დაბადება — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 47
- 1მივიდა იოსები და აუწყა ფარაონს: "მამაჩემი და ჩემი ძმები მოვიდნენ ქანაანიდან თავიანთი საქონლით და მთელი სარჩო-საბადებლით; უკვე გოშენის მიწაზე არიან”.
- 2ძმათაგან ხუთი კაცი წამოიყვანა და წარადგინა ფარაონის წინაშე.
- 3ჰკითხა ფარაონმა მის ძმებს: "რა საქმიანობას ეწევით?” უთხრეს: "ცხვრის მწყემსნი გახლავართ შენი მსახურნი, როგორც ჩვენი მამა-პაპა”.
- 4უთხრეს ფარაონს: "ხიზნად მოვედით ამ ქვეყანაში, რადგან შიმშილობის გამო აღარაა საძოვარი შენი მსახურების ცხვრისთვის ქანაანში. ახლა თუ ინებებ, დასახლდებიან შენი მსახურნი გოშენის მიწაზე”.
- 5უთხრა ფარაონმა იოსებს: "მამაშენი და შენი ძმები მოგივიდნენ.
- 6შენს წინაშეა ეგვიპტის ქვეყანა; საუკეთესო მიწაზე დაასახლე მამაშენი და შენი ძმები. დაე იცხოვრონ გოშენის მიწაზე. და თუ არიან მათ შორის უნარიანი კაცები, ზედამხედველებად დაუდგინე ჩემს საქონელს”.
- 7მიიყვანა იოსებმა იაკობი, თავისი მამა და წარადგინა იგი ფარაონის წინაშე. და აკურთხა იაკობმა ფარაონი.
- 8ჰკითხა ფარაონმა იაკობს: "რამდენი წლისა ხარ?”
- 9უპასუხა იაკობმა ფარაონს: "ას ოცდაათ წელს ითვლის ჩემი ხიზნობის ხანი. მცირე და ავი იყო ჩემი ცხოვრების წლები. ვერ მივაწიე ჩემი მამების ხანს, ხიზნობაში რომ გაატარეს”.
- 10აკურთხა იაკობმა ფარაონი და გამოვიდა ფარაონისაგან.
- 11დაასახლა იოსებმა მამა და ძმები და მისცა მათ სამფლობელოდ საუკეთესო მიწა ეგვიპტის ქვეყანაში, რამზესის ქვეყანაში, როგორც ფარაონმა ბრძანა.
- 12ამარაგებდა იოსები მამასა და ძმებს და მთელ მათ სახლეულს პურით, ბავშვთა სულადობის მიხედვით.
- 13და არ იყო პური მთელ ქვეყანაზე, რადგან ფრიად გაძლიერდა შიმშილი. დაუძლურდნენ ეგვიპტისა და ქანაანის ქვეყნები შიმშილისაგან.
- 14შეკრიბა იოსებმა მთელი ფული, რომელიც მარცვლეულის გაყიდვით შემოდიოდა და მოხვეჭილი ვერცხლი ფარაონის სახლში შეიტანა.
- 15და გამოილია ფული ქანაანისა და ეგვიპტის ქვეყნებში. მოვიდა მთელი ეგვიპტე იოსებთან და უთხრა: "მოგვეცი პური! რატომ უნდა დავიხოცოთ შენს წინაშე იმის გამო, რომ ვერცხლი გამოგველია?!”
- 16უთხრა მათ იოსებმა: "მოასხით თქვენი საქონელი და საქონლის ფასად მოგცემთ, ფული თუ გამოგელიათ”.
- 17მოასხეს საქონელი იოსებთან და აძლევდა მათ იოსები პურს ცხენებისა და ცხვრის ფარების, ნახირისა და სახედრების სანაცვლოდ; კვებავდა მათ იოსები პურით იმ წლის განმავლობაში მთელი მათი პირუტყვის სანაცვლოდ.
- 18გავიდა ის წელი; მივიდნენ მასთან მეორე წელს და უთხრეს: "არ დავუმალავთ ჩვენს ბატონს, რომ გამოგველია ფული და ჩვენი პირუტყვიც ჩვენს ბატონთანაა: არაფერი შეგვრჩა ჩვენი ბატონის წინაშე, გარდა ჩვენი სხეულისა და ჩვენი მიწისა.
- 19რად დავიხოცოთ შენს თვალწინ და გავნადგურდეთ ჩვენც და ჩვენი მიწაც? გვიყიდე ჩვენს მიწასთან ერთად პურის საფასურში და ვიქნებით ფარაონის მონები. მოგვეცი მარცვალი, რათა ვიცოცხლოთ და არ ამოვწყდეთ და არ გაუკაცრიელდეს მიწა”.
- 20და იყიდა იოსებმა ეგვიპტის მთელი მიწა ფარაონისთვის, რადგან გაყიდა ყველა ეგვიპტელმა თავისი ყანა აუტანელი შიმშილის გამო და გახდა მიწა ფარაონისა.
- 21მონებად აქცია ხალხი ქალაქებში - ეგვიპტის ერთი კიდიდან მეორე კიდემდე.
- 22მხოლოდ ქურუმთა მიწა არ უყიდია, რადგან ფარაონისგან იყო დაწესებული ქურუმთათვის ნაკვეთები; თავს ირჩენდნენ ისინი თავიანთი ნაკვეთებით, რომლებიც ფარაონმა მისცა მათ. ამიტომ არ გაყიდეს თავიანთი მიწები.
- 23უთხრა იოსებმა ხალხს: "აჰა, გიყიდეთ ფარაონისთვის თქვენს მიწებთან ერთად. აი, თესლი თქვენთვის, დათესეთ მიწა.
- 24მოსავლის აღებისას მეხუთედი ფარაონს მიეცით, და ოთხი წილი კი მინდვრის დასათესად, თქვენთვის, თქვენს სახლში მყოფთათვის და თქვენი ბავშვების გამოსაკვებად დაიტოვეთ”.
- 25თქვეს: "სიცოცხლე შეგვინარჩუნე! ოღონდ მადლი ვპოვოთ ჩვენი ბატონის თვალში და გავუხდებით ფარაონს მონებად”.
- 26დღემდე იოსების დადგენილი წესია ეგვიპტის მიწაზე: მოსავლის მეხუთედი ფარაონისაა; მხოლოდ ქურუმთა მიწები არ ეკუთვნის ფარაონს.
- 27და დამკვიდრდა ისრაელი ეგვიპტეში, გოშენის ქვეყანაში. დაეუფლნენ მას, მოშენდნენ და გამრავლდნენ ფრიად.
- 28იცხოვრა იაკობმა ეგვიპტის ქვეყანაში ჩვიდმეტი წელი; და იყო მისი სიცოცხლის დღენი ასორმოცდაშვიდი წელი.
- 29როცა მოახლოვდა ისრაელის სიკვდილის ჟამი, უხმო თავის ძეს, იოსებს, და უთხრა: "თუ მადლი ვპოვე შენს თვალში, ხელი ამომიდე საზარდულქვეშ, მიყავი სიკეთე და მიერთგულე! ნუ დამმარხავ ეგვიპტეში!
- 30და როცა ჩემს მამებთან განვისვენებ, წამიღე ეგვიპტიდან და დამკრძალე მათ სამარხში”. უთხრა იოსებმა: "შენი სიტყვისამებრ მოვიქცევი!”
- 31უთხრა იაკობმა: "შემომფიცე!” შეჰფიცა იოსებმა. და სცა ისრაელმა თაყვანი სარეცლის თავზე.
იტვირთება შემდეგი თავი