მეორე რჯული — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 28
- 1"და თუ გულდასმით მოუსმენ უფლის, შენი ღმერთის ხმას, რათა დაიცვა და აღასრულო მისი ყველა მცნება, რომელსაც გამცნებ დღეს, მაშინ დაგაყენებს უფალი, შენი ღმერთი, დედამიწის ყველა ერზე მაღლა.
- 2გადმოვა შენზე ყველა ეს კურთხევა და მოგეწევა, თუ შეისმენ უფლის, შენი ღმერთის ხმას.
- 3კურთხეული იქნები ქალაქში და კურთხეული იქნები მინდორში.
- 4კურთხეული იქნება შენი მუცლის, მიწისა და საქონლის ნაყოფი, შენი ნახირის მონაგები და შენი ფარის ნამატი.
- 5კურთხეული იქნება შენი კალათა და გობი;
- 6კურთხეული იქნები შესვლისას და კურთხეული იქნები გამოსვლისას.
- 7და დასცემს უფალი შენ წინაშე შენს მტრებს, რომლებიც ამბოხდებიან შენს წინააღმდეგ; ერთი გზით გამოვლენ შენს წინააღმდეგ და შვიდი გზით გაიქცევიან შენგან.
- 8კურთხევას ბრძანებს შენთვის უფალი შენს ბეღლებსა და შენს ყოველ საქმეზე; და გაკურთხებს იმ ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი.
- 9დაგადგენს უფალი თავის წმიდა ხალხად, როგორც შეგფიცა, თუ დაიცავ უფლის, შენი ღმერთის მცნებებს და ივლი მისი გზებით.
- 10იხილავს ყოველი ხალხი, რომ უფლის სახელით ხარ წოდებული და შეეშინდება შენი.
- 11სიუხვეს მოგცემს უფალი ყველა სიკეთეში, შენი მუცლის, საქონლისა და მინდვრის ნაყოფებში, იმ მიწაზე, რომლის მიცემაც შეჰფიცა შენს მამებს უფალმა.
- 12გაგიხსნის უფალი თავის საგანძურს, ზეცას, რათა თავის დროზე მისცეს წვიმა შენს მიწას და აკურთხოს ყოველი საქმე შენს ხელში; მრავალ ერს ასესხებ შენ და თავად კი არ ისესხებ.
- 13თავად გაქცევს უფალი და არა კუდად, მაღლა იქნები და არა ქვემოთ, თუ შეისმენ უფლის, შენი ღმერთის მცნებებს, რომელთაც გამცნებ დღეს რომ დაიცვა და აღასრულო.
- 14ნუ გადაუხვევ ნურცერთ სიტყვას, რომელსაც გამცნებ დღეს, რათა არ გაჰყვე სხვა ღმერთების კვალს სამსახურებლად.
- 15მაგრამ თუ არ შეისმენ უფლის, შენი ღმერთის ხმას, რათა დაიცვა და აღასრულო ყოველი მისი მცნება და დადგენილება, რომელსაც გამცნებ დღეს, მაშინ გადმოვა ყველა ეს წყევლა და გეწევა შენ.
- 16წყეული იქნები ქალაქში და წყეული იქნები მინდორში.
- 17წყეული იქნება შენი კალათა და გობი.
- 18წყეული იქნება შენი მუცლის, მიწისა და საქონლის ნაყოფები, მონაგები შენი ნახირისა და ნამატი შენი ფარისა.
- 19წყეული იქნები შესვლისას და წყეული იქნები გამოსვლისას.
- 20გამოგიგზავნის უფალი წყევლას, დაბნეულობასა და უბედურებას ყოველ საქმეში, რასაც გააკეთებ, ვიდრე მოგსპობს და დაგღუპავს მალევე, შენი ბოროტი საქმეების გამო, რადგან მიმატოვე.
- 21მოგივლენს უფალი შავ ჭირს, ვიდრე არ გაქრები შენი მიწიდან, რომლის დასამკვიდრებლადაც შედიხარ.
- 22წარგხოცს უფალი ჭლექით, ციებითა და ანთებით, ხურვებით, გვალვით, ხორშაკით და სიყვითლით, მანამდე გდევნიან, სანამ არ დაიღუპები.
- 23ცა სპილენძად გექცევა თავზე და ფეხქვეშ მიწა - რკინად.
- 24წვიმის ნაცვლად მტვერს მისცემს უფალი შენს მიწას და ფერფლი დაგეყრება ციდან, სანამ არ განადგურდები.
- 25დაგცემს უფალი მტერთა წინაშე; ერთი გზით გახვალ მის წინააღმდეგ, მაგრამ შვიდი გზით გადაიხვეწები მისგან და გაიფანტები დედამიწის ყოველ სამეფოში.
- 26და იქნება შენი გვამი ცის ყველა ფრინველთა და მიწის მხეცთა საჭმელად და არავინ იქნება მათი დამფრთხობი.
- 27მოგსრავს უფალი ეგვიპტური წყლულით, ქავილით, ბუგრითა და ქეცით და ვერ განიკურნები მათგან.
- 28მოგსრავს უფალი სიგიჟით, სიბრმავით და შეშლილობით.
- 29ხელის ცეცებით ივლი შუადღისას, როგორც ბრმა დადის წყვდიადში და ვერ გაიგნებ გზას, მუდამ დათრგუნული და გაძარცვული იქნები და ვერავინ გიშველის.
- 30საცოლეს დანიშნავ და სხვა კაცი დაწვება მასთან; სახლს აიშენებ და ვერ იცხოვრებ მასში; ვენახს დარგავ და ვერ მოიხმარ;
- 31დაიკვლება შენი ხარი შენს თვალწინ და ვერ შეჭამ; მიიტაცებენ შენს სახედარს და აღარ დაგიბრუნდება; მიეცემა შენი ცხვარი შენს მტრებს და არავინ გეყოლება შემწე.
- 32სხვა ხალხები წარატყვევებენ შენს ძეთ და ასულთ; ყოველდღე მათ მოლოდინში დაგეღლება თვალები და არ გექნება ძალა მკლავში.
- 33და ხალხი, რომელსაც არ იცნობდი, შეგიჭამს შენი მიწის ნაყოფს და მთელ შენ ნაშრომს; ყოველთვის დათრგუნული იქნები და დაბეჩავებული.
- 34და ჭკუაზე შეგშლის ის, რასაც იხილავ შენს თვალწინ.
- 35გაგიჩენს უფალი სასტიკ წყლულებს მუხლებსა და წვივებზე, რომლისგანაც ვერ შეძლებ განკურნებას, ტერფიდან თხემამდე.
- 36წაგიყვანთ უფალი შენ და შენს მეფეს, რომელსაც დაიყენებ შენზე, ხალხთან, რომელსაც არ იცნობდით შენ და შენი მამები და მოემსახურებით იქ ხისა და ქვის უცხო ღმერთებს.
- 37საფრთხობელად, საიგავოდ და დასაცინად იქნებით ყველა ხალხში, სადაც მიგიყვანს უფალი.
- 38უხვად გაიტან თესლს მინდორში და ცოტას მოიწევ, რადგან მოგისპობს კალია.
- 39დარგავ და დაამუშავებ ვენახებს, ღვინოს კი ვერ დალევ და ნაყოფს ვერ მოკრეფ, რადგან ჭია შეჭამს.
- 40ზეთისხილი გექნება მთელ შენს მიწაზე და ზეთს კი ვერ იცხებთ, რადგან დაცვივდება ნაყოფი.
- 41გააჩენ ძეებსა და ასულებს, მაგრამ არ შეგრჩებიან, რადგან ტყვედ წავლენ.
- 42ყოველი ხე და ნაყოფი შენი მიწისა კალიის მიერ გაჩანაგდება.
- 43ხიზანი, რომელიც შენთანაა, ამაღლდება და ამაღლდება შენზე, შენ კი დამცირდები და დამცირდები.
- 44ის გასესხებს, შენ კი ვერ ასესხებ მას; ის თავი იქნება, შენ კი - კუდი.
- 45და გადმოვა ყველა ეს წყევლა, დაგედევნება და მოგეწევა, სანამ არ განადგურდები, რადგან არ ისმინე უფლის, შენი ღმერთის ხმა, რათა დაგეცვა მისი მცნებანი და წესები, რომლებიც გიბრძანა.
- 46საუკუნო ნიშნად და სასწაულად იქნება შენზე და შენს შთამომავლობაზე.
- 47რადგან არ ემსახურებოდი უფალს, შენს ღმერთს, სიხარულითა და კეთილი გულით სიუხვისთვის;
- 48ამიტომ მოემსახურები შენს მტრებს, რომელთაც გამოგიგზავნის უფალი, შიმშილითა და წყურვილით, სიშიშვლითა და სიდუხჭირით ყოველივეში; და რკინის უღელს დაგადგამს კისერზე, სანამ არ განადგურდები.
- 49შორიდან, დედამიწის კიდიდან მოიყვანს უფალი ხალხს შენს წინააღმდეგ; არწივივით დაგეძგერება ხალხი, რომლის ენასაც ვერ გაიგებ;
- 50ხალხი თავხედი, რომელიც მოხუცს არ მიაგებს პატივს და ყრმას არ შეიწყალებს.
- 51შეჭამს შენი საქონლისა და მიწის ნაყოფს, სანამ არ გაგაღატაკებს ისე, რომ არ დაგიტოვებს არც მარცვლეულს, არც ღვინოს, არც ზეთს, არც შენი ნახირის მონაგებსა და არც შენი ფარის ნამატს, ვიდრე არ დაიღუპები.
- 52შეგავიწროებს ყველა შენს კარიბჭეში, სანამ არ დაამხობს შენს მაღალ და მტკიცე გალავნებს, რომლებზეც დანდობილი ხარ მთელ შენს მიწაზე; შეგავიწროვებს ყველა შენს კარიბჭეში, მთელ შენს მიწაზე, რომელიც მოგცა უფალმა, შენმა ღმერთმა,
- 53და შეჭამ შენი მუცლის ნაყოფს, შენი ძეებისა და ასულების ხორცს, რომელიც მოგცა უფალმა, შენმა ღმერთმა, ალყასა და გაჭირვებაში, რომლითაც შეგაჭირვებს შენი მტერი.
- 54ფუფუნებაში მცხოვრები და განებივრებული კაცი შენში მტაცებლის თვალით შეხედავს თავის ძმას, ცოლსა და შვილებს, რომლებიც შერჩება,
- 55რომ არავის დაუთმოს ხორცი თავისი შვილებისა, რომელსაც შეჭამს, რადგან აღარაფერი დარჩება მას ალყასა და გაჭირვებაში, რითაც შეგაჭირვებს მტერი ყოველ შენს კარიბჭეში.
- 56შენში მცხოვრები განაზებული და განებივრებული ქალი, რომელსაც ნებივრობისა და სინაზის გამო, მიწაზე ტერფის დადგმაც არ უცდია, მტრულად შეხედავს თავის ქმარს, ძესა და ასულს,
- 57და თანმოყოლილს, რომელიც დაბადებისას მოჰყვა თავის შვილებს მის ფერხთა შორის; რადგან ფარულად შეჭამს მათ გაჭირვებაში, ალყასა და სიდუხჭირეში, როცა შეგაჭირვებს მტერი შენს საცხოვრებლებში.
- 58თუ არ იფხიზლებ ამ წიგნში დაწერილი რჯულის ყოველი სიტყვის აღსასრულებლად, რათა გაშინებდეს ეს ამაღლებული და საშინელი სახელი: უფალი, შენი ღმერთი!
- 59მოავლენს უფალი შენზე და შენს შთამომავლობაზე უჩვეულო წყლულებს, დიად, სასტიკ და უკურნებელ წყლულებსა და სნეულებებს.
- 60მოგივლენს ეგვიპტის ყველა სნეულებას, რომლისგანაც შეძრწუნებული იყავი და მოგეტმასნებიან.
- 61ყველა იმ ავადმყოფობასა და უბედურებასაც მოგივლენს უფალი, რომელიც არ არის ჩაწერილი რჯულის ამ წიგნში, სანამ არ მოისპობი.
- 62დარჩები მცირერიცხოვანი, ნაცვლად ცის ვარსკვლავებივით გამრავლებისა, რადგან არ ისმინე უფლის, შენი ღმერთის ხმა.
- 63და როგორც ხარობდა უფალი შენზე, როცა გაკურთხებდა და გამრავლებდა, ისე გაიხარებს უფალი შენი დაღუპვისას და განადგურებისას; და აღმოიფხვრებით მიწიდან, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ.
- 64გაგაბნევს უფალი ხალხთა შორის, ქვეყნის კიდიდან კიდემდე და მოემსახურები ხისა და ქვის უცხო ღმერთებს, რომელთაც არ იცნობდით არც შენ და არც შენი მამები.
- 65ვერც იმ ერთა შორის ჰპოვებ სიმშვიდესა და ადგილს შენი ტერფისთვის; შეძრწუნებულ გულს, დაბრმავებულ თვალებსა და მჭმუნვარებას მოგცემს იქ უფალი.
- 66ბეწვზე ეკიდება შენი სიცოცხლე შენს წინაშე და შიშში იქნები დღე და ღამე; და არ იქნები გულდაჯერებულად შენს სიცოცხლეში.
- 67გათენდება და იტყვი: ოჰ, ნეტავ ღამდებოდეს! დაღამებისას კი იტყვი: ოჰ, ნეტავ თენდებოდეს! ძრწოლის გამო შენს გულში და შიშისა, თვალით დანახულის გამო.
- 68და კვლავ დაგაბრუნებს უფალი ეგვიპტეში გემებით იმ გზაზე, რომელზეც გითხარი: აღარასოდეს იხილავ-მეთქი! მიეყიდები იქ შენს მტრებს მონებად და მხევლებად, მყიდველი კი არ იქნება”.
იტვირთება შემდეგი თავი