გამოსვლა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 30
- 1"გააკეთე სამსხვერპლო კეთილსურნელების საკმევად. აკაციის ხისგან გააკეთე იგი.
- 2იყოს მისი სიგრძე და სიგანე ერთი წყრთა; ოთხკუთხედი იყოს, სიმაღლე - ორი წყრთა; მისგანვე უნდა გამოდიოდეს რქები.
- 3წმიდა ოქროთი მოჭედე იგი, მისი სახურავი, გარშემო კედლები და რქები; ირგვლივ ოქროს გვირგვინი შემოავლე.
- 4გაუკეთე ორი ოქროს რგოლი გვირგვინის ქვემოთ, ორივე ფერდზე, ორთავე მხარეს გაუკეთე, კეტების გასაყრელად ექნება, რათა მისი მეშვეობით ატაროთ.
- 5გააკეთე კეტები აკაციის ხისგან და მოჭედე ოქროთი.
- 6მოათავსე იგი კრეტსაბმელის წინ, მოწმობის კიდობანთან, მოწმობის კიდობნის სარქვლის პირდაპირ, იქ, სადაც მე გამოგეცხადები.
- 7და აკმიოს მასზე აჰარონმა სურნელოვანი საკმეველი, დილაობით აკმიოს, როცა გაამზადებს ლამპრებს.
- 8როცა აანთებს აჰარონი ლამპრებს მწუხრის ჟამს, მაშინ აკმიოს. მუდმივი საკმეველია ეს უფლის წინაშე, თაობიდან თაობამდე.
- 9არ მიაკაროთ უცხო საკმეველი, არც სრულადდასაწველი, არც პურეული ძღვენი; ნურც საღვრელ შესაწირს დაღვრით მასზე.
- 10აღასრულებს აჰარონი გამოსყიდვას მის რქებზე წელიწადში ერთხელ; ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლის სისხლით გამოისყიდის იგი წელიწადში ერთხელ, თაობიდან თაობამდე. წმიდათა წმიდაა იგი უფლისთვის”.
- 11უთხრა უფალმა მოსეს:
- 12"როცა აღრიცხავ ისრაელიანებს მათი რაოდენობის დასადგენად, მაშინ მისცეს უფალს თითოეულმა თავისი თავის გამოსასყიდი, რათა არ გაჩნდეს სენი აღრიცხვის ჟამს.
- 13და ყველამ, ვინც გაივლის აღრიცხვას, მისცეს ნახევარი შეკელი საწმიდრის შეკელისა, ერთი შეკელი ოც გერას იწონის; ნახევარი შეკელი - უფლისათვის შესაწირად.
- 14ყველამ, ვინც აღრიცხვას გაივლის, ოცი წლიდან და ზემოთ, მისცეს შესაწირი უფალს.
- 15მდიდარმა არ მოუმატოს და ღარიბმა არ დააკლოს ნახევარ შეკელს, როცა შესწირავთ უფალს თქვენი თავების გამოსასყიდად.
- 16აკრიფე გამოსასყიდი ფული ისრაელიანთაგან და გაეცი საკრებულო კარვის სამსახურისთვის, რათა იყოს იგი ისრაელიანთათვის გასახსენებლად უფლის წინაშე, თქვენი თავების გამოსასყიდად”.
- 17უთხრა უფალმა მოსეს:
- 18"გააკეთე სპილენძის საბანელი და სპილენძის კვარცხლბეკი განსაბანად, დადგი იგი საკრებულო კარავსა და სამსხვერპლოს შორის და წყალი ჩაასხი შიგ.
- 19და განიბანონ მასში აჰარონმა და მისმა ძეებმა ხელები და ფეხები.
- 20წყლით განიბანონ საკრებულო კარავში შესვლისას, რათა არ დაიხოცონ; ან, როცა სამსხვერპლოსთან მივლენ უფლისთვის საცეცხლო შესაწირის საკმევად.
- 21განიბანონ ხელები და ფეხები, რათა არ დაიხოცონ. საუკუნო წესად ჰქონდეთ მას და მის შთამომავლობას თაობიდან თაობამდე”.
- 22უთხრა უფალმა მოსეს:
- 23"აიღე საუკეთესო ნელსაცხებელნი: ხუთასი შეკელი თხევადი მური, მისი ნახევარი - ორასორმოცდაათი სურნელოვანი დარიჩინი და ორასორმოცდაათი სურნელოვანი ლერწამი.
- 24საწმიდრის ხუთასი შეკელი კასია და ჰინი ზეითუნის ზეთი.
- 25და დაამზადე ყოველივე ამისგან წმიდა ზეთი საცხებლად, შენელებული მენელსაცხებლის ოსტატობით: წმიდა ზეთი იქნება ეს.
- 26და სცხე იგი საკრებულო კარავსა და მოწმობის კიდობანს,
- 27მაგიდას და ყოველ მის ჭურჭელს, სასანთლეს და ყოველ მის ჭურჭელს, საკმევლის სამსხვერპლოს,
- 28სრულადდასაწველის სამსხვერპლოს და ყოველ მის ჭურჭელს, საბანელს და მის კვარცხლბეკს.
- 29გაწმიდე ისინი და გახდება წმიდათა წმიდა; და ყოველივე, რაც შეეხება, წმიდა გახდება.
- 30სცხე აჰარონსა და მის ძეებს და განწმიდე ისინი ჩემთვის სამსახურებლად.
- 31ისრაელიანებს კი ასე უთხარი: იქნება ეს ჩემთვის წმიდა საცხები ზეთი თაობიდან თაობამდე.
- 32ადამიანის სხეულს არ მიეცხოს და ნურც მის მსგავს ნაზავს დაამზადებთ. წმიდაა იგი, წმიდად უნდა დარჩეს თქვენთვის.
- 33ვინც მის მსგავს ნაზავს დაამზადებს და გარეშე კაცს სცხებს, მოიკვეთოს თავისი ერისგან”.
- 34უთხრა უფალმა მოსეს: "აიღე სურნელებანი - შტახსი, ონიქსი, ქელბანა და კეთილსურნელებანი წმიდა გუნდრუკთან ერთად. თითოეული თანაბარი წონის იყოს.
- 35და დაამზადე მისგან საკმევლის ნაზავი, მენელსაცხებლის ოსტატობით, მარილით შეზავებული, ხალასი და წმიდა.
- 36წვრილად დანაყე და დადე საკრებულო კარავში მოწმობის კიდობნის წინ, სადაც გამოგეცხადებით: წმიდათა წმიდა უნდა იყოს ეს თქვენთვის.
- 37თქვენთვის ნუ გაიკეთებთ საკმეველს ასეთივე ნაზავით: წმიდად შეინახეთ იგი უფლისთვის.
- 38ვინც დაიმზადებს მის მსგავსს საყნოსად, მოიკვეთოს თავისი ერისგან”.
იტვირთება შემდეგი თავი