გამოსვლა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 26
- 1"სავანე გრეხილი სელისგან, ათი ცისფერი, მეწამული და ძოწისფერი გადასაფარებლისგან გააკეთე და ზედ ქერუბები ამოქარგე.
- 2თითოეული გადასაფარებელის სიგრძე ოცდარვა წყრთა, ხოლო სიგანე - ოთხი წყრთა იყოს; ყველა გადასაფარებელი ერთი ზომის უნდა იყოს.
- 3ხუთი გადასაფარებელი გადააკერე ერთმანეთს და მეორე ხუთი - ერთმანეთს.
- 4ცისფერი მარყუჟები გაუკეთე ერთი გადასაფარებლის პირველი ნაჭრის კიდეზე და იგივე გააკეთე მეორე გადასაფარებლის ბოლო ნაჭრის კიდეზეც.
- 5ორმოცდაათი მარყუჟი ერთ გადასაფარებელს გაუკეთე და ორმოცდაათი - მეორეს, იმ ადგილზე, სადაც ერთმანეთს უნდა შეუერთდნენ ისე, რომ მარყუჟები ერთიმეორეს შეესაბამებოდეს.
- 6გააკეთე ორმოცდაათი ოქროს კაუჭი და გადასაფარებლები ერთმანეთთან კაუჭებით შეაერთე ისე, რომ გამთლიანდეს სავანე.
- 7დაამზადე თხის მატყლის გადასაფარებლები, სავანის გადასახურად: თერთმეტი ასეთი გადასაფარებელი დაამზადე.
- 8ერთი გადასაფარებლის სიგრძე ოცდაათი წყრთა იყოს, ხოლო სიგანე - ოთხი წყრთა; თერთმეტივე გადასაფარებელი ერთი ზომისა იყოს.
- 9ხუთი გადასაფარებელი ცალკე გადააკერე, ექვსი - ცალკე; სავანის წინა მხარეს ორად მოკეცე მეექვსე გადასაფარებელი.
- 10ორმოცდაათი მარყუჟი ერთ გადასაფარებელს გაუკეთე და ორმოცდაათი მარყუჟი მეორეს - კიდეებზე, ერთმანეთთან შესაერთებლად.
- 11დაამზადე სპილენძის ორმოცდაათი კაუჭი, გაუყარე ისინი მარყუჟებს, შეაერთე სავანე და გამთლიანდება.
- 12გადასახურავს მორჩენილი გადასაფარებლის ნახევარი სავანის უკანა მხარეს იყოს ჩამოშვებული.
- 13სიგრძეზე მორჩენილი გადასაფარებლის ნაწილი, სავანის ორივე გვერდზე თითო წყრთაზე იყოს ჩამოშვებული აქეთა და იქითა მხარეს, მის დასაფარად.
- 14სავანის გადასაფარი ვერძების წითელი ტყავისგან, ხოლო ზემოდან გადასაფარი მაჩვის ტყავისგან გააკეთე.
- 15აკაციის სწორი ძელებისგან დაამზადე ბოძები სავანისთვის.
- 16თითოეული ბოძის სიგრძე - ათი, ხოლო სიგანე ერთნახევარი წყრთა იყოს.
- 17ერთიმეორეზე მიერთებული ორ-ორი რიკი ჰქონდეს თითოეულ ბოძს. ასე გააკეთე სავანის ყოველი ძელი.
- 18გაუკეთე ბოძები სავანეს: ოცი ბოძი სამხრეთის მხარეს.
- 19ვერცხლის ორმოცი კვარცხლბეკი გაუკეთე ქვეშ ოცივე ბოძს: ორი კვარცხლბეკი ერთი ბოძის ქვეშ მისი ორი რიკისთვის და ორი კვარცხლბეკი შემდეგი ბოძის ქვეშ მისი ორი რიკისთვის.
- 20სავანის მეორე გვერდისთვის, ჩრდილოეთის მხარეს ოცი ბოძი.
- 21მათი ვერცხლის ორმოცი კვარცხლბეკი: ორ-ორი კვარცხლბეკი თითო ბოძის ქვეშ.
- 22სავანის უკანა მხარეს, დასავლეთით, ექვსი ბოძი გააკეთე.
- 23გააკეთე ორი ბოძი სავანის კუთხეებისთვის უკანა მხარეს.
- 24ორმაგად შეკრული უნდა იყოს, ქვემოთ და ზემოთ, ერთი რგოლით: ასე უნდა იყოს ორთავესთვის; ორივე კუთხისთვის ასე უნდა იყოს.
- 25რვა ბოძი და თექვსმეტი ვერცხლის კვარცხლბეკი უნდა იყოს, ორ-ორი კვარცხლბეკი თითოეული ბოძისთვის.
- 26გააკეთე ძელაკები აკაციის ხისგან: ხუთი - სავანის ერთი გვერდის ბოძებისთვის,
- 27ხუთი ძელაკი სავანის მეორე მხარის ბოძებისთვის და ხუთი ძელაკი სავანის უკანა მხარის ბოძებისთვის, დასავლეთით.
- 28შუა ძელაკი ერთი ბოლოდან მეორემდე უნდა გასდევდეს ბოძებს შუაგულში.
- 29ბოძები ოქროთი მოჭედე: მისი რგოლები, ძელაკების გასაყრელები და ძელაკებიც ოქროთი მოჭედე.
- 30იმ წესისამებრ ააგე სავანე, მთაზე რომ განახე.
- 31გრეხილი ბისონისგან გააკეთე ფარდა ცისფერი, მეწამული და ძოწისფერი; ოსტატის მიერ ამოქარგული ქერუბებით.
- 32ოქროთი მოჭედილ აკაციის ოთხ სვეტზე ჩამოკიდე იგი, ოქროსი იყოს კაუჭები, ვერცხლის ოთხ კვარცხლბეკზე,
- 33ჩამოკიდე ფარდა კაუჭებზე და მის მიღმა შეიტანე მოწმობის კიდობანი, რათა ფარდამ გამიჯნოს თქვენთვის წმიდა წმიდათა წმიდისაგან.
- 34დაახურე სარქველი მოწმობის კიდობანს წმიდათა წმიდაში.
- 35დადგი მაგიდა ფარდის გარეთ და სასანთლე მაგიდის პირდაპირ სავანის მხარეს, სამხრეთისკენ, მაგიდა კი - ჩრდილოეთისკენ.
- 36გრეხილი, ნაქარგი ბისონის კრეტსაბმელი გაუკეთე სავანის შესასვლელს, ცისფერი, მეწამული და ძოწისფერი.
- 37გააკეთე კრეტსაბმელისთვის აკაციის ხუთი სვეტი და ოქროთი მოჭედე; მათი კაუჭები ოქროსი იყოს და სპილენძის ხუთი კვარცხლბეკი ჩამოასხი მათთვის.
იტვირთება შემდეგი თავი