მოციქულთა საქმეები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
თავი 1
- 1პირველი წიგნი, თეოფილე, შევადგინე ყოველივე იმის შესახებ, რისი კეთება და სწავლებაც დაიწყო იესომ.
- 2იმ დღემდე, ვიდრე ამაღლდებოდა, სულიწმიდით აძლევდა დავალებებს მოციქულებს, რომლებიც ამოირჩია,
- 3რომელთაც ცოცხლად წარუდგა თავისი ტანჯვის შემდეგ მრავალი სარწმუნო ნიშნით; იგი ორმოც დღეს ეჩვენებოდა და ღმერთის სამეფოზე ელაპარაკებოდა მათ.
- 4შეკრიბა ისინი და დაავალა: "იერუსალიმს ნუ გაშორდებით, არამედ დაელოდეთ მამის მიერ აღთქმულს, ჩემგან რომ მოისმინეთ;
- 5რადგან იოანე წყლით ნათლავდა, თქვენ კი, არცთუ მრავალი დღის შემდეგ, მოინათლებით სულიწმიდით”.
- 6ამიტომ შეკრებილნი ეკითხებოდნენ მას: "უფალო, ამ დროს ხომ არ აღუდგენ ისრაელს სამეფოს?”
- 7უთხრა მათ: "თქვენ არ გეხებათ დროების ან ვადების ცოდნა, რომელიც მამამ დაადგინა თავისი ხელმწიფებით.
- 8არამედ თქვენ მიიღებთ ძალას, როცა გადმოვა სულიწმიდა თქვენზე და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და დედამიწის კიდემდე”.
- 9ეს თქვა და მათ თვალწინ ამაღლდა და ღრუბელმა მოაფარა მათ თვალთაგან.
- 10მის ცად ამაღლებას რომ უყურებდნენ, აჰა, ორი კაცი წარუდგა მათ თეთრ სამოსელში.
- 11უთხრეს: "გალილეველო კაცებო, რას დგახართ და შეჰყურებთ ზეცას? ეს იესო, რომელიც თქვენგან ამაღლდა ზეცად, ისევ მოვა იმგვარადვე, როგორც იხილეთ ზეცად აღმავალი”.
- 12მაშინ დაბრუნდნენ იერუსალიმში ზეთისხილისად წოდებული მთიდან, იერუსალიმის ახლოს, შაბათის გზის მანძილზე რომ მდებარეობს.
- 13შესვლისთანავე ავიდნენ ზედა ოთახში, სადაც იყვნენ გაჩერებულნი ისინი: პეტრე და იოანე, იაკობი და ანდრია, ფილიპე და თომა, ბართლომე და მათე, იაკობ ალფეს ძე და სიმონ ზილოტი და იუდა იაკობისა.
- 14ყველანი ერთსულოვნად გამუდმებულ ლოცვა-ვედრებაში იყვნენ დედაკაცებთან, იესოს დედასთან, მარიამთან და მის ძმებთან ერთად.
- 15იმ დღეებში ადგა პეტრე შეკრებილ ძმებს შორის - სულ ას ოცამდე კაცი იქნებოდა - და თქვა:
- 16"კაცნო, ძმანო! უნდა ასრულებულიყო წერილი, სულიწმიდამ, დავითის პირით, წინასწარ რომ თქვა იუდაზე, იესოს შემპყრობელთ რომ წარუძღვა წინ,
- 17ვინაიდან იგი ჩვენ შორის იყო ჩარიცხული და წილი შეხვდა ამ მსახურებისა.
- 18ხოლო მან უმართლობის საზღაურით შეიძინა მიწა და, ძირს რომ დაენარცხა, შუაზე გასკდა და მთელი შიგნეულობა გადმოეყარა.
- 19ცნობილი გახდა ეს იერუსალიმის ყველა მკვიდრისთვის, ასე რომ, მათ საკუთარ ენაზე იმ მიწას ხაკალ-დამა, ანუ სისხლის მიწა ეწოდა.
- 20ვინაიდან წერია ფსალმუნთა წიგნში: გატიალდეს მისი სახლ-კარი, ნუ იქნება მასში მკვიდრი; და მისი მსახურება სხვამ მიიღოს.
- 21ამგვარად, საჭიროა, რომ ერთი იმ კაცთაგანი, მუდამ თან რომ გვახლდნენ, როცა ჩვენს შორის მიმოდიოდა უფალი იესო,
- 22იოანეს ნათლისცემიდან მოყოლებული ჩვენგან მისი ამაღლების დღემდე, შემოგვიერთდეს, რათა ჩვენთან ერთად გახდეს მისი აღდგომის მოწმე”.
- 23და დააყენეს ორნი - იოსები, ბარსაბად წოდებული, რომელსაც იუსტოსი შეარქვეს და მატათია.
- 24ილოცეს და თქვეს: "უფალო, ყველას გულთამხილველო, გვიჩვენე ამ ორთაგან ერთი, რომელიც ამოირჩიე,
- 25რომ მიიღოს ამ მსახურებისა და მოციქულობის ადგილი, რასაც გამოაკლდა იუდა, რათა წასულიყო თავის ადგილზე”.
- 26ყარეს წილი და მატათიას ერგო წილი; ის მიეთვალა თერთმეტ მოციქულს.
იტვირთება შემდეგი თავი