4 მეფეთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 24
- 1მის დღეებში გამოვიდა ნაბუქოდონოსორი, ბაბილონის მეფე; სამი წელი მისი მსახური იყო იეჰოიაკიმი, მერე ზურგი აქცია და განუდგა.
- 2აგზავნიდა ხოლმე უფალი იუდას დასაღუპად ქალდეველთა, არამელთა, მოაბელთა და ყამონის ძეთა ურდოებს, იმ სიტყვისამებრ, რომელიც წინასწარმეტყველთა მეშვეობით ჰქონდა ნათქვამი.
- 3უცილობლად უფლის ბრძანებით ეშვებოდა ეს რისხვა იუდაზე, რათა თავისგან განეშორებინა იგი მენაშეს ჩადენილი ყოველი ცოდვის გამო.
- 4იმ უდანაშაულო სისხლის გამო, რომელიც დაღვარა მან და აღავსო მისით იერუსალიმი; არ ინება უფალმა ამის პატიება.
- 5იეჰოიაკიმის დანარჩენი საქმენი და ყოველივე, რაც გააკეთა, განა იუდას მეფეთა მატიანეს წიგნში არაა აღწერილი?
- 6განისვენა იეჰოიაკიმმა თავის მამებთან. მის ნაცვლად მისი ძე, იეჰოიაქინი გამეფდა.
- 7აღარ გამოსულა ეგვიპტის მეფე თავისი ქვეყნიდან, რადგან ბაბილონის მეფემ დაიპყრო ეგვიპტის საკუთრება, მისი ხევიდან მდინარე ევფრატამდე, ყველაფერი რაც ეგვიპტის მეფეს ეკუთვნოდა.
- 8თვრამეტი წლის იყო იეჰოიაქინი, როცა გამეფდა და სამ თვეს იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო ნეხუშთა, ელნათანის ასული, იერუსალიმიდან.
- 9მამამისივით ბოროტად იქცეოდა უფლის თვალში.
- 10იმ დღეებში მოვიდნენ იერუსალიმში ნაბუქოდონოსორის, ბაბილონის მეფის მებრძოლნი და ალყაში მოიქციეს ქალაქი.
- 11მოვიდა თავისი მებრძოლებით გარემოცული ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი ქალაქში.
- 12გამოვიდა იუდას მეფე იეჰოიაქინი, ბაბილონის მეფესთან - ის, დედამისი, მისი მსახურნი, მთავარნი და საჭურისნი; წაიყვანა იგი ბაბილონის მეფემ თავისი გამეფების მერვე წელს.
- 13თან გაიტანა ქალაქიდან უფლის ტაძრისა და სამეფო სასახლის მთელი საუნჯენი, როგორც უფალმა თქვა; დაამსხვრია ოქროს ყოველი ჭურჭელი, რომელიც სოლომონმა, ისრაელის მეფემ გააკეთა უფლის ტაძრისთვის.
- 14გაასახლა მთელი იერუსალიმი: ყოველი მთავარი, მამაცი მეომარი, ხელოსანი და მჭედელი - სულ ათი ათასი კაცი; არავინ დარჩენილა ქვეყნის ღარიბი ხალხის გარდა.
- 15იეჰოიაქინი ბაბილონში გადაასახლა; მეფის დედა, ცოლები, საჭურისნი და ქვეყნის ძლიერნი წაიყვანა იერუსალიმიდან ბაბილონის დევნილობაში.
- 16ყველა ძლიერი, შვიდი ათასამდე ბრძოლისუნარიანი, ათასი ხელოსანი და მჭედელი, ყოველი მამაცი და ბრძოლისთვის გამოსადეგი, ბაბილონის დევნილობაში წაიყვანა ბაბილონის მეფემ.
- 17მათანია, იეჰოიაქინის ბიძა გაამეფა ბაბილონის მეფემ მის ნაცვლად. სახელი შეუცვალა და ციდკიაჰუ დაარქვა.
- 18ოცდაერთი წლის იყო ციდკიაჰუ, როცა გამეფდა და თერთმეტი წელიწადი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო ლიბნელი ხამუტალი, ირმიაჰუს ასული.
- 19ყველაფერში იეჰოიაქინივით ბოროტად იქცეოდა უფლის თვალში.
- 20რადგან უფლის რისხვა იყო ეს უბედურება იერუსალიმსა და იუდაზე რომ მოვიდა, სანამ განიდევნებოდა იგი უფლისგან. აუჯანყდა ციდკიაჰუ ბაბილონის მეფეს.
იტვირთება შემდეგი თავი