ეფესელთა მიმართ — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 3
- 1ამიტომ მე, პავლე, ქრისტეს პატიმარი გავხდი თქვენთვის, წარმართებისთვის.
- 2თუ, რა თქმა უნდა, გსმენიათ ღვთის მადლის გამგებლობაზე, რომელიც თქვენთვის მომეცა.
- 3რადგან გამოცხადებით მეუწყა საიდუმლო, რომლის შესახებაც უკვე მოგწერეთ მოკლედ.
- 4და როცა წაიკითხავთ, შეგეძლებათ ჩაწვდეთ ჩემს ცოდნას ქრისტეს საიდუმლოში,
- 5რაც ადრინდელ თაობებში არ გამოცხადებიათ ადამიანთა შვილებს, როგორც ახლა გამოეცხადა მის წმიდა მოციქულებს და წინასწარმეტყველებს სულით.
- 6რომ წარმართებიც თანამემკვიდრეები, სხეულის ნაწილები და აღთქმის თანაზიარნი არიან ქრისტეში ხარების მეშვეობით.
- 7სწორედ ამ სახარების მსახური გავხდი ღვთის მადლის ნიჭით, ჩემთვის მოცემული მისი ძალის მოქმედებით.
- 8მე, ყველა წმიდას შორის უმცირესს, მომეცა ეს მადლი, რათა წარმართთათვის მეხარებინა ქრისტეს აურაცხელი სიმდიდრე
- 9და გამეცხადებინა ყველასთვის, რა არის საუკუნეთაგან დაფარული საიდუმლოს გამგებლობა, ყოვლის შემქმნელ ღმერთში.
- 10რათა ახლა ეკლესიის მეშვეობით ეუწყოს მმართველობებს და ხელისუფლებებს ზეცაში ღვთის მრავალმხრივი სიბრძნე.
- 11საუკუნო განზრახვით, რომელიც განახორციელა ჩვენს უფალ ქრისტე იესოში,
- 12რომელშიც გვაქვს გაბედულება და საიმედო მისადგომი მისადმი რწმენის მეშვეობით.
- 13ამიტომ გთხოვთ, გულს ნუ გაიტეხთ, თქვენს გამო რომ ვიტანჯები, რადგან ეს თქვენი დიდებაა.
- 14ამისთვის ვიდრეკ მუხლს ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მამის წინაშე,
- 15ვის მიერაც იწოდება ყოველი მამობა ცაში და დედამიწაზე,
- 16რომ მოგცეთ ძალა თავისი დიდების სიმდიდრით, რათა მისი სულის მეშვეობით განმტკიცდეთ შინაგან კაცში.
- 17ისე, რომ რწმენით დამკვიდრდეს ქრისტე თქვენს გულებში და იყოთ ფესვგადგმულნი და დაფუძნებულნი სიყვარულში;
- 18რათა შეძლოთ ყველა წმიდასთან ერთად ჩასწვდეთ, რა არის სიგანე, სიგრძე, სიმაღლე და სიღრმე,
- 19და შეიცნოთ ქრისტეს სიყვარული, ცოდნას რომ აღემატება, რათა აღივსოთ სრული ღვთიური სისავსით.
- 20ხოლო მას, ვისაც ჩვენში მოქმედი ძალით შეუძლია განუზომლად მეტის კეთება, ვიდრე ჩვენ ვთხოვთ ან ვფიქრობთ,
- 21მას დიდება ეკლესიაში, ქრისტე იესოში და ყველა თაობაში უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
იტვირთება შემდეგი თავი