დანიელი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 11

  1. 1
    "დარიოს მიდიელის პირველ წელს მის შემწედ და მფარველად დავდექი.
  2. 2
    ახლა ჭეშმარიტებას გამცნობ: "აჰა, კიდევ სამი მეფე აღდგება სპარსეთში, მეოთხე ყველას გადააჭარბებს თავისი დიდძალი სიმდიდრით; თავისი სიმდიდრით რომ გაძლიერდება, ყველას საბერძნეთის სამეფოს წინააღმდეგ გამოიყვანს.
  3. 3
    აღდგება იქ ძლიერი მეფე, დიდი ძალაუფლებით იხელმწიფებს და რასაც მოისურვებს, იმას გააკეთებს.
  4. 4
    მისი დადგომისთანავე ნაწილებად დაიშლება მისი სამეფო და ზეცის ოთხი ქარის მიმართულებით დაიყოფა; არც მის შთამომავალთ გადაეცემა და არც ისეთი ძლიერი იქნება, როგორიც იყო. აღმოიფხვრება მისი სამეფო, სხვების იქნება და არა მათი.
  5. 5
    გაძლიერდება სამხრეთის მეფე, მაგრამ მასზე მეტად გაძლიერდება ერთ-ერთი მისი მთავართაგანი და ძალაუფლებასა და ხელმწიფებას მოიხვეჭს. მისი ხელმწიფება დიდი ხელმწიფება იქნება.
  6. 6
    წლების შემდეგ კავშირს შეკრავენ და სამხრეთის მეფის ასული მოვა ჩრდილოეთის მეფესთან მშვიდობის დასამყარებლად, მაგრამ ვერ შეინარჩუნებს ასული თავისი მკლავის ძალას; ვერც ის მეფე და მისი მოდგმა გაძლებს; გადაცემულ იქნება ასული თავისი ამალით, თავისი შვილებითა და შემწეებით, რომლებიც ეწეოდნენ მას იმ ხანებში.
  7. 7
    მაგრამ მისი ფესვიდან მორჩი ამოვა მის ადგილზე; იგი გაილაშქრებს ჯარის წინააღმდეგ და ჩრდილოეთის მეფის ციხე-სიმაგრეში შეიჭრება. შეებრძოლება და გაიმარჯვებს.
  8. 8
    თვით მათ ღმერთებსაც კი ტყვედ წაასხამს ეგვიპტეში, თავიანთი რკინის კერპებითა და ოქროსა და ვერცხლის ძვირფასი ჭურჭლეულით. წლების განმავლობაში აღარ შეუტევს ჩრდილოეთის მეფეს.
  9. 9
    შემდეგ სამხრეთის მეფის სამეფოში შეიჭრება, მაგრამ უკან დაბრუნდება თავის ქვეყანაში.
  10. 10
    იარაღს აისხამენ მისი ვაჟები და მრავალრიცხოვან ლაშქარს შეკრებენ. ერთ-ერთი მათგანი წამოვა, წყალდიდობასავით წალეკავს და გაივლის. მერე მობრუნდება და იომებს თავის ციხე-სიმაგრემდე.
  11. 11
    გამძვინვარდება სამხრეთის მეფე, გამოვა და შეებრძოლება ჩრდილოეთის მეფეს, დიდ ლაშქარს გამოიყვანს იგი, მაგრამ ეს ლაშქარი სამხრეთის მეფის ხელში ჩავარდება.
  12. 12
    ლაშქარს რომ ჩაიგდებს ხელში, მისი გული აღზევდება და ათი ათასებს დასცემს, მაგრამ მაინც ვერ იმძლავრებს.
  13. 13
    ჩრდილოეთის მეფე პირვანდელზე მრავალრიცხოვან ლაშქარს შეკრებს და რამდენიმე წლის შემდეგ ხელახლა გაილაშქრებს მრავალრიცხოვანი ლაშქრითა და დიდი აღჭურვილობით.
  14. 14
    იმ ხანებში მრავალი აღდგება სამხრეთის მეფის წინააღმდეგ, მეამბოხენი წამოიმართებიან შენი ხალხიდან, რათა აღსრულდეს ხილვა, მაგრამ წაიბორძიკებენ.
  15. 15
    მოვა ჩრდილოეთის მეფე, მიწაყრილებს მოაწყობს და დაიპყრობს გამაგრებულ ქალაქს. ვერც სამხრეთის ძალა დააკავებს და ვერც რჩეული ხალხი. აღარ ექნებათ ძალა წინააღმდეგობის გასაწევად.
  16. 16
    თავის ნებაზე მოიქცევა მის წინააღმდეგ გამოსული, წინ ვერავინ აღუდგება. მშვენიერ ქვეყანაში დადგება იგი და დაღუპვა იქნება მის ხელთ.
  17. 17
    განიზრახავს, რომ მთელი თავისი სამეფოს ძლიერებით მოვიდეს; მშვიდობის ხელშეკრულებას დადებენ მასთან. ცოლად მისცემს თავის ასულს სამხრეთის მეფეს, რათა დაღუპოს იგი, მაგრამ არ გამოუვა და არ მოხდება ეს.
  18. 18
    იბრუნებს სახეს ზღვისპირეთისკენ და მრავალს დაიპყრობს, მაგრამ ვინმე მთავარი აღკვეთს შერცხვენას და უკან დაუბრუნებს შერცხვენას.
  19. 19
    ამის შემდეგ თავისი ქვეყნის სიმაგრეებისკენ იბრუნებს პირს, მაგრამ წაიბორძიკებს, დაეცემა და ვეღარავინ იხილავს.
  20. 20
    მის ნაცვლად აღმდგარი ხარკს აკრეფს სამეფოს სადიდებლად, მაგრამ რამდენიმე დღეში დაიღუპება, თუმცა არა მრისხანებაში და არა ბრძოლაში.
  21. 21
    მის ნაცვლად საძულველი კაცი აღდგება, რომელსაც მეფურ პატივს არ მიაგებენ. იგი მშვიდობის პერიოდში მოვა და ცბიერებით დაეუფლება სამეფოს.
  22. 22
    წამლეკავი ლაშქრები წაილეკება მის წინაშე და შეიმუსრება. ასევე აღთქმის მთავარიც.
  23. 23
    კავშირის შეკვრის შემდეგ ცბიერად იმოქმედებს, აღზევდება და მცირერიცხოვანი ხალხით გაძლიერდება.
  24. 24
    მშვიდობიან დღეებში ნაყოფიერ ქვეყანაში შევა და ისეთ რამეს ჩაიდენს, რაც არც მის მამებს და არც მის მამის მამებს არ ჩაუდენიათ. ნაძარცვს, ნადავლსა და ნაალაფარ ქონებას დაანაწილებს. ციხე-სიმაგრეების წინააღმდეგ ექნება ზრახვები, მაგრამ გარკვეულ დრომდე.
  25. 25
    აღძრავს თავის ძალასა და გულს სამხრეთის მეფის წინააღმდეგ მრავალრიცხოვანი ლაშქრით. სამხრეთის მეფეც მრავალრიცხოვანი და ძლიერი ლაშქრით გამოვა საბრძოლველად, მაგრამ ვერ გაუმკლავდება მას, რადგან მზაკვრული განზრახვები იქნება მის წინააღმდეგ.
  26. 26
    მასთან ერთად პურის მჭამელნი დაღუპავენ მას, მისი ლაშქარი წაილეკება და მრავალი დახოცილი დაეცემა.
  27. 27
    ორივე მეფის გულში მზაკვრობა იქნება, სიცრუეს ეტყვიან ერთმანეთს სუფრაზე, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწევენ, რადგან აღსასრული დათქმულ დროზე მოვა.
  28. 28
    ჩრდილოეთის მეფე დიდძალი ნადავლით გაბრუნდება თავის ქვეყანაში, მაგრამ გული წმიდა აღთქმის წინააღმდეგ ექნება მიმართული. შეასრულებს მას და დაბრუნდება თავის ქვეყანაში.
  29. 29
    დათქმულ დროს დაბრუნდება და მოვა სამხრეთში, მაგრამ პირვანდელივით აღარ იქნება ეს ლაშქრობა.
  30. 30
    ქითიმის ხომალდები წამოვლენ მის წინააღმდეგ და დაფრთხება იგი. გაბრუნდება, წმიდა აღთქმაზე განრისხდება და იმოქმედებს. დაბრუნდება და წმიდა აღთქმის მიმტოვებლებთან შეკრავს კავშირს.
  31. 31
    ურდოები აღსდგებიან მისგან და შებღალავენ საწმიდარსა და ციხე-სიმაგრეს, მუდმივ შესაწირს გააუქმებენ და გაპარტახების სიბილწეს დაამყარებენ.
  32. 32
    თვალთმაქცური ენით მიიმხრობს აღთქმის მიმართ უკეთურად მოქმედთ, თავისი ღმერთის მცოდნე ხალხი კი სიმტკიცეს გამოიჩენს და იმოქმედებს.
  33. 33
    ხალხთა შორის გონიერნნი მრავალთ შეაგონებენ, თუმცა კი მრავალი დღის განმავლობაში ცეცხლითა და მახვილით, ტყვეობითა და ძარცვით იქნებიან შევიწროებულნი.
  34. 34
    შევიწროებისას მცირეოდენ შეწევნას მიიღებენ და მრავალი მიემხრობა მათ თვალთმაქცობით.
  35. 35
    ზოგიერთი გონიერთაგან წაბორძიკდება, რათა გამოიბრძმედოს, განიწმიდოს და გასუფთავდეს უკანასკნელ ჟამამდე, რადგან ჯერ კიდევ არის დრო დათქმულ ვადამდე.
  36. 36
    თავისი ნებისამებრ იმოქმედებს მეფე, ყველა ღმერთზე მეტად აღზევდება, განდიდდება და საშინელებებს ილაპარაკებს ღმერთთა ღმერთის წინააღმდეგ; წარმატებული იქნება რისხვის დასრულებამდე, ვინაიდან, უნდა აღსრულდეს, რაც ნაბრძანებია.
  37. 37
    არც თავისი მამების ღმერთებს ჩააგდებს რამედ, არც ქალთა სასურველს და არც სხვა რომელიმე ღმერთს მიაქცევს ყურადღებას, რადგან ყველაზე მეტად განდიდდება.
  38. 38
    სამაგიეროდ ციხე-სიმაგრის ღმერთს მიაგებს პატივს; ღმერთს, რომელსაც მისი მამები არ სცნობდნენ; ოქრო-ვერცხლით, ძვირფასი ქვებითა და სხვა ძვირფასეულობით მიაგებს პატივს.
  39. 39
    უმტკიცესი სიმაგრეების წინააღმდეგ იმოქმედებს უცხო ღმერთის შეწევნით; პატივს გაუმრავლებს მათ, ვინც მას აღიარებს, მრავალზე მისცემს ძალაუფლებას და საზღაურად მიწებს დაუნაწილებს.
  40. 40
    ბოლო დროს სამხრეთის მეფე შეებრძოლება მას; ქარიშხალივით ეკვეთება მას ჩრდილოეთის მეფე ეტლებით, მხედრებითა და უამრავი ხომალდით; შევა ქვეყანაში, წალეკავს და გადაივლის.
  41. 41
    შევა მშვენიერ ქვეყანაში და მრავალი მხარე დაეცემა; ხოლო ედომი, მოაბი და ყამონის ძეთა მთავარი ნაწილი გადაურჩება მის ხელს.
  42. 42
    ხელს მოუღერებს ქვეყნებს; ეგვიპტის ქვეყანაც კი ვერ გაექცევა მას.
  43. 43
    ხელთ იგდებს იგი ეგვიპტის ძვირფასეულობასა და ოქრო-ვერცხლის დაფარულ განძეულს; ლიბიელნი და ეთიოპელნი გაჰყვებიან მის კვალს.
  44. 44
    მაგრამ აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან მოსული ხმები შეაშფოთებენ მას და დიდი რისხვით გამოვა, რათა გაანადგუროს და დაღუპოს მრავალი.
  45. 45
    თავის სამეფო კარვებს გაშლის ზღვებსა და მშვენიერ წმიდა მთას შორის, მაგრამ თავის აღსასრულს მიაწევს და არავინ იქნება მისი მშველელი.
იტვირთება შემდეგი თავი