გალატელთა მიმართ — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 2
- 1მერე, თოთხმეტი წლის შემდეგ კვლავ ავედი იერუსალიმში ბარნაბასთან ერთად. ტიტეც თან წავიყვანე.
- 2ავედი გამოცხადებით და წარვუდგინე მათ სახარება, რომელსაც ვქადაგებდი წარმართებს შორის; განსაკუთრებით წარვუდგინე იგი წარმოჩენილთ, ამაოდ ხომ არ დავრბივარ ან ვშრომობ-მეთქი;
- 3მაგრამ ჩემთან მყოფი ტიტეც კი, თუმცა ის ბერძენი იყო, არ აიძულეს, რომ წინადაეცვითა.
- 4ხოლო ცრუ ძმებს, რომლებიც შემოიპარნენ, რომ ეთვალთვალათ ჩვენი თავისუფლებისთვის, რომელიც იესო ქრისტეში გვაქვს, და დავემონებინეთ,
- 5ერთი საათითაც არ დავნებებულვართ, რათა სახარების ჭეშმარიტება დაცულიყო თქვენში.
- 6ხოლო რაც შეეხება მათ, ვინც რამედ ჩანან, როგორებიც არ უნდა იყვნენ ისინი, ჩემთვის სულ ერთია - ღმერთი გარეგნობის მიხედვით არ სჯის, მათაც არაფერი დაუკისრებიათ.
- 7პირიქით, როცა დაინახეს, რომ მე წინადაუცვეთელებისთვის მაქვს მონდობილი ხარება, ისევე, როგორც პეტრეს _ წინადაცვეთილებისთვის -
- 8რადგან ის, ვინც პეტრესთან იღწვოდა წინადაცვეთილებისთვის მოციქულობაში, ჩემთანაც იღწვოდა წარმართებისთვის -
- 9და როცა ჩემთვის მოცემული მადლის შესახებ შეიტყვეს იაკობმა, კეფამ და იოანემ, ბურჯებად რომ ითვლებოდნენ, მოგვცეს მე და ბარნაბას მოზიარეობის მარჯვენა, რომ ჩვენ წარმართებთან წავსულიყავით, ისინი კი - წინადაცვეთილებთან.
- 10ოღონდ უნდა გვხსომებოდა ღატაკები, რასაც ისედაც ვესწრაფოდი.
- 11ჰოდა, როცა კეფა ანტიოქიაში მოვიდა, საჯაროდ წინ აღვუდექი მას, ვინაიდან საჩივარი იყო მასზე.
- 12რადგან ვიდრე იაკობისგან ზოგიერთები მოვიდოდნენ, წარმართებთან ერთად ჭამდა, ხოლო მათი მოსვლისთანავე ჩამოშორდა მათ და წინადაცვეთილთა შიშით განზე გადგა.
- 13მასთან ერთად თვალთმაქცობდნენ სხვა იუდეველებიც, ისე, რომ ბარნაბაც კი ჩაითრია მათმა თვალთმაქცობამ.
- 14მაგრამ, ვიხილე რა, რომ სწორად არ მიჰყვებოდნენ სახარების ჭეშმარიტებას, ყველას თანდასწრებით ვუთხარი კეფას: თუ შენ, იუდეველი, წარმართივით ცხოვრობ და არა იუდეველივით, აბა, წარმართებს რაღად აიძულებ-მეთქი, რომ გაიუდეველდნენ?
- 15ჩვენ ბუნებით იუდეველნი ვართ და არა ცოდვილნი წარმართთაგან.
- 16მაგრამ რაკი შევიტყვეთ, რომ ადამიანი გამართლდება არა რჯულის საქმეებით, არამედ იესო ქრისტეს რწმენით, ჩვენც ვირწმუნეთ იესო ქრისტე, რათა გავმართლდეთ ქრისტეში რწმენით და არა რჯულის საქმეებით. ვინაიდან რჯულის საქმეებით ვერა ხორციელი ვერ გამართლდება.
- 17ხოლო თუ ქრისტეში გამართლების მძებნელნი ცოდვილნი აღმოვჩნდით, განა ქრისტე ცოდვის მსახურია? არამც და არამც!
- 18ვინაიდან თუ კვლავ იმას ვაშენებ, რაც დავანგრიე, ამით დამნაშავედ ვხდი ჩემს თავს.
- 19მე რჯულის მეშვეობით მოვკვდი რჯულისთვის, რათა ღვთისთვის ვიცოცხლო!
- 20ქრისტესთან ერთად ვარ ჯვარცმული! მე უკვე აღარ ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში. ახლა რომ სხეულში ვცხოვრობ, რწმენით ვცოცხლობ, ღვთის ძეში, რომელმაც შემიყვარა და თავი მისცა ჩემთვის.
- 21არ უგულებელვყოფ ღვთის მადლს, ვინაიდან თუ რჯულითაა გამართლება, აბა, ამაოდ მომკვდარა ქრისტე!
იტვირთება შემდეგი თავი