დაბადება — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 45
- 1ვეღარ შეძლო თავის შეკავება იოსებმა და შეჰყვირა: "ყველანი გაიყვანეთ!” და არავინ იყო მასთან, როცა თავისი ვინაობა გაუმჟღავნა ძმებს.
- 2ხმამაღლა აქვითინდა და გაიგონეს ეგვიპტელებმა, და გაიგონა ფარაონის სახლეულმაც.
- 3უთხრა თავის ძმებს: "იოსები ვარ. კიდევ ცოცხალია მამაჩემი?” და ვერ შეძლეს მისმა ძმებმა პასუხის გაცემა, რადგან შეცბნენ მის წინაშე.
- 4უთხრა ძმებს იოსებმა: "მომიახლოვდით!” მიეახლნენ. თქვა: "იოსები ვარ, თქვენი ძმა, ეგვიპტეში რომ გაყიდეთ.
- 5ახლა ნუღარ სწუხართ და ნუღარ ბრაზობთ საკუთარ თავზე, აქ რომ გამყიდეთ. თქვენი სიცოცხლის შესანარჩუნებლად წარმომგზავნა ღმერთმა.
- 6რადგან ეს ორი წელია შიმშილია ქვეყანაზე და კიდევ ხუთი წელი არ იქნება ხვნა და მკა.
- 7თქვენს წინ წარმომგზავნა ღმერთმა, ქვეყნად თქვენი ნატამალის დასატოვებლად, რათა დიადი ხსნით შეგინარჩუნოთ სიცოცხლე.
- 8თქვენ კი არ წარმომგზავნეთ აქ, არამედ ღმერთმა; და მან დამადგინა ფარაონის მამად, მთელი მისი სახლის პატრონად და მთელი ეგვიპტის ქვეყნის განმგებლად.
- 9საჩქაროდ დაბრუნდით მამაჩემთან და უთხარით: "ასე ამბობს-თქო იოსები, შენი ძე - მთელი ეგვიპტის ბატონად დამადგინა ღმერთმა; ჩამოდი ჩემთან, ნუღარ დააყოვნებ!
- 10იცხოვრებ გოშენის მიწაზე, ჩემს მახლობლად, შენ, შენი შვილები და შენი შვილთა შვილები, შენი ცხვარ-ძროხა და ყველაფერი თან გექნება, რაც გაგაჩნია.
- 11აქ გარჩენ, რადგან კიდევ ხუთი წელი იქნება შიმშილი, რათა არ გაღატაკდეთ შენ და შენი სახლეული და მთელი შენი მონაგები.
- 12ხომ ხედავს თქვენი თვალი და ჩემი ძმის, ბენიამინის თვალი, რომ ჩემი ბაგეა, თქვენ რომ გელაპარაკებათ.
- 13უამბეთ მამაჩემს მთელი ჩემი დიდების ამბავი ეგვიპტეში; ყველაფერი უამბეთ, რაც ნახეთ; იჩქარეთ და ჩამოიყვანეთ მამაჩემი”.
- 14დაემხო თავისი ძმის, ბენიამინის კისერზე და აქვითინდა; და ბენიამინიც ქვითინებდა მის კისერზე.
- 15ეამბორა ყველა თავის ძმას და ტიროდა მათთან ერთად. ამის შემდეგღა ილაპარაკეს მასთან ძმებმა.
- 16მიაღწია ხმამ ფარაონის სახლამდე, ძმები ჩამოუვიდნენო იოსებს და ეამათ ფარაონსა და მის მსახურებს.
- 17უთხრა ფარაონმა იოსებს: "შენს ძმებს უთხარი: ასე მოიქეცით: დატვირთეთ თქვენი პირუტყვი და წადით ქანაანის ქვეყანაში;
- 18წამოიყვანეთ მამათქვენი, თქვენი სახლეული და მოდით ჩემთან. საუკეთესოს გარგუნებთ ეგვიპტის მიწაზე და ამ მიწის დოვლათს შეჭამთ.
- 19შენ კი გებრძანება: წაიყოლეთ ეგვიპტის ქვეყნიდან ურმები თქვენი პატარებისა და ცოლებისათვის, წამოიყვანეთ მამათქვენი და წამოდით;
- 20თვალი ნუ დაგრჩებათ თქვენს ქონებაზე, რადგან ყოველივე საუკეთესო თქვენია ეგვიპტის მიწაზე”.
- 21ასეც მოიქცნენ ისრაელის ძენი. მისცა მათ იოსებმა ურმები და საგზალი ფარაონის ბრძანებისამებრ.
- 22ერთი ხელი სამოსელი თითოეულ მათგანს, ხოლო ბენიამინს სამასი ვერცხლი და ხუთი ხელი სამოსელი მისცა.
- 23მამამისს კი ეგვიპტური დოვლათით დატვირთული ათი სახედარი, ათი ჭაკი ვირი ხორბლით და პურით დატვირთული გაუგზავნა, და საკვები - მამამისის სამგზავროდ.
- 24გაუშვა თავისი ძმები და ისინიც წავიდნენ. უთხრა: "გზაში ნუ იდავებთ”.
- 25წავიდნენ ეგვიპტიდან და მივიდნენ ქანაანის ქვეყანაში იაკობთან, თავის მამასთან.
- 26ახარეს: "ცოცხალია იოსები და ეგვიპტის მთელ ქვეყანაზე განმგებლობს!” გაოგნდა, თუმცა არ ერწმუნა მათ.
- 27გადასცეს იოსების ყოველი სიტყვა და ნახა ურმები, რომლებიც მის წასაყვანად გამოგზავნა იოსებმა და გაცოცხლდა იაკობის, მათი მამის, სული.
- 28თქვა ისრაელმა: "კმარა, ცოცხალია ჩემი ძე, იოსები! წავალ და ვნახავ, სანამ არ მოვმკვდარვარ”.
იტვირთება შემდეგი თავი