გამოსვლა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 33
- 1უთხრა უფალმა მოსეს: "აიყარეთ ახლა აქედან და წადით, შენ და ხალხი, ეგვიპტის მიწიდან რომ გამოიყვანე, ქვეყანაში, რომელზეც შევფიცე აბრაჰამს, ისაკს და იაკობს, ასე: ‘შენს შთამომავლობას მივცემ-მეთქი.’
- 2წაგიმძღვარებ წინ ანგელოზს და განვდევნი ქანაანელებს, ამორელებს, ხეთელებს, ფერიზელებს, ხიველებს და იებუსელებს.
- 3ქვეყნისკენ, სადაც მოედინება რძე და თაფლი; თვითონ მე კი აღარ ვივლი შენ შორის, რადგან ქედმაგარი ხალხი ხარ, ვაითუ მოგსპო გზაში”.
- 4როცა მოისმინა ხალხმა ეს ავი სიტყვა, იგლოვა და არავის მიუბნევია სამკაული.
- 5უთხრა უფალმა მოსეს: "ასე უთხარი ისრაელის შვილებს: ქედმაგარი ხალხი ხართ, ერთი წამითაც რომ გავიარო თქვენ შორის, მოგსპობთ; ახლა მოიხსენით თქვენი სამკაულები და ვიცი, როგორც მოგეგცევით.
- 6და ჩამოიხსნეს ისრაელის შვილებმა სამკაულები, ხორების მთასთან.
- 7აიღო მოსემ და ბანაკის გარეთ, შორს გაიშალა კარავი და უწოდა მას საკრებულო კარავი; ყოველი უფლის მაძიებელი საკრებულო კარავთან მიდიოდა, რომელიც ბანაკის გარეთ იდგა.
- 8როცა გადიოდა მოსე კარვისკენ, ფეხზე დგებოდა მთელი ხალხი; თითოეული თავისი კარვის შესასვლელთან ჩერდებოდა და თვალს აყოლებდა მოსეს, ვიდრე კარავში არ შევიდოდა.
- 9როდესაც შევიდოდა მოსე კარავში, ღრუბლის სვეტი ეშვებოდა და იდგა კარვის შესასვლელთან და ლაპარაკობდა უფალი მოსესთან.
- 10და ხედავდა მთელი ხალხი კარვის შესასვლელთან აღმართულ ღრუბლის სვეტს; დგებოდა მთელი ხალხი და თაყვანს სცემდა, თითოეული თავისი კარვის შესასვლელთან.
- 11და ლაპარაკობდა უფალი მოსესთან პირისპირ, როგორც თავის მეგობარს ელაპარაკება კაცი. მერე ბრუნდებოდა ბანაკში; ხოლო მისი მსახური, ჭაბუკი იეშუა ნავეს ძე, არ შორდებოდა კარავს.
- 12უთხრა მოსემ უფალს: "აჰა, მეუბნები, წარუძეხიო ამ ხალხს, მაგრამ არ გაგიმხელია, ვის აგზავნი ჩემთან ერთად; აკი მითხარი, სახელით გიცნობ და ნაპოვნი გაქვსო მადლი ჩემს თვალში.
- 13თუ ვპოვე მადლი შენს თვალში, გემუდარები, მაუწყე შენი გზები, რათა შეგიცნო და ვპოვო მადლი შენს თვალში; აჰა, გაითვალისწინე, რომ შენი ერია ეს ხალხი”.
- 14თქვა უფალმა: "მე თავად წამოვალ და დაგასვენებ”.
- 15უთხრა მოსემ: "თუ თავად შენ არ წაგვიძღვები, აქედან ნუ გაგვიყვან.
- 16როგორ გახდება საცნაური, რომ ვპოვეთ მადლი მე და შენმა ხალხმა შენს თვალში? განა იმით არა, რომ წამოხვალ ჩვენთან ერთად და ამით ვიქნებით გამორჩეული, მე და შენი ხალხი, ყოველი ერისგან, რაც კი დედამიწის ზურგზეა?”
- 17უთხრა უფალმა მოსეს: "მაგ შენ ნათქვამსაც შეგისრულებ, რადგან მადლი ჰპოვე ჩემს თვალში და გიცნობ სახელით”.
- 18უთხრა მოსემ: "მახილვინე შენი დიდება”.
- 19უპასუხა უფალმა: "ჩამოვატარებ მთელ ჩემს სიკეთეს შენს წინ და განვაცხადებ ჩემს სახელს ‘უფალი’ და შევიწყალებ ვისაც შევიწყალებ, და შევიბრალებ ვისაც შევიბრალებ”.
- 20თქვა: "ვერ შეძლებ ჩემი სახის ხილვას, რადგან არ ძალუძს ადამიანს მიხილოს და ცოცხალი დარჩეს”.
- 21თქვა უფალმა: "აჰა, ადგილია ჩემთან: დადექი ამ კლდეზე,
- 22და როცა ჩაივლის ჩემი დიდება, კლდის ნაპრალში მოგათავსებ და დაგფარავ ჩემი ხელით, ვიდრე გავივლი;
- 23მოგაშორებ ხელს და დაინახავ ჩემს ზურგს, მაგრამ სახეს ვერ იხილავ”.
იტვირთება შემდეგი თავი