ეზრა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 3

  1. 1
    როცა დადგა მეშვიდე თვე და ისრაელიანები უკვე თავ-თავიანთ ქალაქებში დასახლდნენ, შეიკრიბა მთელი ხალხი იერუსალიმში, როგორც ერთი კაცი.
  2. 2
    ადგნენ იეშუა იოცადაკის ძე და მისი ღვთისმსახური ძმები, ზერუბაბელ შეალთიელის ძე და მისი ძმები და აუშენეს სამსხვერპლო ისრაელის ღმერთს მასზე სრულადდასაწველთა აღსავლენად, როგორც ეს მოსეს, ღვთის კაცის რჯულში იყო დაწერილი.
  3. 3
    იმისდა მიუხედავად, რომ გარშემო ქვეყანათა ხალხების შიში ჰქონდათ, თავისივე საძირკველზე დადგეს სამსხვერპლო და აღავლენდნენ მასზე სრულადდასაწველს; დილის და საღამოს სრულადდასაწველს.
  4. 4
    კარვობის დღესასწაულიც აღასრულეს, როგორც წერია და სწირავდნენ ყოველდღიურ სრულადდასაწველთ განსაზღვრული რაოდენობით, წესის მიხედვით, ყოველდღიური საჭიროებისამებრ.
  5. 5
    ამის შემდეგ მუდმივად აღავლენდნენ სრულადდასაწველს ახალმთვარობისას და უფლის ყოველ წმიდა დღესასწაულზე; ყველასთვის, ვინც კეთილი ნებით სწირავდა შესაწირს უფალს.
  6. 6
    მეშვიდე თვის პირველი დღიდან დაიწყეს უფლისთვის სრულადდასაწველთა აღვლენა, თუმცა უფლის ტაძრისთვის საძირკველი ჯერ არ იყო ჩაყრილი.
  7. 7
    ფული მისცეს ქვის მთლელებსა და ხუროებს, საჭმელ-სასმელი და ზეთი ციდონელებსა და ცორელებს, რათა ლიბანიდან კედარის ხეები მოეზიდათ ზღვით იაფოში, სპარსეთის მეფის, კიროსის მიერ მათთვის მიცემული ნებართვისამებრ.
  8. 8
    ღვთის სახლში, იერუსალიმში მათი მისვლიდან მეორე წლის მეორე თვეს დაიწყეს ზერუბაბელ შეალთიელის ძემ და იეშუა იოცადაკის ძემ თავიანთ დანარჩენ ძმებთან, ტყვეობიდან იერუსალიმში მობრუნებულ მღვდლებთან და ლევიანებთან ერთად, მშენებლობა; ზედამხედველებად ოცი წლისა და უფროსი ლევიანები დააყენეს უფლის სახლის საქმეზე.
  9. 9
    დადგნენ იეშუა, მისი ძენი და ძმანი, კადმიელი და მისი ძენი, ჰოდავიას ძენი, აგრეთვე ხენადადის ძენი, მათი ძეები და ძმები, ლევიანები, როგორც ერთი კაცი, ღვთის ტაძარში მუშების ზედამხედველებად.
  10. 10
    საძირკველი რომ ჩაუყარეს უფლის ტაძარს მშენებლებმა, მღვდლები დააყენეს საყვირებით, თავიანთი სამოსით შემოსილნი და ლევიანები, ასაფის ძენი, წინწილებით, რათა დავითის, ისრაელის მეფის, წესისამებრ ედიდებინათ უფალი.
  11. 11
    აქებდნენ და ემადლიერებოდნენ უფალს. ამბობდნენ: „რადგან კეთილია იგი და უკუნისამდეა მისი წყალობა ისრაელზე!” ყიჟინას სცემდა მთელი ხალხი და მაღალი ხმით აქებდა უფალს, ღმერთის სახლის დაფუძნების გამო.
  12. 12
    მრავალი მოხუცი მღვდელი, ლევიანი და მამისსახლთა თავკაცი, ვისაც პირვანდელი ტაძარი ჰქონდა ნანახი, ხმამაღლა ტიროდა, როცა საძირკველი ჩაუყარეს ტაძარს მათ თვალწინ. ბევრი სიხარულით ყიჟინებდა.
  13. 13
    ასე რომ, ხალხი ერთმანეთისგან ვერ არჩევდა სასიხარულო ყიჟინისა და ტირილის ხმებს, რადგან დიდი ხმით ყიჟინებდნენ და შორს ისმოდა მათი ხმა.
იტვირთება შემდეგი თავი