დაბადება — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 29
- 1ადგა იაკობი და აღმოსავლეთის ძეთა ქვეყნისაკენ გაემართა.
- 2ხედავს: ველზე ჭაა და იქვე ცხვრის სამი ფარა წევს, რადგან იმ ჭიდან რწყულდებოდა ცხვარი, ხოლო ჭის პირს დიდი ქვა ახურავს.
- 3იქ გროვდებოდა ყველა ფარა, გადააგორებდნენ ქვას ჭის პირიდან და წყალს ასმევდნენ ცხვარს; მერე კვლავ აბრუნებდნენ ქვას ჭის პირზე.
- 4ჰკითხა მათ იაკობმა: "სადაურები ხართ, ძმებო?” უპასუხეს: "ხარანელები ვართ!”
- 5ჰკითხა: "ლაბანს თუ იცნობთ, ნახორის ძეს?” უპასუხეს: "ვიცნობთ”.
- 6კვლავ ჰკითხა: "ჯანმრთელადაა?” მიუგეს: "ჯანმრთელადაა. აჰა, რახელიც, მისი ასული, ცხვარს მოჰყვება”.
- 7თქვა: "ჯერ ისევ დღეა, საქონლის შეკრების დრო არ დამდგარა! ცხვარი დაარწყულეთ და წაასხით საძოვრად”.
- 8უთხრეს: "ვერ შევძლებთ, ვიდრე ყველა ფარა არ შეიყრება და ქვას არ გადააგორებენ ჭის პირიდან. მაშინ დავარწყულებთ ცხვარს”.
- 9ჯერ ლაპარაკი არ დაესრულებინა, რომ მოვიდა რახელი მამამისის ცხვართან ერთად, რადგან იგი მწყემსავდა მას.
- 10და როდესაც დაინახა იაკობმა რახელი, თავის დედის ძმის, ლაბანის ასული, და მისი ცხვარი, მივიდა, ჭის პირიდან ქვა გადააგორა და დაარწყულა ბიძამისის ცხვარი.
- 11აკოცა იაკობმა რახელს და ხმამაღლა აქვითინდა.
- 12უთხრა იაკობმა რახელს, რომ იგი მამამისის დის, რებეკას შვილი იყო. გაიქცა რახელი და შეატყობინა მამას.
- 13როცა გაიგო ლაბანმა თავისი დისწულის, იაკობის, მოსვლის ამბავი წამოვიდა შესახვედრად, გადაეხვია, გადაკოცნა და სახლში წაიყვანა. და უამბო ლაბანს ყველაფერი.
- 14უთხრა ლაბანმა: "მართლა ჩემი ძვალთაგანი და ხორცთაგანი ხარ!” და ცხოვრობდა მასთან იაკობი ერთი თვე.
- 15უთხრა ლაბანმა იაკობს: "ნუთუ უფასოდ უნდა მემსახურო იმის გამო, რომ ნათესავი ხარ ჩემი? მითხარი, რა არის შენი საზღაური”.
- 16ორი ქალიშვილი ჰყავდა ლაბანს, უფროსს ლეა ერქვა, ხოლო უმცროსს - რახელი.
- 17ლეას სუსტი თვალები ჰქონდა, რახელი კი მშვენიერი იყო ტანად და ლამაზი - სახით.
- 18შეუყვარდა იაკობს რახელი და უთხრა ლაბანს: "შვიდ წელს გემსახურები რახელისათვის, შენი უმცროსი ასულისთვის”.
- 19უთხრა ლაბანმა: "უმჯობესია შენ მოგცე, ვიდრე სხვას. იცხოვრე ჩემთან”.
- 20შვიდი წელი იმსახურა იაკობმა რახელისათვის და მისი სიყვარულით რამდენიმე დღედ ეჩვენა ეს დრო.
- 21უთხრა იაკობმა ლაბანს: "მომეცი ჩემი ცოლი, რადგან გავიდა ვადა და შევალ მასთან”.
- 22შეკრიბა ლაბანმა იქაური კაცები და ნადიმი გამართა.
- 23საღამოჟამს ლაბანმა ლეა, თავისი ასული, მიიყვანა იაკობთან; და შევიდა იაკობი ლეასთან.
- 24მისცა ლაბანმა ზილფა, თავისი მხევალი ლეას მხევლად.
- 25დაინახა იაკობმა დილით, რომ ლეა იყო მასთან და უთხრა ლაბანს: "ეს რა მიყავი! განა რახელისათვის არ გემსახურე? რატომ მომატყუე?”
- 26უთხრა ლაბანმა: "ჩვენში არ ხდება ასე, რომ უმცროსი უფროსზე ადრე გათხოვდეს.
- 27გაასრულე ლეასთან ერთი კვირა და რახელსაც მოგცემ იმ სამსახურისათვის, რასაც შემდეგ შვიდ წელიწადს გასწევ”.
- 28ასეც მოიქცა იაკობი, გაასრულა ერთი კვირა და ლაბანმაც მისცა მას რახელი, თავისი ასული, ცოლად.
- 29და მისცა ლაბანმა რახელს, თავის ასულს მხევლად ბილჰა, თავისი მხევალი.
- 30შევიდა იაკობი რახელთან, რომელიც ლეაზე მეტად შეუყვარდა და კიდევ შვიდ წელიწადს იმსახურა ლაბანთან.
- 31იხილა უფალმა, რომ მოძულებული იყო ლეა და გაუხსნა საშო, ხოლო რახელი ბერწი იყო.
- 32დაორსულდა ლეა, ეყოლა ძე და უწოდა სახელად რეუბენი, რადგან თქვა: "იხილა უფალმა ჩემი ტანჯვა, ახლა შემიყვარებს ჩემი ქმარი”.
- 33კვლავ დაორსულდა და ეყოლა ძე; თქვა: "ისმინა უფალმა, რომ მოძულებული ვარ, ამიტომ მომცა ეს ძეც”. და უწოდა სახელად სიმონი.
- 34კვლავ დაორსულდა და შვა ძე; თქვა: "ამიერიდან მომეწებება ჩემი ქმარი, რადგან სამი ძე ვუშვი”. და უწოდა სახელად ლევი.
- 35კვლავ დაორსულდა და შვა ძე; თქვა: "ამიერიდან ვადიდებ უფალს”. ამიტომ უწოდა სახელად იუდა. და შეწყვიტა შობა.
იტვირთება შემდეგი თავი