ამოსი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 2
- 1ასე ამბობს უფალი: არ დავინდობ მოაბს სამი დანაშაულის გამო და არ გავაუქმებ მის სასჯელს ოთხის გამო, - ედომის მეფის ძვლების კირად გამოწვის გამო.
- 2დავუშვებ ცეცხლს მოაბზე, შთანთქავს სასახლეებს კერიოთში და მოკვდება მოაბი ჩოჩქოლში, საომარ ყიჟინასა და საყვირის ხმაზე.
- 3მოვკვეთ მოსამართლეთ მისი წიაღიდან და ყველა მის მთავარს დავხოცავ მასთან ერთად! - ამბობს უფალი.
- 4ასე ამბობს უფალი: არ დავინდობ იუდას სამი დანაშაულის გამო და არ გავაუქმებ მის სასჯელს ოთხის გამო, - რადგან უკუაგდეს უფლის რჯული და არ იცავდნენ მის დადგენილებებს; რადგან გზა-კვალი აურიეს მათ ცრუღმერთებმა, რომელთაც მათი მამები მიჰყვებოდნენ.
- 5დავუშვებ ცეცხლს იუდაზე და შთანთქავს იერუსალიმის სასახლეებს!
- 6ასე ამბობს უფალი: არ დავინდობ ისრაელს სამი დანაშაულის გამო და არ გავაუქმებ მის სასჯელს ოთხის გამო - ვინაიდან მართალს ვერცხლზე ყიდიან და წყვილ ფეხსაცმელზე - ღარიბს.
- 7თავზე მიწის მტვერს აყრიან უმწეოთ და გზას უმრუდებენ ჩაგრულთ; მამა-შვილი ერთ ქალთან შედის, რათა შებღალონ ჩემი წმიდა სახელი!
- 8გირაოში წამოღებულ ტანსაცმელზე წვებიან ყოველ სამსხვერპლოსთან და გამოძალულ ღვინოს სვამენ თავიანთი ღმერთების სახლში.
- 9მე გავანადგურე მათ წინაშე ამორელნი, რომელთა სიმაღლეც კედარივით იყო და სიმაგრე მუხასავით. მოვსპე მისი ნაყოფი ზევით და ფესვები ქვემოთ.
- 10მე გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან და ორმოც წელიწადს გატარებდით უდაბნოში, რათა დაგემკვიდრებინათ ამორელთა ქვეყანა.
- 11დავადგინე თქვენი ძენი წინასწარმეტყველებად და თქვენი ჭაბუკნი - მოწმიდრებად. განა ასე არაა, ძენო ისრაელისა? - ამბობს უფალი.
- 12თქვენ კი ღვინოს ასმევდით მოწმიდრებს, წინასწარმეტყველთ კი უბრძანებდით: არ იწინასწარმეტყველოთო!
- 13აჰა, ისე გაგჭყლეტთ, როგორც ძნებით სავსე ურემი ჭყლეტს.
- 14მალემსრბოლი ვეღარ გაიქცევა, ვეღარც ძლიერი მოიკრებს ძალას და ვერც მამაცი იხსნის თავის თავს.
- 15ვერც მშვილდის დამჭერი აღდგება, ვერც მალემსრბოლი გადარჩება და ვერც ცხენზე ამხედრებული იხსნის თავის სულს,
- 16მამაცთაგან ყველაზე გაბედულიც კი შიშველი გაიქცევა იმ დღეს! - ამბობს უფალი.
იტვირთება შემდეგი თავი