მეორე რჯული — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 20

  1. 1
    "როდესაც მტრის წინააღმდეგ გახვალთ საბრძოლველად და დაინახავთ თქვენზე მრავალრიცხოვან ხალხს, ცხენებსა და ეტლებს, არ შეშინდეთ, რადგან თქვენთანაა უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანათ ეგვიპტის ქვეყნიდან.
  2. 2
    როგორც კი მოახლოვდება ბრძოლა, წარდგეს მღვდელი და ელაპარაკოს ხალხს.
  3. 3
    უთხრას მათ: ისმინე, ისრაელ! დღეს შეებრძოლებით თქვენს მტრებს; ნუ დაგისუსტდებათ გულები, ნუ შეშინდებით, ნუ შეძრწუნდებით და ნუ აცახცახდებით მათ წინაშე,
  4. 4
    რადგან უფალი, თქვენი ღმერთი გამოდის თქვენს მტრებთან საბრძოლველად, რათა გადაგარჩინოთ.
  5. 5
    უთხრან ზემდეგებმა ხალხს: თუ ვინმემ სახლი აიშენა და ჯერ არ უზეიმია ახალსახლობა, წავიდეს და დაუბრუნდეს თავის სახლს, რათა არ მოკვდეს ბრძოლაში და სხვამ არ იზეიმოს მის ნაცვლად ახალსახლობა.
  6. 6
    თუ ვინმემ ვენახი დარგო და ჯერ არ უგემია, დაუბრუნდეს თავის სახლს, რათა არ მოკვდეს ბრძოლაში და სხვამ არ მიითვისოს იგი.
  7. 7
    თუ ვინმემ ქალი დანიშნა და ჯერ არ შეურთავს იგი, დაუბრუნდეს თავის სახლს, რათა არ მოკვდეს ბრძოლაში და სხვამ არ წაიყვანოს იგი.
  8. 8
    ელაპარაკონ ზემდეგნი ხალხს და ესეც უთხრან: თუ ვინმე მშიშარაა და გულით მხდალი, დაუბრუნდეს სახლს, რათა თავის მოძმეთაც არ დაუდნოს გული.
  9. 9
    როგორც კი დაასრულებენ ზემდეგნი ხალხთან ლაპარაკს, დაუნიშნეთ ლაშქარს სარდლები, ხალხის გასაძღოლად.
  10. 10
    როცა საომრად მიუახლოვდებით ქალაქს, ჯერ მშვიდობა გამოუცხადე მას.
  11. 11
    თუ მშვიდობით გიპასუხებენ და გაგიღებენ კარიბჭეს, მაშინ გახდება იქ მყოფი ხალხი თქვენი მოხარკე და მორჩილი.
  12. 12
    ხოლო თუ არ დაგთანხმდა და შეგებრძოლა, მაშინ ალყაში მოიქციე იგი;
  13. 13
    და როცა ხელში ჩაგიგდებთ მათ უფალი, თქვენი ღმერთი, მახვილით განგმირეთ ყოველი მისი მამაკაცი.
  14. 14
    ხოლო ქალები, ბავშვები, საქონელი და ქალაქის მთელი ნადავლი დაიტაცეთ და ჭამეთ თქვენი მტრის დოვლათი, რომელიც მოგცათ უფალმა, თქვენმა ღმერთმა.
  15. 15
    ასევე მოექეცით ყველა შორეულ ქალაქს, რომელიც არ არის ამ ხალხების ქალაქთაგანი.
  16. 16
    ამ ხალხთა ქალაქებში კი რომლებსაც გაძლევთ სამკვიდრებლად უფალი, თქვენი ღმერთი, არ აცოცხლოთ არც ერთი სული.
  17. 17
    პირწმინდად გაანადგურეთ ისინი: ხეთელები და ამორელნი, ქანაანელნი და ფერიზელნი, ხივიელნი და იებუსელნი, როგორც გიბრძანათ უფალმა, თქვენმა ღმერთმა.
  18. 18
    რათა არ გასწავლონ ყველა თავისი სისაძაგლის კეთება, რასაც აკეთებდნენ თავისი ღმერთებისთვის და არ შესცოდოთ უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე.
  19. 19
    თუ ქალაქი მრავალი დღე გეყოლებათ ალყაში და ეომებით, რათა დაიპყროთ იგი, ცულით ნუ მოსპობთ მის ხეებს, რათა გამოიკვებოთ მათგან, ნუ აჩეხავთ მათ, მინდვრის ხე კაცი ხომ არ არის, ციხე-სიმაგრეში რომ გაგერიდოს?
  20. 20
    ხოლო ხეები, რომლებზეც იცი, რომ არაა ნაყოფიერი, მოსპეთ და აჩეხეთ, რათა გასამაგრებლად გამოიყენოთ იმ ქალაქის წინააღმდეგ, რომელიც გებრძვით, ვიდრე დაიმორჩილებდეთ.
იტვირთება შემდეგი თავი