2 ტიმოთეს მიმართ — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 2
- 1ჰოდა, ჩემო შვილო, გაძლიერდი მადლში, ქრისტე იესოში რომ არის.
- 2და რაც მრავალი მოწმის თანდასწრებით მოისმინე ჩემგან, ის გადაეცი ერთგულ ადამიანებს, რომელთაც სხვათა განსწავლის უნარიც ექნებათ.
- 3ტანჯვაშიც ეზიარე, როგორც იესო ქრისტეს კეთილმა მეომარმა.
- 4არც ერთი მეომარი არ შეიბორკება ცხოვრებისეული საქმეებით, რათა ასიამოვნოს მხედართმთავარს.
- 5ხოლო, კიდეც რომ იასპარეზოს ვინმემ, გვირგვინს ვერ მიიღებს, თუ წესების გარეშე იასპარეზებს.
- 6მიწის მუშაკი პირველი უნდა ეზიაროს ნაყოფებს.
- 7დაფიქრდი ჩემს ნათქვამზე, რადგან უფალი მოგცემს გაგებას ყველაფერში.
- 8გახსოვდეს იესო ქრისტე დავითის თესლისგან, მკვდრეთით აღმდგარი ჩემი სახარების მიხედვით.
- 9ვისთვისაც ვიტანჯები თვით ბორკილებამდე, როგორც ბოროტმოქმედი, მაგრამ ღვთის სიტყვა არ იბორკება.
- 10ამიტომ ყოველივეს ვითმენ რჩეულებისთვის, რათა მათაც მიიღონ გადარჩენა ქრისტე იესოში, საუკუნო დიდებასთან ერთად.
- 11სარწმუნოა სიტყვა - თუ მასთან ერთად დავიხოცეთ, მასთან ერთად ვიცოცხლებთ კიდეც!
- 12თუ მოვითმენთ, მასთან ერთად ვიმეფებთ კიდეც! თუ უარვყოფთ, ისიც უარგვყოფს ჩვენ!
- 13თუ ჩვენ არ ვერწმუნებით, ის მაინც სარწმუნოდ რჩება, ვინაიდან არ ძალუძს საკუთარი თავის უარყოფა.
- 14ეს გახსოვდეს, ღვთის წინაშე დამოწმებისას ნუ იკინკლავებთ, რადგან სრულიად უსარგებლოა და ანადგურებს მსმენელთ.
- 15ესწრაფე წარუდგინო ღმერთს შენი თავი გამონაცად, შეურცხვენელ მუშაკად, ჭეშმარიტების სიტყვის სწორად გადამცემად.
- 16მოერიდე ბილწ და ფუჭ მოლაყბეებს, რომლებიც სულ უფრო მიიწევენ უღმერთობისკენ.
- 17მათი სიტყვა მთქვლეფავი სრსვილივითაა; ასეთები არიან ჰიმენევსი და ფილეტოსი,
- 18რომლებიც განუდგნენ ჭეშმარიტებას და ამბობენ, აღდგომა უკვე იყოო და აუკუღმართებენ ზოგიერთების რწმენას.
- 19ღვთის მტკიცე საფუძველი კი ურყევი რჩება და აქვს ეს ბეჭედი: "იცნო უფალმა თავისიანები და განუდგეს უსამართლობას ყველა, ვინც აღიარებს უფლის სახელს”.
- 20დიდ სახლში მხოლოდ ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი არ არის, ასევეა ხისა და თიხისაც, ზოგი საპატიოდ სახმარი, ზოგიც - არასაპატიოდ.
- 21ამრიგად, ვინც ამათგან გასუფთავდება, ის იქნება პატივდებული ჭურჭელი, განწმედილი და ხელმწიფისთვის სახმარი, გამზადებული ყოველი კეთილი საქმისთვის.
- 22ყმაწვილკაცურ გულისთქმებს გაექეცი. მისდიე სიმართლეს, რწმენას, სიყვარულს, მშვიდობას ყველასთან, ვინც სუფთა გულით მოუხმობს უფალს.
- 23სულელურ და უმეცარ პაექრობებს მოერიდე, იცოდე, რომ ისინი მხოლოდ უთანხმოებებს ბადებენ.
- 24მონას ღვთისას კი ჩხუბი არ მართებს, არამედ შემწყნარე უნდა იყოს ყველას მიმართ და მოთმინებით დამმოძღვრავი.
- 25სიმშვიდით არწმუნებდეს მოწინააღმდეგეთ, იქნებ მისცეს მათ უფალმა მონანიება ჭეშმარიტების შესაცნობად,
- 26რათა გონს მოეგონ და გათავისუფლდნენ ეშმაკის მახიდან, რომელმაც საკუთარი ნებისამებრ დაატყვევა ისინი.
იტვირთება შემდეგი თავი