გამოსვლა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 13

  1. 1
    ასე უთხრა უფალმა მოსეს:
  2. 2
    "გამომიყავი ისრაელის შვილთაგან ყოველი პირმშო, საშოს გამღები, კაციდან ვიდრე პირუტყვამდე, ჩემია იგი”.
  3. 3
    უთხრა მოსემ ხალხს: "გახსოვდეთ ეს დღე, როდესაც გამოხვედით ეგვიპტიდან, მონობის სახლიდან, რადგან უფლის მაგარი ხელით გამოხვედით იქიდან, არაფერი ჭამოთ საფუარიანი.
  4. 4
    დღეს გამოდიხართ, აბიბის თვეში.
  5. 5
    ოდეს შეგიყვანს უფალი ქანაანელთა, ხეთელთა, ამორელთა, ხიველთა და იებუსელთა ქვეყანაში, შენთვის რომ აღუთქვა უფალმა შენს მამა-პაპას, ქვეყანაში სადაც რძე და თაფლი მოედინება, ამ თვეს აღასრულე ეს მსახურება.
  6. 6
    შვიდ დღეს ხმიადი ჭამე და იდღესასწაულე უფლისთვის მეშვიდე დღეს;
  7. 7
    შვიდი დღე ჭამე ხმიადი - ნუ გამოჩნდება შენთან გაფუებული პური და ნუ გამოჩნდება საფუარი მთელ შენს საზღვრებში.
  8. 8
    ასე განუცხადე შენს შვილს იმ დღეს: ეს იმისთვისაა, რაც უფალმა ეგვიპტიდან ჩემი გამოსვლისას გამიკეთა-თქო.
  9. 9
    ნიშნად იქონიე ხელზე და გასახსენებლად თვალებს შორის, რათა უფლის სჯული იყოს შენს ბაგეზე, რადგან მაგარი ხელით გამოგიყვანა უფალმა ეგვიპტიდან.
  10. 10
    დაიცავი ეს წესი თავის დროზე, წლიდან წლამდე.
  11. 11
    როცა შეგიყვანს უფალი ქანაანის ქვეყანაში და მოგცემს იმ მიწას, როგორც შენ და შენს მამებს აღგითქვათ,
  12. 12
    გამოაცალკევე უფლისათვის ყოველი საშოს გამღები და შენი პირუტყვის ყოველი პირველმონაგები მამალი, უფლისა იქნება.
  13. 13
    ყოველი პირველმონაგები სახედარი კრავით გამოისყიდე და თუ არ გამოისყიდი - ქედი გადაუმტვრიე. ადამიანისა ყოველი პირმშო შენს ძეთაგან, გამოისყიდე.
  14. 14
    როდესაც გკითხავს შენი ძე იმ დროს: რა არისო ეს? მაშინ უთხარი: მაგარი ხელით გამოგვიყვანა-თქო უფალმა ეგვიპტიდან, მონობის სახლიდან.
  15. 15
    როცა ჯიუტობდა ფარაონი ჩვენი გამოსვლისას, მოკლა უფალმა ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყანაში, ადამიანიდან ვიდრე პირუტყვის პირველმონაგებამდე. ამიტომ ვწირავ-თქო უფალს ყოველ მამრს, რომელიც გააღებს საშოს და გამოვისყიდი ჩემს ყოველ პირმშოს”.
  16. 16
    ნიშნად იქონიე ხელზე და გასახსენებლად თვალებს შორის, რადგან მაგარი ხელით გამოგვიყვანა უფალმა ეგვიპტიდან”.
  17. 17
    როცა გაუშვა ფარაონმა ხალხი, არ წაუყვანია ღმერთს ის ფილისტიმელთა ქვეყნის გზით, თუმცა მოკლე გზა იყო; რადგან თქვა ღმერთმა: "არ გადაიფიქროს ხალხმა ომის ხილვისას და არ გაბრუნდეს ეგვიპტეში”.
  18. 18
    არამედ უდაბნოს გზით შემოატარა ხალხი მეწამული ზღვისკენ. შეიარაღებულნი გამოვიდნენ ისრაელის შვილები ეგვიპტის ქვეყნიდან.
  19. 19
    და თან წამოიღო მოსემ იოსების ძვლები, რადგან ასე დააფიცა მან ისრაელის შვილებს: "უსათუოდ მოგინახულებთ ღმერთი და გაიყოლეთ ჩემი ძვლები აქედან”.
  20. 20
    გაემგზავრნენ სუქოთიდან და დაიბანაკეს ყეთამში, უდაბნოს განაპირას.
  21. 21
    წინ უძღოდა მათ უფალი დღისით ღრუბლის სვეტში გზის საჩვენებლად და ღამე ცეცხლის სვეტში, გზის გასანათებლად, რათა შესძლებოდათ სიარული დღისითა და ღამით.
  22. 22
    არ მოშორებია ხალხს ღრუბლის სვეტი დღისით და ცეცხლის სვეტი ღამით.
იტვირთება შემდეგი თავი