ეზეკიელი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 17
- 1და იყო უფლის სიტყვა ჩემდამი:
- 2"ძეო კაცისავ! გადაეცი გამოცანა და ელაპარაკე იგავი ისრაელის სახლს.
- 3უთხარი: ასე ამბობს-თქო ისრაელის ღმერთი: დიდი არწივი, დიდფრთიანი, გრძელნაკრტენიანი და ხშირ და ჭრელბუმბულიანი, მოვიდა ლიბანში და კედარის კენწერო წაიღო.
- 4ზემო ყლორტები მოტეხა, ქანაანის ქვეყანაში მოიტანა და ვაჭრების ქალაქში დადო.
- 5აიღო იმ ქვეყნის თესლი და ნაყოფიერ მიწაში ჩათესა, უხვ წყლებთან ჩადო და ტირიფივით დარგო.
- 6აღმოცენდა და განიტოტა დაბალი ტანის ვაზი, ლერწები არწივისკენ იყო მიმართული, ფესვებიც მის ქვეშ იყო; და გახდა ვაზი, რქა გამოიღო და ლერწები გაუშვა.
- 7და იყო კიდევ ერთი დიდი არწივი, დიდფრთიანი და ხშირბუმბულიანი; და, აჰა, ვაზმა თავისი კვალიდან ფესვები მისკენ მიმართა და ლერწები მისკენ გაიშვირა დასარწყულებლად.
- 8ნოყიერ ნიადაგზე, უხვ წყლებთან იყო დარგული, რომ ლერწები გაეკეთებინა და ნაყოფი გამოეღო. დიდებული ვაზი რომ გამხდარიყო.
- 9უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: გაიხარებს თუ არა? განა არ ამოძირკვავენ მის ფესვებს და არ მოგლეჯენ მის ნაყოფს, რომ ყველა მისი გამოღებული ფოთოლი გახმეს? ძლიერი მკლავი და ბევრი ხალხი არ იქნება საჭირო, რომ ფესვიდან მოგლიჯონ.
- 10თუნდაც დარგონ, განა იხარებს და გაიზრდება? ვითომ არ გახმება, აღმოსავლეთის ქარი რომ დაუბერავს? განა იმ კვალშივე არ გახმება, სადაც გაიზარდა?”
- 11და იყო უფლის სიტყვა ჩემდამი:
- 12"უთხარი მეამბოხე სახლს: ვითომ ვერ ხვდებით, რას ნიშნავს ეს? უთხარი: აჰა, მოვიდა ბაბილონის მეფე იერუსალიმში, წაიყვანა მისი მეფე და მთავრები და მიიყვანა თავისთან ბაბილონში.
- 13შემდეგ აიყვანა სამეფო მოდგმიდან სხვა ვინმე, აღთქმა დადო მასთან და ფიცში შეიყვანა; ქვეყნის ძლიერნიც წაიყვანა,
- 14რათა სამეფო მასზე დამოკიდებული ყოფილიყო და არ გაამპარტავნებულიყო, რომ აღთქმა დაეცვა და გაეძლო.
- 15ის კი აუჯანყდა მას და მოციქულები გაგზავნა ეგვიპტეში, რომ ცხენები და ბევრი ხალხი მიეცათ მისთვის. განა მიაღწევს წარმატებას? განა გადარჩება ამის ჩამდენი? აღთქმას დაარღვევს და გადარჩება?
- 16ცოცხალი ვარ, ამბობს უფალი ღმერთი, თუ მისი გამამეფებელი მეფის ქვეყანაში, ბაბილონში არ მოკვდეს ის, ვინც ფიცი მოიძულა და აღთქმა გატეხა.
- 17ფარაონი და მისი დიდი ლაშქარი თავისი დიდძალი ამალით ვერ უშველის მას ომში, როცა მრავალი სულის დასაღუპავად აღიმართება მიწაყრილები და აიგება გოდოლები.
- 18აღთქმის დარღვევით ფიცი შეიძულა; აჰა, ხელი მისცა და მაინც ჩაიდინა ეს ყველაფერი: ვერ გადარჩება.
- 19ამიტომ ამბობს უფალი ღმერთი: ცოცხალი ვარ, თუ არ ვაზღვევინე ფიცი, რომელიც შეიძულა და აღთქმა, რომელიც დაარღვია.
- 20ჩემს ბადეს მოვისვრი მასზე და ჩემს ხაფანგში გაებმევა, ბაბილონში მივიყვან და იქ გავასამართლებ მისი ორგულობის გამო, ჩემს წინააღმდეგ რომ იორგულა.
- 21რაზმიდან გაქცეული ყველა მისი მეომარი მახვილით დაეცემა; დარჩენილნი კი ყველა ქარის მიმართულებით გაიფანტებიან. მაშინ გაიგებთ, რომ მე, უფალმა ვილაპარაკე.
- 22ასე ამბობს უფალი ღმერთი: მაღალი კედრის კენწეროდან ტოტს ავიღებ და დავრგავ; ზემოთა ყლორტებიდან მოვწყვეტ ნედლ და ნაზს და მაღალ, ამაღლებულ მთაზე დავრგავ.
- 23ისრაელის მაღალ მთაზე დავრგავ, ტოტებს გაუშვებს, ნაყოფს გამოიღებს და დიდებულ კედრად იქცევა; მის ქვეშ დაბინავდება სხვადასხვაგვარი ფრინველი და მისი რტოების ჩრდილში დაიბუდებს ყოველი ფრთოსანი.
- 24გაიგებს მინდვრის ყველა ხე, რომ მე ვარ უფალი: მე ვამდაბლებ აღზევებულ ხეს და აღვაზევებ დამდაბლებულ ხეს; ვახმობ ნედლ ხეს და ვაყვავებ გამხმარ ხეს. მე, უფალმა ვთქვი და აღვასრულებ!”
იტვირთება შემდეგი თავი