2 ტიმოთეს მიმართ — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 4
- 1გიმოწმებ ღვთისა და ქრისტე იესოს წინაშე, რომელიც განიკითხავს ცოცხლებსა და მკვდრებს თავისი მოსვლითა და თავისი სამეფოთი,
- 2რომ დაჟინებით იქადაგო სიტყვა მოსახერხებელ და მოუხერხებელ დროს, ამხილო, შერისხო, შეაგონო მთელი სულგრძელობითა და სწავლებით.
- 3ვინაიდან დადგება დრო, როცა საღ მოძღვრებას ვეღარ აიტანენ, არამედ თავიანთი გულისთქმებისამებრ შემოიკრებენ ყურის მომქავებელ მასწავლებლებს.
- 4ჭეშმარიტებას ყურს აარიდებენ და ზღაპრებისკენ მიმართავენ.
- 5შენ კი ფხიზლად იყავი ყველაფერში, ტანჯვას გაუძელი, აკეთე მახარებლის საქმე, აღასრულე შენი მსახურება.
- 6ვინაიდან მე უკვე ვიღვრები შესაწირივით, დადგა ჩემი წასვლის ჟამი.
- 7კეთილი ღვაწლით ვიღვაწე, განვვლე ასპარეზი, რწმენა შევინარჩუნე.
- 8ახლა კი მომელის სიმართლის გვირგვინი, რომელსაც მომცემს იმ დღეს უფალი, მართალი მსაჯული; და არა მარტო მე, არამედ ყველას, ვისაც უყვარს მისი გამოჩენა.
- 9ისწრაფე, რომ მალე მოხვიდე ჩემთან.
- 10ვინაიდან დემასმა შეიყვარა ეს წუთისოფელი, მიმატოვა და წავიდა თესალონიკეს, კრესკესი - გალატიას, ტიტე - დალმატიას;
- 11მარტო ლუკაღა არის ჩემთან. აიყვანე მარკოზი და თან წამოიყვანე, ვინაიდან მსახურებისთვის მჭირდება.
- 12ტვიქიკოსი ეფესოში მივავლინე.
- 13მოსასხამი, ტროაში რომ დავტოვე კარპესთან, წამომიღე, როცა მოხვალ; აგრეთვე წიგნები და უფრო მეტად - პერგამენტები.
- 14მესპილენძე ალექსანდრემ დიდად მიბოროტა. უფალმა მიუზღოს მისი საქმეების მიხედვით.
- 15შენც უფრთხილდი მას, ვინაიდან ძალიან ეწინააღმდეგება ჩვენს სიტყვებს.
- 16როცა პირველად ვიცავდი თავს, არავინ იყო ჩემთან, ყველამ მიმატოვა. ნუ ჩაეთვლებათ მათ.
- 17მე კი, უფალი ამომიდგა მხარში და გამაძლიერა, რათა ჩემი მეშვეობით გასრულდეს ქადაგება და მოისმინოს ყველა წარმართმა; და თავი დავაღწიე ლომის ხახას.
- 18გამომიხსნის უფალი ბოროტის ყოველი საქმისგან და დამიფარავს თავისი ზეციური სამეფოსთვის. დიდება მას უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
- 19მომიკითხე პრისკილა და აკვილა და ონისიფორეს სახლეული.
- 20ერასტოსი კორინთოში დარჩა, ხოლო ტროფიმოსი ავადმყოფი დავტოვე მილეტში.
- 21ისწრაფე, რომ ზამთრამდე მოხვიდე. მოგიკითხავენ ევბულოსი და პუდენსი, ლინოსი, კლავდია და ყველა ძმა.
- 22უფალი იყოს შენს სულთან. მადლი თქვენთან, ამინ!