კოლასელთა მიმართ — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 3
- 1ამრიგად, თუ ქრისტესთან ერთად აღსდექით, ეძიეთ რაც მაღლაა, სადაც ქრისტე ზის ღმერთის მარჯვნივ.
- 2ზეციერზე იფიქრეთ და არა მიწიერზე.
- 3ვინაიდან თქვენ დაიხოცეთ და თქვენი სიცოცხლე დაფარულია ქრისტესთან ღმერთში;
- 4და როცა გამოჩნდება ქრისტე, თქვენი სიცოცხლე, მაშინ თქვენც გამოჩნდებით მასთან ერთად დიდებით.
- 5მაშ, მოაკვდინეთ თქვენი მიწიერი ასოები: სიძვა, უწმინდურება, ვნება, ბოროტი გულისთქმა და ანგარება, რაც კერპთმსახურებაა.
- 6რომელთა გამოც ღვთის რისხვა მოდის ურჩობის ძეებზე.
- 7ოდესღაც თქვენც ასე დადიოდით, როცა მათში ცხოვრობდით.
- 8ახლა კი განიშორეთ ეს ყოველივე: რისხვა, მძვინვარება, ბოროტება, გმობა, თქვენი ბაგეების ბილწსიტყვაობა.
- 9ნუ იცრუებთ ერთიმეორის მიმართ, რადგან შემოძარცული გაქვთ ძველი კაცი მის საქმეებთან ერთად,
- 10და შემოსილნი ხართ ახლით, რომელიც განახლებულია შემეცნებით მისი შემოქმედის ხატისამებრ,
- 11სადაც არ არის არც ბერძენი, არც იუდეველი, არც წინადაცვეთა, არც წინადაუცვეთელობა, არ არის ბარბაროსი, სკვითი, მონა და თავისუფალი, არამედ ქრისტეა ყოველივე და ყოველივეში.
- 12ამიტომ როგორც ღვთის რჩეულებმა, წმიდებმა და საყვარლებმა, შეიმოსეთ მოწყალება, სახიერება, თავმდაბლობა, სიმშვიდე, სულგრძელობა.
- 13შეიწყნარეთ ერთიმეორე და მიუტევეთ ერთმანეთს, თუ ვინმესთან რაიმე სადავო აქვს ვინმეს: როგორც ქრისტემ მოგიტევათ, თქვენც ასევე მიუტევეთ.
- 14და ყოველივე ამას დაურთეთ სიყვარული, რომელიც ყველაფერს აკავშირებს და სრულჰყოფს.
- 15და ბატონობდეს თქვენს გულებში ქრისტეს მშვიდობა, რომლისკენაც ერთ სხეულად ხართ მოწოდებულნი; და იყავით მადლიერნი.
- 16უხვად დამკვიდრდეს უფლის სიტყვა თქვენში სრული სიბრძნით; ასწავლეთ და შთააგონეთ ერთმანეთი ფსალმუნით, გალობით და სულიერი სადიდებლებით, და უგალობეთ ღმერთს თქვენს გულებში მადლიერებით.
- 17რასაც არ უნდა აკეთებდეთ სიტყვით თუ საქმით, ყოველივე გააკეთეთ უფალ იესოს სახელით და მის მიერ მადლობდეთ ღმერთს.
- 18ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც უფალშია საკადრისი.
- 19ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები და ნუ იქნებით სასტიკნი მათ მიმართ.
- 20შვილებო, დაემორჩილეთ თქვენს მშობლებს ყველაფერში, ვინაიდან ასეა მოსაწონი უფალში.
- 21მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, რათა გულები არ დაუძაბუნდეთ.
- 22მონებო, ყველაფერში დაემორჩილეთ თქვენს ხორციელ ბატონებს, არა მოჩვენებითი სამსახურით, როგორც კაცთმაამებლებმა, არამედ გულწრფელად, როგორც ღვთისმოშიშებმა.
- 23ყოველივე, რასაც აკეთებთ, მთელი გულით გააკეთეთ, როგორც ღვთისთვის და არა კაცთათვის.
- 24იცოდეთ, რომ მემკვიდრეობას მიიღებთ უფლისგან საზღაურად, ვინაიდან უფალ ქრისტეს ემსახურებით.
- 25ხოლო, ვინც უსამართლოდ მოიქცევა, იგი მიიღებს თავისი უსამართლობისთვის; მასში არაა პირმოთნეობა.
იტვირთება შემდეგი თავი