დაბადება — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 33

  1. 1
    გაიხედა იაკობმა და, აჰა, ხედავს, ოთხასი კაცით მოდის მისკენ ესავი. და გაანაწილა იაკობმა ბავშვები ლეას, რახელსა და ორ მხევალს შორის.
  2. 2
    წინ მხევლები და მათი ბავშვები დააყენა, მათ უკან - ლეა და მისი ბავშვები, ხოლო რახელი და იოსები - სულ ბოლოს.
  3. 3
    თავად წინ წარუძღვა და ვიდრე ძმას მიუახლოვდებოდა, შვიდჯერ სცა თაყვანი მიწამდე.
  4. 4
    და გამოიქცა ესავი მის შესახვედრად, გადაეხვია, ყელზე მოეჭდო, გადაკოცნა და ატირდა ორივე.
  5. 5
    გაიხედა ესავმა და ქალები და ბავშვები დაინახა; ჰკითხა: "ვინ არიან ესენი შენთვის?” უპასუხა: "შვილები, რომლებიც ღმერთმა უწყალობა შენს მსახურს”.
  6. 6
    და მიეახლნენ მხევლები თავიანთ შვილებთან ერთად და თაყვანი სცეს.
  7. 7
    ლეაც მიეახლა თავისი ბავშვებით და თაყვანი სცა; ბოლოს რახელი და იოსები მიეახლნენ და თაყვანი სცეს.
  8. 8
    ჰკითხა ესავმა: "რა იყო მთელი ის ბანაკი წინ რომ შემომხვდა?” უთხრა იაკობმა: "რომ მადლი ვპოვო ჩემი ბატონის თვალში!”
  9. 9
    უთხრა ესავმა: "არაფერი მაკლია, ძმაო. რაც შენია, შენთან იყოს!”
  10. 10
    უთხრა იაკობმა: "არა, თუ ვპოვე მადლი შენს თვალში, მიიღე ჩემგან ეს ძღვენი, რადგან შენი სახე რომ დავინახე, თითქოს ღვთის სახე დამენახოს და შენც კეთილად შემხვდი.
  11. 11
    გთხოვ, მიიღე ჩემი ძღვენი, რომელიც მოგართვი, რადგან ღმერთმა შემიწყალა და ყველაფერი მაქვს”. დაიყოლია იგი და მანაც მიიღო.
  12. 12
    უთხრა ესავმა: "დავიძრათ და წავიდეთ, მე წინ წავალ”.
  13. 13
    უპასუხა იაკობმა: "იცის ჩემმა ბატონმა, რომ სათუთნი არიან ბავშვები, ჩემი ცხვარ-ძროხა კი მეწველია; წინ რომ გავირეკო, მთელი სამწყსო ერთ დღეში გამიწყდება.
  14. 14
    იაროს ჩემმა ბატონმა თავისი მსახურის წინ, მე კი ნელა, ჩემს სამწყსოსა და ბავშვებს წამოვყვები, ვიდრე მივიდოდე ჩემს ბატონთან სეყირში”.
  15. 15
    თქვა ესავმა: "ვინმეს მოგიჩენ იმ ხალხიდან, რომელიც თან მახლავს”. უთხრა იაკობმა: "რა საჭიროა? ოღონდ კი მადლი ვპოვო ჩემი ბატონის თვალში”.
  16. 16
    და დაბრუნდა ესავი იმავე დღეს თავისი გზით სეყირისაკენ.
  17. 17
    იაკობი კი სუქოთისკენ დაიძრა, თავისთვის სახლი აიშენა და პირუტყვსაც გაუკეთა სადგომები. ამიტომ უწოდა იმ ადგილს სახელად სუქოთი.
  18. 18
    ფადან-არამიდან დაბრუნებული იაკობი მშვიდობით მივიდა შექემში, რომელიც ქანაანის ქვეყანაშია და ქალაქის წინ დაიბანაკა.
  19. 19
    ას კესიტად იყიდა შექემის მამის, ხამორის ძეებისგან მინდვრის ნაწილი, სადაც კარავი გაშალა.
  20. 20
    აღმართა სამსხვერპლო და უწოდა მას "ელ-ელოჰი-ისრაელ” - ღმერთი, ღმერთი ისრაელისა.
იტვირთება შემდეგი თავი
დაბადება 33 — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015 · სიტყვა