გამოსვლა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 20
- 1და თქვა ღმერთმა ყველა ეს სიტყვა:
- 2"მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან.
- 3არ იყოლიო სხვა ღმერთები ჩემს გარდა.
- 4არ გაიკეთო კერპები და არც რაიმე ხატი იმისა, რაც მაღლა ცაშია, რაც დაბლა მიწაზეა და რაც წყალშია, მიწის ქვემოთ.
- 5თაყვანი არ სცე მათ და არც ემსახურო, რადგან მე ვარ უფალი, ღმერთი შენი, ეჭვიანი ღმერთი, რომელიც მამათა ცოდვას შვილებს მოვკითხავ, ჩემს მოძულეებს მესამე და მეოთხე თაობაში.
- 6და წყალობის მყოფელი ათასობით თაობისათვის, ჩემს მოყვარულთა და ჩემი მცნებების დამცველთათვის.
- 7არ წარმოთქვა უფლის, შენი ღმერთის სახელი ფუჭად, რადგან უფალი დაუსჯელს არ დატოვებს მას, ვინც მის სახელს ფუჭად ახსენებს.
- 8გახსოვდეს შაბათი დღე, რათა წმიდად შეინახო იგი.
- 9ექვსი დღე იმუშავე და აკეთე ყველა შენი საქმე;
- 10ხოლო მეშვიდე დღე - უფლის, შენი ღმერთის შაბათია. არა საქმე არ გააკეთო არც შენ, არც შენმა ძემ, არც შენმა ასულმა, არც შენმა მონამ, არც შენმა მხევალმა, არც შენმა პირუტყვმა და არც შენმა ხიზანმა, რომელიც შენთან ცხოვრობს.
- 11რადგან ექვს დღეში შექმნა უფალმა ცანი და მიწა, ზღვა და ყველაფერი, რაც მასშია, მეშვიდე დღეს კი დაისვენა. ამიტომაც აკურთხა უფალმა შაბათი დღე და წმიდაჰყო იგი.
- 12პატივი ეცი მამას და დედას, რათა დღეგრძელი იყო შენს მიწაზე, რომელსაც უფალი ღმერთი გაძლევს.
- 13არა კლა.
- 14არ იმრუშო.
- 15არ იქურდო.
- 16არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ შენი მოყვასის წინააღმდეგ.
- 17არ ინდომო შენი მოყვასის სახლი; არ ინდომო შენი მოყვასის ცოლი, არც მისი მონა, არც მისი მხევალი, არც მისი ხარი, არც მისი სახედარი და არც არაფერი, რაც შენი მოყვასისაა”.
- 18ხედავდა მთელი ხალხი ჭექა-ქუხილს, აკვამლებულ მთას, ცეცხლის ალს და ისმენდა საყვირის ხმას; იხილა ხალხმა, შეკრთა და დადგა მოშორებით.
- 19უთხრეს მოსეს: "შენ გველაპარაკე და მოგისმენთ, ოღონდ ღმერთი ნუ დაგველაპარაკება, თორემ დავიხოცებით”.
- 20უთხრა მოსემ ხალხს: "ნუ გეშინიათ, თქვენს გამოსაცდელად მოვიდა ღმერთი, რომ მისი შიში გქონდეთ და არ შესცოდოთ”.
- 21მოშორებით იდგა ხალხი, მოსე კი მივიდა ნისლთან, სადაც ღმერთი იყო.
- 22უთხრა უფალმა მოსეს: "ასე უთხარი ისრაელის შვილებს: დაინახეთ, რომ გელაპარაკებოდით ზეციდან.
- 23ნუ გაიკეთებთ ჩემს გვერდით სხვა ღმერთებს, ვერცხლისა და ოქროს ღმერთები არ გაიკეთოთ.
- 24გამიკეთე სამსხვერპლო მიწისგან და შესწირე მასზე შენი სრულადდასაწველი და სამშვიდობო მსხვერპლები, შენი წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელი; და ყოველ ადგილზე, სადაც დავადგენ ჩემი სახელის ხსენებას, მოვალ შენთან და გაკურთხებ.
- 25თუ ქვის სამსხვერპლოს გამიკეთებ, თლილი ქვისგან არ ააშენო, რადგან მოუღერებ თუ არა სატეხს, წაბილწავ მას.
- 26საფეხურებით ნუ ახვალ ჩემს სამსხვერპლოზე, რომ არ გამოჩნდეს იქ შენი სიშიშვლე.
იტვირთება შემდეგი თავი