მეორე რჯული — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 30

  1. 1
    "როცა მოაწევს შენზე კურთხევისა და წყევლის ყველა ეს სიტყვა, რომლებიც გადმოგეცი და გულთან მიიტან მას ყველა იმ ერში მყოფი, რომელშიც გაგფანტავს უფალი, შენი ღმერთი,
  2. 2
    და მიუბრუნდები უფალს, შენს ღმერთს მთელი შენი გულითა და არსებით და შეისმენთ შენ და შენი ძენი მის ხმას ყველაფერში, რასაც გიბრძანებ დღეს,
  3. 3
    მაშინ დააბრუნებს უფალი, შენი ღმერთი, შენს ტყვეებს, შეგიბრალებს და ისევ შემოგკრებს ყველა ხალხთაგან, რომელთა შორისაც დაგფანტა უფალმა, შენმა ღმერთმა.
  4. 4
    ცის კიდემდეც რომ გაიფანტო, იქიდანაც შეგკრებს უფალი, შენი ღმერთი, და იქიდან წამოგიყვანს;
  5. 5
    მიგიყვანს უფალი, შენი ღმერთი, შენი მამების მიერ დამკვიდრებულ ქვეყანაში და შენც დაიმკვიდრებ მას; სიკეთეს გიყოფს უფალი და გაგამრავლებს შენს მამებზე მეტად.
  6. 6
    გულებს წინადაგიცვეთთ უფალი, შენი ღმერთი, შენ და შენს შთამომავლობას, რათა გიყვარდეთ უფალი, თქვენი ღმერთი, მთელი თქვენი გულითა და არსებით, რათა იცოცხლოთ.
  7. 7
    შენს მდევნელ მტრებსა და მოძულეებზე მიაქცევს მთელს ამ წყევლას უფალი, შენი ღმერთი.
  8. 8
    და შენც მოიქცევი, შეისმენ უფლის ხმას და აღასრულებ ყველა მის მცნებას, რომელსაც გამცნებ დღეს.
  9. 9
    სიუხვით გიკურთხებს უფალი ღმერთი შენი ხელის ყველა საქმეს, შენი მუცლის, საქონლისა და მიწის ნაყოფს, სიკეთისთვის; რადგან კვლავ სასიკეთოდ გაიხარებს უფალი შენზე, როგორც ხარობდა იგი შენს მამებზე,
  10. 10
    თუ შეისმენ უფლის, შენი ღმერთის ხმას, მისი მცნებებისა და წესების დასაცავად, რომლებიც ამ რჯულის წიგნშია ჩაწერილი; თუ მთელი შენი გულითა და არსებით მოიქცევი უფლის, შენი ღმერთისკენ.
  11. 11
    რადგან ეს მცნება, რომელსაც გამცნებ დღეს, არც მიუწვდომელია შენთვის და არც შეუძლებელი.
  12. 12
    ზეცაში არაა იგი, რომ თქვა: ვინ ავა ჩვენთვის ზეცად და ვინ ჩამოგვიტანს, რათა მოვისმინოთ და აღვასრულოთ?
  13. 13
    არც ზღვის გაღმაა იგი, რომ თქმა შეგეძლოს: ვინ გადალახავს ჩვენთვის ზღვას და ვინ წამოგვიღებს, რომ მოგვასმენინოს და აღვასრულოთ?
  14. 14
    რადგან ძალიან ახლოა ეს სიტყვა შენთან; შენს ბაგეზეა იგი და შენს გულში, რათა ასრულებდე მას.
  15. 15
    აჰა, შენს წინაშე დამიდევს დღეს სიცოცხლე და სიკეთე, სიკვდილი და ბოროტება,
  16. 16
    რომელთაც იმისთვის გამცნებ დღეს, რომ შეიყვარო უფალი, შენი ღმერთი, იარო მისი გზებით და დაიცვა მისი მცნებანი, წესები და სამართალი; და იცოცხლებ, გამრავლდები და გაკურთხებს უფალი, შენი ღმერთი, იმ მიწაზე, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხარ.
  17. 17
    ხოლო თუ უგულებელმყოფ, არ შეისმენ, ცდუნდები, უცხო ღმერთებს ეთაყვანები და მათ მოემსახურები,
  18. 18
    მაშინ დღესვე გაუწყებ, რომ დაიღუპები და ვერ იდღეგრძელებ იმ მიწაზე, რომლისთვისაც გადადიხარ იორდანეს, რათა შეხვიდე და დაიმკვიდრო იგი.
  19. 19
    მოწმედ მოვუხმობ დღეს ცასა და მიწას, რომ: სიცოცხლე და სიკვდილი, კურთხევა და წყევლა დაგიდე წინ. ამოირჩიე სიცოცხლე, რათა იცოცხლოთ შენ და შენმა შთამომავლობამ.
  20. 20
    და გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, ისმინე მისი ხმა და მიელტვოდე მას; რადგან იგია შენი სიცოცხლე და დღეგრძელობა, რომ დამკვიდრდე იმ მიწაზე, რომელიც შეჰფიცა უფალმა შენს მამებს - აბრაჰამს, ისაკსა და იაკობს, მათთვის მისაცემად”.
იტვირთება შემდეგი თავი