დაბადება — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 20

  1. 1
    გაემგზავრა აბრაჰამი ნეგების ქვეყნისაკენ და კადეშსა და შურს შორის - გერარში დასახლდა.
  2. 2
    თქვა აბრაჰამმა სარაზე, თავის ცოლზე, რომ და იყო მისი. აბიმელექმა, გერარის მეფემ, კაცი გაგზავნა და თავისთან მიაყვანინა სარა.
  3. 3
    მაგრამ ღმერთი მოევლინა სიზმარში აბიმელექს და უთხრა: "აჰა, მოკვდები იმ ქალის გამო, რომელიც მოიყვანე, რადგან ქმრიანია იგი!”
  4. 4
    მაგრამ არ მიჰკარებია მას აბიმელექი და ამიტომ უთხრა უფალს: "უფალო, განა მართალ ხალხსაც დაღუპავ?
  5. 5
    მან ხომ მითხრა, ჩემი და არისო? ქალმაც თქვა: ჩემი ძმა არისო! გულმართლად და უმწიკვლო ხელით ჩავიდინე ეს”.
  6. 6
    და უთხრა ღმერთმა სიზმარში: "ვიცი, რომ გულმართლად გააკეთე ეს, ამიტომ განგარიდე ცოდვას ჩემს წინაშე და არ მიგაკარე მაგ ქალს.
  7. 7
    ახლა კი დაუბრუნე ცოლი თავის ქმარს, რადგან წინასწარმეტყველია ის კაცი, ისიც ილოცებს შენთვის და იცოცხლებ; ხოლო თუ არ დაუბრუნებ, იცოდე, რომ შენ და შენიანებს სიკვდილი არ აგცდებათ”.
  8. 8
    ადგა აბიმელექი დილაადრიანად, დაიბარა კარისკაცნი და ყველაფერს მოუყვა. ფრიად შეშინდა ხალხი.
  9. 9
    მოიხმო აბიმელექმა აბრაჰამი და უთხრა: "ეს რა გვიყავი? რა შეგცოდე, რომ მოაწიე ჩემზე და მთელ ჩემს სამეფოზე დიდი ცოდვა? საქმე, რომელიც არ ჩადენილა, ჩაიდინე ჩემთან!”
  10. 10
    უთხრა აბიმელექმა აბრაჰამს: "რა გქონდა განზრახული, ამას რომ სჩადიოდი?”
  11. 11
    მიუგო აბრაჰამმა: "მე მეგონა, ღვთის შიში არ იქნებოდა ამ მხარეში და მომკლავდნენ ჩემი ცოლის გამო.
  12. 12
    მართლაც ჩემი და არის სარა, მამაჩემის ასულია, თუმცა დედაჩემის ასული არ არის; და გახდა ჩემი ცოლი.
  13. 13
    ღმერთმა რომ გამომიყვანა მამაჩემის სახლიდან, ვუთხარი ქალს: "ერთი სიკეთე მიყავი, ყოველ უცხო ადგილას, სადაც კი მივალთ, თქვი: ჩემი ძმა არის-თქო ეს კაცი”.
  14. 14
    და აიღო აბიმელექმა წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელი, მსახურნი და მხევალნი და მისცა აბრაჰამს; და დაუბრუნა სარაც, მისი ცოლი.
  15. 15
    უთხრა აბიმელექმა: "აჰა, შენს წინაშეა ჩემი ქვეყანა. სადაც გენებოს, იქ დამკვიდრდი”.
  16. 16
    სარას კი უთხრა: "აი, ათასი შეკელი ვერცხლი მივეცი შენს ძმას. იმის დასტურია ეს შენი თანმხლებისა და ყველას წინაშე, რომ უდანაშაულო ხარ”.
  17. 17
    ილოცა აბრაჰამმა ღვთის წინაშე და განკურნა ღმერთმა აბიმელექი, მისი ცოლი და მხევლები და კვლავ დაორსულდნენ ისინი.
  18. 18
    რადგან დაეხშო უფალს აბიმელექის სახლში ყველასთვის საშო, აბრაჰამის ცოლის - სარას გამო.
იტვირთება შემდეგი თავი