ეკლესიასტე — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

თავი 1

  1. 1
    სიტყვანი ეკლესიასტესი, დავითის ძისა, მეფისა იერუსალიმში.
  2. 2
    "ამაოებათა ამაოება” - ამბობს ეკლესიასტე. - "ამაოებათა ამაოება, ყოველივე ამაოებაა!”
  3. 3
    რა სარგებელი აქვს ადამიანს, მთელი მისი შრომისაგან მზისქვეშეთში რომ ეწევა?
  4. 4
    თაობა მიდის და თაობა მოდის, დედამიწა კი რჩება საუკუნოდ.
  5. 5
    ამოდის მზე და ჩადის, მიისწრაფის თვისი ადგილისკენ, საიდანაც ის ამოვიდა.
  6. 6
    სამხრეთისაკენ უბერავს ქარი და ჩრდილოეთისკენ ტრიალდება, აგრძელებს ქროლვას იგი და უკან ბრუნდება წრეზე.
  7. 7
    ყველა მდინარე ზღვაში ჩაედინება, მაგრამ ზღვა არ ივსება; იმ ადგილს, ისევ თავის სათავეს უბრუნდებიან, რათა კვლავ იდინონ.
  8. 8
    ყველაფერი დამღლელია, კაცი ვერ შეძლებს ყველაფრის მოყოლას, თვალი ვერ გაძღება ცქერით და ყური ვერ გაივსება სმენით.
  9. 9
    რაც იქნება, ის უკვე იყო და, რაც უკვე მოხდა, ისევ ის მოხდება: არაფერია ახალი მზის ქვეშ.
  10. 10
    არის რაღაც, რომ იტყვიან მასზე: "შეხედე, ახალია ეს!” ის კი, უკვე ყოფილა საუკუნეებში - ჩვენამდე რომ იყვნენ.
  11. 11
    არავის ახსოვს ძველ დროს მცხოვრებნი; ისინიც აღარ ეხსომებათ, ვინც მომავალში მოვა და არც მათ შემდეგ მოსულები გაიხსენებენ მათ.
  12. 12
    მე, ეკლესიასტე, მეფე ვიყავი ისრაელის იერუსალიმში.
  13. 13
    გული მივუძღვენი სიბრძნის ძიებასა და იმის კვლევას, რაც ცისქვეშეთში ხდებოდა; მძიმე საქმე მისცა უფალმა ადამის ძეებს, რომ დაკავდნენ მისით.
  14. 14
    ვიხილე მე ყოველი საქმე მზისქვეშეთში რომ გაკეთდა და აჰა, ამაოა ყოველივე და ქარის დევნა!
  15. 15
    გამრუდებულს ვერ გაასწორებ და არარსებულს ვერ დათვლი.
  16. 16
    ვამბობდი ჩემს გულში: "აჰა, შევიძინე და გავიმრავლე სიბრძნე ყველაზე მეტად, ვინც ჩემზე წინ იყვნენ იერუსალიმში და ჩემმა გულმა მრავლად იხილა სიბრძნე და ცოდნა!”
  17. 17
    აჰა, განვიზრახე გულში, რომ სიბრძნე შემეცნო და სიბრიყვე და სისულელე მცოდნოდა! მივხვდი, რომ ესეც ქარის დევნაა.
  18. 18
    რადგან დიდ სიბრძნეს დიდი ნაღველი მოსდევს და ცოდნის გაღრმავებით ტკივილს იღრმავებ.
იტვირთება შემდეგი თავი