გალატელთა მიმართ — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 4
- 1ვამბობ: მემკვიდრე-მეთქი, მაგრამ ვიდრე ის ჩვილია, არაფრით განირჩევა მონისგან, თუმცა ყოვლის მფლობელია.
- 2არამედ აღმზრდელთა და მოურავთა ხელქვეით იმყოფება იგი მამამისის მიერ დანიშნულ ვადამდე.
- 3ასევე ჩვენც, ვიდრე ყრმანი ვიყავით, წუთისოფლის წესებს ვემონებოდით.
- 4და როცა მოვიდა სისრულე დროისა, მოავლინა ღმერთმა თავისი ძე, რომელიც დედაკაცისგან იშვა და დაემორჩილა რჯულს.
- 5რჯულის ქვეშ მყოფთა გამოსასყიდად, რათა შვილობა მიგვეღო.
- 6და რაკიღა თქვენ ძენი ხართ, ღმერთმა მოავლინა თქვენს გულებში თავისი ძის სული, რომელიც შესძახის: "აბბა, მამაო!”
- 7ამიტომ, უკვე აღარ ხარ მონა, არამედ ძე, ხოლო თუ ძე, მემკვიდრეც ხარ ღვთის მიერ.
- 8თუმცა მაშინ, როცა არ იცნობდით ღმერთს, ემსახურებოდით მათ, რომლებიც ბუნებით ღმერთები არ არიან.
- 9ახლა კი, როცა ღმერთი იცანით, უფრო მეტიც, როცა ღვთისგანაც შეცნობილი ხართ, როგორღა უბრუნდებით უძლურ და ღატაკ საწყისებს და გინდათ ხელახლა დაემონოთ მათ?
- 10დღეებს აკვირდებით და თვეებს, ჟამსა და წელიწადებს.
- 11ვშიშობ, ამაოდ ხომ არ გავისარჯე თქვენ შორის!
- 12გახდით ჩემნაირნი, როგორც მე - თქვენნაირი, ძმებო გევედრებით, ცუდად არაფერში მომქცევიხართ.
- 13იცით, რომ ხორცის უძლურებით გახარეთ პირველად.
- 14და არ მოიძულეთ ჩემი განსაცდელი სხეულში, არც უგულებელყავით, არამედ მიმიღეთ როგორც ღვთის ანგელოზი, როგორც ქრისტე იესო.
- 15სად არის თქვენი მაშინდელი ნეტარება! ვამოწმებ თქვენზე: რომ შეგძლებოდათ, თვალებს ამოითხრიდით და მე მომცემდით.
- 16მაშ, ნუთუ თქვენი მტერი გავხდი, ჭეშმარიტებას რომ გელაპარაკებით?
- 17სასიკეთოდ როდი არიან თქვენთვის მოშურნენი, არამედ სურთ თქვენი დაცილება ჩვენგან, რათა მათთვის გქონდეთ მოშურნეობა.
- 18კარგია სასიკეთოდ მოშურნეობა ყოველთვის და არა მხოლოდ თქვენთან ჩემი ყოფნისას.
- 19ჩემო შვილებო, რომელთათვისაც ჯერაც განვიცდი მშობიარობის ტკივილებს, ვიდრე თქვენში ქრისტე გამოისახება.
- 20ვისურვებდი თქვენთან ყოფნას და კილოს შეცვალას, ვინაიდან გაოგნებული ვარ თქვენ გამო.
- 21მითხარით, ვისაც რჯულის ქვეშ ყოფნა გსურთ, განა არ უსმენთ რჯულს?
- 22ვინაიდან დაწერილია, რომ ორი ძე ჰყავდა აბრაჰამს, ერთი მხევლისგან, მეორე კი - თავისუფლისგან.
- 23მაგრამ მხევლისგან გამოსული ხორციელად იყო შობილი, ხოლო თავისუფლისგან გამოსული - აღთქმის მიხედვით.
- 24ამაში არის ქარაგმა. ეს არის ორი აღთქმა: ერთი სინაის მთიდან, რომელიც მონობისთვის შობს; და ეს აგარია.
- 25ვინაიდან აგარი არის სინაის მთა არაბეთში და ამჟამინდელ იერუსალიმს შეესაბამება, ვინაიდან ის მონობაშია თავის შვილებთან ერთად.
- 26ხოლო ზენა იერუსალიმი თავისუფალია - ის ყველა ჩვენგანის დედაა.
- 27რადგან დაწერილია: "იხარებდე, ბერწო, უშობელო! სიხარულით აყიჟინდი, სალმობის განუცდელო! რადგან მიტოვებულს მეტი შვილები ეყოლება, ვიდრე გათხოვილს”.
- 28და თქვენც, ძმებო, ისაკის მიხედვით აღთქმის შვილები ხართ.
- 29მაგრამ როგორც მაშინ სდევნიდა ხორციელად შობილი სულით შობილს, ასევეა ახლაც.
- 30თუმცა, აი, რას ამბობს წერილი: "განდევნე მხევალი და მისი ძე, ვინაიდან მხევლის ძე ვერ გახდება მემკვიდრე თავისუფლის ძესთან ერთად!”
- 31ამრიგად, ძმებო, მხევლის შვილები კი არა ვართ, არამედ - თავისუფლისა!
იტვირთება შემდეგი თავი