დაბადება — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 22

  1. 1
    ამ ამბების შემდეგ გამოსცადა ღმერთმა აბრაჰამი; დაუძახა: "აბრაჰამ!” და უპასუხა: "აქა ვარ!”
  2. 2
    მან უთხრა: "წაიყვანე შენი ერთადერთი ძე ისაკი, რომელიც ძალიან გიყვარს; წადი მორიას მხარეში და სრულადდასაწველ მსხვერპლად შესწირე ერთ მთაზე, რომელსაც გაჩვენებ”.
  3. 3
    ადგა აბრაჰამი დილაადრიანად, შეკაზმა სახედარი და თან წაიყვანა თავისი ორი მსახური და ისაკი თავისი ძე. დააპო შეშა სრულადდასაწველისთვის და იმ ადგილისკენ გაეშურა, რომელზეც ღმერთმა მიანიშნა.
  4. 4
    აღაპყრო თვალები აბრაჰამმა მესამე დღეს და შორიდან დაინახა ის ადგილი.
  5. 5
    უთხრა აბრაჰამმა მსახურებს: "თქვენ სახედართან დარჩით, მე და ჩემი ვაჟი კი წავალთ, თაყვანს ვცემთ და მოვბრუნდებით”.
  6. 6
    აიღო აბრაჰამმა სამსხვერპლო შეშა და თავის ძეს, ისაკს აჰკიდა ზურგზე, თვითონ ცეცხლი და დანა აიღო ხელში და წავიდნენ ერთად.
  7. 7
    უთხრა ისაკმა აბრაჰამს: "მამა!” და მიუგო აბრაჰამმა: "აქა ვარ, შვილო!” ჰკითხა მას ისაკმა: "ცეცხლი და შეშა გვაქვს, მაგრამ სრულადდასაწველი კრავი სად არის?”
  8. 8
    უთხრა აბრაჰამმა: "ღმერთი თვითონ გამოაჩენს სრულადდასაწველ კრავს, შვილო”. ასე მიდიოდნენ ერთად.
  9. 9
    მიადგნენ იმ ადგილს, ღმერთმა რომ უთხრა და აღმართა აბრაჰამმა სამსხვერპლო, დააწყო შეშა, შეკრა თავისი ძე, ისაკი და დასვა იგი სამსხვერპლო შეშაზე.
  10. 10
    გაიწოდა აბრაჰამმა ხელი და აიღო დანა შვილის დასაკლავად.
  11. 11
    მოუხმო მას უფლის ანგელოზმა ციდან და დაუძახა: "აბრაჰამ, აბრაჰამ!” უპასუხა: "აქა ვარ!”
  12. 12
    უთხრა: "ნუ აღმართავ ხელს ამ ყრმაზე, ნურაფერს დაუშავებ, რადგან ახლა ვიცი, რომ ღვთისმოშიში ხარ და არ დაზოგე ძე, შენი ერთადერთი, ჩემთვის!”
  13. 13
    აღაპყრო თვალები აბრაჰამმა და დაინახა ვერძი, რომელიც რქებით გახლართულიყო ბუჩქნარში. მივიდა აბრაჰამი, აიყვანა ის ვერძი და შესწირა სრულადდასაწველ მსხვერპლად, თავისი ძის ნაცვლად.
  14. 14
    და უწოდა აბრაჰამმა ამ ადგილს სახელად "იაჰვე ირე” - უფალი გამოაჩენს, რაც დღემდე ასე გამოითქმის - "მთაზე უფალი გამოჩნდა”.
  15. 15
    და მეორედ მოუხმო უფლის ანგელოზმა აბრაჰამს ციდან.
  16. 16
    უთხრა: "გეფიცები, ამბობს უფალი, რაკი ეს საქმე გააკეთე და არ დაზოგე შენი ერთადერთი ძე ჩემთვის,
  17. 17
    ამიტომ გაკურთხებ შენ და გავამრავლებ შენ შთამომავლობას, როგორც ცის ვარსკვლავებს და ქვიშას ზღვის ნაპირზე. და დაიმკვიდრებს შენი შთამომავლობა თავის მტერთა კარიბჭეს.
  18. 18
    და იკურთხება შენს თესლში დედამიწის ყოველი ერი, რადგან შეისმინე ჩემი ხმა”.
  19. 19
    დაბრუნდა აბრაჰამი თავის მსახურებთან; ადგნენ და წავიდნენ ბეერ-შებაყისკენ. და დამკვიდრდა აბრაჰამი ბეერ-შებაყში.
  20. 20
    ამ ამბების შემდეგ ეუწყა აბრაჰამს: "მილქამაც შვა ძენი ნახორისათვის, შენი ძმისათვის:
  21. 21
    ყუცი, მისი პირმშო, ბუზი, მისი ძმა, კემუელი - არამის მამა,
  22. 22
    ქესედი, აზო, ფილდაში, იდლაფი და ბეთუელი”.
  23. 23
    ბეთუელი გახდა რებეკას მამა. ეს რვა ვაჟი უშვა მილქამ ნახორს, აბრაჰამის ძმას.
  24. 24
    მის ხარჭას, სახელად რეუმახს, ასევე ეყოლა ვაჟები: თებახი, გახამი, თახაში და მაყაქა.
იტვირთება შემდეგი თავი
დაბადება 22 — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015 · სიტყვა