ეზეკიელი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 9
- 1ყურში ჩამძახა ხმამაღლა და მითხრა: "ახლო მოდექით, ქალაქის დამსჯელნო, თითოეული თავისი გამანადგურებელი იარაღით ხელში!”
- 2და, აჰა, ექვსი კაცი მოდის ჩრდილოეთისკენ მიმართული ზემო კარიბჭის მხრიდან; თითოეულს თავისი გამანადგურებელი იარაღი უჭირავს ხელში. მათ შორის ერთი სელით არის შემოსილი, წელზე მწერლის სამელნე აქვს. მოვიდნენ და სპილენძის სამსხვერპლოსთან დადგნენ.
- 3ამაღლდა ისრაელის ღმერთის დიდება ქერუბიდან, რომელზედაც იყო იგი, ტაძრის ზღურბლისკენ; დაუძახა კაცს, სელით რომ იყო შემოსილი, მწერლის სამელნე რომ ჰქონდა წელზე.
- 4უთხრა უფალმა: "ქალაქის შუაგულში ჩაიარე, იერუსალიმის შუაგულში და შუბლზე ნიშანი დაადე იმათ, რომ კვნესიან და მოთქვამენ ყოველი იმ სისაძაგლის გამო, რაც იქ ხდება”.
- 5სხვებსაც უთხრა ჩემს გასაგონად: "ქალაქში ჩაიარეთ მის კვალზე და მუსრეთ, ნუ შეიბრალებს თქვენი თვალი და ნუ დაინდობთ!
- 6მოხუცნი, ჭაბუკნი თუ ქალწულნი, ბავშვები თუ ქალები, ყველა დახოცეთ; ვისაც ნიშანი ადევს ნუ შეეხებით. ჩემი საწმიდარიდან დაიწყეთ”. მათაც დაიწყეს ტაძრის წინ მჯდარი უხუცესებიდან.
- 7უთხრა მათ: "შებილწეთ ტაძარი და გვამებით აავსეთ ეზოები!” ისინიც გავიდნენ და შეუდგნენ ქალაქში ხალხის ჟლეტას.
- 8ჯერ კიდევ მუსრავდნენ და მხოლოდ მეღა ვიყავი დარჩენილი, რომ პირქვე დავემხე, შევღაღადე და ვთქვი: "ოჰ, უფალო ღმერთო! ნუთუ იერუსალიმზე შენი რისხვის გადმოღვრით ისრაელის მთელს ნატამალს ანადგურებ?”
- 9მითხრა: "ისრაელის ტაძრისა და იუდას ურჯულოება ძალზე დიდია; სისხლით აივსო ეს ქვეყანა და ქალაქი სავსეა ძალადობით, რადგან ამბობენ: უფალმა მიატოვაო ეს ქვეყანა, ვერაფერს ხედავსო უფალი.
- 10არ შეიბრალებს ჩემი თვალი და არ დავინდობ, მათ თავზევე მოვაქცევ მათ გზებს”.
- 11და, აჰა, სელით შემოსილმა კაცმა, მწერლის სამელნე რომ ჰქონდა წელზე, თქვა: "ისე გავაკეთე ყველაფერი, როგორც მიბრძანე”.
იტვირთება შემდეგი თავი