გამოსვლა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 2
- 1წავიდა ერთი კაცი ლევის ტომიდან და ლევიანი ქალი შეირთო ცოლად.
- 2დაორსულდა ქალი და შვა ვაჟი. დაინახა, რომ მშვენიერი იყო ბავშვი და მალავდა სამ თვეს.
- 3დამალვა რომ ვეღარ შეძლო, აიღო ლერწმის კალათა, შეგლისა კუპრითა და ფისით, შიგ ყრმა ჩააწვინა და ლერწმიანში, ნილოსის პირას დადო.
- 4ხოლო ყრმის და მოშორებით დადგა, რომ გაეგო, რა მოხდებოდა.
- 5ჩავიდა ფარაონის ასული ნილოსზე საბანაოდ, მისი მოახლენი კი მდინარის ნაპირზე მიმოდიოდნენ. დაინახა ლერწმიანში კალათა და გაგზავნა თავისი მოახლე მოსატანად.
- 6გახსნა და ბავშვი დაინახა; აჰა, ტირის ყრმა; შეიბრალა იგი და თქვა: "ებრაელის ბავშვია”.
- 7და უთხრა ყრმის დამ ფარაონის ასულს: "წავიდე და დავუძახო შენთვის ებრაელ ძიძას, რათა მან გამოგიკვებოს ეს ყრმა?”
- 8უთხრა ფარაონის ასულმა: "წადი”. წავიდა გოგო და დაუძახა ყრმის დედას.
- 9უთხრა ფარაონის ასულმა: "წაიყვანე ეს ყრმა, ძუძუ აწოვე და გასამრჯელოს მოგცემ”. ქალმაც წაიყვანა და აწოვებდა ძუძუს.
- 10გაიზარდა ყრმა და მიუყვანა ფარაონის ასულს და გახდა იგი ფარაონის ასულის ძე; და დაარქვა სახელად მოსე. თქვა: "რადგან წყლიდან ამოვიყვანე იგი”.
- 11გავიდა დრო, გაიზარდა მოსე. გამოვიდა თავის ძმებთან და ნახა მათი მძიმე ყოფა; ხედავს, ერთი ეგვიპტელი ებრაელს, მის თვისტომს, სცემს.
- 12მიიხედ-მოიხედა და ვერავინ რომ ვერ დაინახა, მოკლა ეგვიპტელი და ქვიშაში ჩაფლა.
- 13გამოვიდა მეორე დღეს და აჰა, ორი ებრაელი ეჩხუბება ერთმანეთს. უთხრა მოძალადეს: "რად სცემ შენიანს?”
- 14მიუგო მოძალადემ: "ვინ დაგადგინა ჩვენს მთავრად და მსაჯულად? ჩემს მოკვლასაც ხომ არ აპირებ იმ ეგვიპტელივით?” შეეშინდა მოსეს და თქვა: "გამჟღავნებულა ეს ამბავი”.
- 15ფარაონმაც შეიტყო ეს ამბავი და შეეცადა მოსეს მოკვლას; მაგრამ გაექცა მოსე ფარაონს, მივიდა მიდიანის ქვეყანაში და ჩამოჯდა ერთ ჭასთან.
- 16შვიდი ასული ჰყავდა მიდიანელ მღვდელს. მოვიდნენ, ამოხაპეს წყალი და აავსეს გობები მამისეული ფარის დასარწყულებლად.
- 17მოვიდნენ მწყემსები და გაყარეს ისინი. ადგა მოსე, გამოესარჩლა და ფარაც დაურწყულა.
- 18მოვიდნენ ქალები რეღუელთან, თავ-თავის მამასთან. ჰკითხა მამამ: "ასე ადრიანად რატომ დაბრუნდით დღეს?”
- 19მიუგეს: "ერთმა ეგვიპტელმა კაცმა დაგვიცვა მწყემსებისგან, წყალიც ამოგვიხაპა და ფარაც დაარწყულა”.
- 20უთხრა თავის ასულებს: "სად არის? რად მიატოვეთ ის კაცი? დაუძახეთ, პური ვაჭამოთ”.
- 21და გადაწყვიტა მოსემ ამ კაცთან დარჩენა. კაცმა კი თავისი ასული, ციფორა მიათხოვა ცოლად.
- 22და უშვა ქალმა ძე, რომელსაც გერშომი დაარქვა მოსემ, რადგან თქვა: "მწირი ვიყავი უცხო ქვეყანაში”.
- 23გავიდა დიდი დრო და მოკვდა ეგვიპტის მეფე; და ისე კვნესოდნენ დამონებული ისრაელის შვილები, რომ მათი გოდება ღმერთს მისწვდა.
- 24გაიგონა ღმერთმა მათი კვნესა და გაიხსენა ღმერთმა აბრაჰამთან, ისაკთან და იაკობთან დადებული აღთქმა.
- 25მოხედა ღმერთმა ისრაელის შვილებს და იცნო ღმერთმა ისინი.
იტვირთება შემდეგი თავი