დაბადება — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 14

  1. 1
    შინყარის მეფის, ამრაფელის მეფობის დროს არიოქმა, ელასარის მეფემ, ქედორლაღომერმა, ყელამის მეფემ და თიდყალმა, გოიმის მეფემ,
  2. 2
    ომი დაიწყეს სოდომის მეფე ბერაყთან, გომორას მეფე ბირშაყთან, ადმას მეფე შინაბთან, ცებოიმის მეფე შემებერთან და ბელაყის ანუ ცოყარის მეფესთან.
  3. 3
    ყველანი სიდიმის ველზე შეიკრიბნენ, სადაც ახლა მლაშე ზღვაა.
  4. 4
    თორმეტ წელს ემორჩილებოდნენ ქედორლაღომერს, ხოლო მეცამეტე წელს აუჯანყდნენ.
  5. 5
    მეთოთხმეტე წელს მოვიდა ქედორლაღომერი, მასთან მყოფ მეფეებთან ერთად და დაამარცხა რეფაიმელნი ყაშთორეთ-კარნაიმში, ზუზიელნი - ჰამში, ემიელნი - შავეკირიათაიმში.
  6. 6
    ხორიელები კი - სეყირის მთებში ელ-ფარანამდე, უდაბნოსთან.
  7. 7
    უკან მობრუნებისას მივიდნენ ყენ-მიშფატთან, რომელიც კადეშშია და გაანადგურეს ყამალეკის მთელი ქვეყანა, ასევე ამორელნიც, ხაცეცონ-თამარის მკვიდრნი.
  8. 8
    და გამოვიდნენ სოდომის, გომორას, ადმას, ცებოიმის, ბელაყის ანუ ცოყარის მეფეები და სიდიმის ველზე გაუმართეს ბრძოლა.
  9. 9
    ყელამის მეფე ქედორლაღომერს, გოიმის მეფე თიდყალს, შინყარის მეფე ამრაფელს და ელასარის მეფე არიოქს - ხუთმა მეფემ ოთხ მეფეს.
  10. 10
    და იყო სიდიმის ველზე უამრავი ფისოვანი ორმო; და შიგ ჩაცვივდნენ უკუქცეული სოდომისა და გომორას მეფენი; დანარჩენები კი მთებში გაიქცნენ.
  11. 11
    და წაიღეს სოდომისა და გომორას მთელი ქონება, მთელი მათი სარჩო-საბადებელი და წავიდნენ.
  12. 12
    ლოტიც, აბრამის ძმისწულიც წაიყვანეს, მთელი მისი ქონებითურთ და წავიდნენ.
  13. 13
    და მოვიდა ერთი ლტოლვილი ებრაელ აბრამთან და შეატყობინა ეს ამბავი. მაშინ იგი ამორელი მამრეს, ეშქოლისა და ყანერის ძმის მუხნარში ბინადრობდა; აბრამის მოკავშირენი იყვნენ ისინი.
  14. 14
    როცა აბრამმა მისი ძმისშვილის დატყვევების ამბავი გაიგო, აღჭურვა თავის სახლში შობილი სამას თვრამეტი კაცი და სდია მტერს დანამდე.
  15. 15
    გაიყვნენ ღამე აბრამი და მისი კაცნი, დაამარცხეს ისინი და ხობამდე სდიეს, რომელიც დამასკოს მარცხნივაა.
  16. 16
    დაიბრუნა მთელი ქონება და თავისი ძმისშვილი ლოტიც, მისი ქალებითა და ქონებითურთ.
  17. 17
    გამოეგება სოდომის მეფე შავეს ველზე, რომელსაც ახლა სამეფო ველს უწოდებენ, ქედორლაღომერსა და მასთან მყოფ მეფეებზე გამარჯვების შემდეგ.
  18. 18
    და გამოუტანა პური და ღვინო მელქისედეკმა, შალემის მეფემ; და იყო ის უზენაესი ღმერთის მღვდელი.
  19. 19
    აკურთხა იგი და თქვა: "კურთხეულია აბრამი უზენაესი ღმერთის, ცისა და დედამიწის მპყრობელის მიერ.
  20. 20
    კურთხეულია უზენაესი ღმერთი, რომელმაც ხელში ჩაგაგდებინა შენი მტრები”. და მისცა მას აბრამმა მეათედი ყოველივედან.
  21. 21
    უთხრა სოდომის მეფემ აბრამს: "ხალხი მომეცი, ქონება კი შენთვის დაიტოვე”.
  22. 22
    უთხრა აბრამმა სოდომის მეფეს: "აღვაპყრობ ხელებს უფლისადმი, უზენაესი ღმერთისადმი, ცისა და დედამიწის მფლობელისადმი,
  23. 23
    რომ ძაფსა და ფეხსაცმლის თასმასაც კი არ ავიღებ იქიდან, რაც შენია, რომ არ გათქმევინო - მე გავამდიდრეო აბრამი!
  24. 24
    გარდა იმისა, რაც ჭამეს ჭაბუკებმა და რაც ჩემთან წამოსულებს ხვდათ წილად; ყანერმა, ეშქოლმა და მამრემ თავ-თავიანთი წილი წაიღონ”.
იტვირთება შემდეგი თავი