კოლასელთა მიმართ — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

თავი 1

  1. 1
    პავლე, ღვთის ნებით იესო ქრისტეს მოციქული, და ძმა ტიმოთე,
  2. 2
    კოლოსეში მყოფ წმიდანებს და მორწმუნე ძმებს ქრისტეში. მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესგან.
  3. 3
    ყოველთვის ვემადლიერებით ღმერთს, ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მამას, როდესაც თქვენთვის ვლოცულობთ,
  4. 4
    მას მერე, რაც გვესმა თქვენი რწმენა ქრისტე იესოში და თქვენი სიყვარული ყველა წმიდანის მიმართ,
  5. 5
    თქვენთვის ზეცაში გამზადებული იმედის გამო, წინასწარ რომ გესმათ სახარების ჭეშმარიტი სიტყვით,
  6. 6
    რომელიც მოვიდა თქვენთან, როგორც მთელ მსოფლიოში, და მოაქვს ნაყოფი და იზრდება, ისევე, როგორც თქვენში, მოყოლებული იმ დღიდან, რაც ისმინეთ და შეიცანით ღვთის მადლი ჭეშმარიტებაში,
  7. 7
    როგორც ისწავლეთ ჩვენი საყვარელი თანამსახურის, ეპაფრასგან, რომელიც ერთგულად ემსახურება ქრისტეს თქვენთვის,
  8. 8
    მანვე გვაუწყა თქვენი სიყვარული, რომელიც სულის ნაყოფია.
  9. 9
    ამიტომ იმ დღიდან, ეს რომ მოვისმინეთ, ჩვენც განუწყვეტლივ ვლოცულობთ თქვენთვის, რათა აღივსოთ მისი ნების შეცნობით, მთელი სიბრძნითა და სულიერი განსჯის უნარით,
  10. 10
    რათა მოიქცეთ უფლის ღირსად და ყველაფერში ასიამოვნოთ მას ყოველ კეთილ საქმეში ნაყოფის მოტანით და ღვთის შემეცნებაში ზრდით;
  11. 11
    მთელი ძალით გაძლიერდეთ მისი დიდების ძლიერებისამებრ, ყოველგვარ მოთმინებასა და სულგრძელობაში, სიხარულით.
  12. 12
    ჰმადლობდეთ მამას, რომელმაც წმიდათა მემკვიდრეობის მონაწილეობის ღირსი გაგვხადა სინათლეში,
  13. 13
    რადგან მან გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისგან და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სამეფოში,
  14. 14
    რომელშიც გვაქვს გამოსყიდვა და ცოდვების მიტევება.
  15. 15
    ვინც არის უხილავი ღვთის ხატება, პირმშო ყოველი ქმნილებისა,
  16. 16
    ვინაიდან მისით შეიქმნა ყოველი, რაც ცაში და დედამიწაზეა, ხილული და უხილავი, ტახტები და მეფობანი, მმართველობანი და ხელმწიფებანი - ყველაფერი მის მიერ და მისთვის არის შექმნილი.
  17. 17
    ის არის უწინარეს ყოვლისა და ყოველივე მისით დგას.
  18. 18
    ის არის თავი სხეულისა, რომელიც ეკლესიაა. ის არის დასაბამი, პირმშო მკვდართაგან, რათა მას ჰქონდეს პირველობა ყველაფერში.
  19. 19
    ვინაიდან სასურველი იყო მამისთვის, რომ მასში დამკვიდრებულიყო მთელი სისავსე,
  20. 20
    რათა მისი მეშვეობით შემოერიგებინა ყოველი და მშვიდობა დაემყარებინა მისი ჯვრის სისხლით, დედამიწაზე თუ ზეცაში.
  21. 21
    თქვენც, ოდესღაც რომ გა­უცხოებულნი და გონებით მტრები იყავით თქვენი ბოროტი საქმეების გამო,
  22. 22
    ახლა კი შეგირიგათ თავის ხორციელ სხეულში მისი სიკვდილის მეშვეობით, რათა წარგადგინოთ თქვენ წმიდები, უბიწონი და უბრალონი თავის წინაშე;
  23. 23
    ოღონდ თუ დარჩებით მტკიცე და შეურყეველი რწმენაში და არ გადაუხვევთ სახარების იმედს, რომელიც ისმინეთ და ექადაგა ყოველ ქმნილებას ცისქვეშეთში, და რომლის მსახურიც გავხდი მე, პავლე.
  24. 24
    ახლა კი ვხარობ, თქვენს გამო რომ ვიტანჯები და ქრისტეს დაკლებულ ჭირთ ვავსებ საკუთარი ხორცით მისი სხეულისთვის, რომელიც არის ეკლესია,
  25. 25
    რომლის მსახურიც გავხდი მე, ღვთის განგებით, თქვენთვის რომ მომეცა, რათა აღვასრულო ღვთის სიტყვა,
  26. 26
    ეს არის საიდუმლო, რომელიც დაფარული იყო საუკუნეებისა და თაობებისგან, და ახლა გაემხილათ მის წმიდებს,
  27. 27
    რომელთათვისაც ღმერთმა ინება ეცნობებინა, რა არის ამ საიდუმლოს დიდების სიმდიდრე ერებს შორის: რომელიც არის ქრისტე თქვენში, დიდების იმედი,
  28. 28
    რომელსაც ვქადაგებთ ჩვენ, რათა შევაგონოთ და ვასწავლოთ ყოველ ადამიანს ყოველგვარი სიბრძნე, რათა ყოველი კაცი წარვადგინოთ სრულქმნილად ქრისტე იესოში.
  29. 29
    ამისთვის ვშრომობ მეც, და ვიღწვი მისი ძალით, რომელიც ძლიერად მოქმედებს ჩემში.
იტვირთება შემდეგი თავი