სიხარულით გამცემი უყვარს;
- 8ღმერთს კი ძალუძს სიუხვე მოგცეთ ყოველგვარ მადლში, რათა ყველაფერში ყოველივეს საკმარისად მქონენი, უხვნი იყოთ ყოველი კეთილი საქმისთვის.
- 9როგორც სწერია: გაფლანგა, ღარიბებს დაურიგა; მისი სიმართლე რჩება უკუნისამდე!
- 10ხოლო ის, ვინც თესლს აძლევს მთესველს და პურს - საჭმელად, მოგცემთ და გაამრავლებს თქვენს თესლს და გაზრდის თქვენი სიმართლის ნაყოფს,
- 11რათა ყველაფერში გამდიდრდეთ ყოველგვარი ხელგაშლილობისთვის, რაც ჩვენი მეშვეობით ღვთისადმი მადლიერებას გამოიწვევს.
- 12ვინაიდან ამ საქმის მსახურება არა მარტო ავსებს წმიდანთა ნაკლებობას, არამედ ღვთისადმი მადლიერებასაც ამრავლებს;
- 13რადგან ხედავენ რა ამ მსახურებას, ღმერთს ადიდებენ თქვენს მიერ ქრისტეს სახარების მორჩილებისა და აღიარების გამო, აგრეთვე ხელგაშლილობისა და იმ წრფელი მოზიარეობის გამო, რასაც არა მხოლოდ მათდამი, არამედ ყველას მიმართ ავლენთ.
- 14თქვენთვის ლოცულობენ და თქვენკენ მოილტვიან ისინი ღვთის იმ მადლის გამო, რაც აღმატებულად არის თქვენში.
- 15და მადლობა ღმერთს მისი ენითაღუწერელი საჩუქრისთვის.
იტვირთება შემდეგი თავი