ებრაელთა მიმართ — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 2
- 1ამიტომ, მეტი გულისყური გვმართებს მოსმენილისადმი, რათა არ გადავუხვიოთ.
- 2რადგან, თუ ანგელოზების მიერ ნათქვამი სიტყვა მტკიცე იყო და ყოველი დანაშაული და ურჩობა იღებდა დამსახურებულ საზღაურს,
- 3ჩვენ როგორღა გადავურჩებით, უგულებელმყოფელნი ესოდენ დიადი ხსნისა, რომელიც ჯერ უფალმა გამოაცხადა და ვინც მისგან მოისმინა, მათგან დადასტურდა ჩვენში;
- 4რომელიც დამოწმებულ იქნა ღვთიური ნიშნებით, სასწაულებით, სხვადასხვა ძალებით და წმიდა სულის მისი ნებისამებრ გაზიარებით.
- 5ვინაიდან ანგელოზებისთვის არ დაუმორჩილებია ღმერთს მომავალი მსოფლიო, რომელზეც ვლაპარაკობთ.
- 6სადღაც ვიღაცამ დაამოწმა და თქვა: "რა არის კაცი, რომ გახსოვს იგი? ანდა ძე კაცისა, რომ მოინახულებ ხოლმე მას?
- 7ოდნავ დაამცირე იგი ანგელოზთა წინაშე; დიდებითა და პატივით დააგვირგვინე და დაადგინე იგი შენი ხელის ნამოქმედარზე.
- 8და ყოველივე მის ფერხთა ქვეშ დაუქვემდებარე”. ხოლო, რაკი ყოველივე მას დაუქვემდებარა, არაფერი დაუტოვებია მისთვის დაუმორჩილებელი. მაგრამ ახლა ჯერ კიდევ ვერ ვხედავთ, რომ ყოველივე მას ემორჩილებოდეს;
- 9მაგრამ ვხედავთ იესოს, სიკვდილის განცდის გამო მცირე ხნით დამცირებულს ანგელოზთა წინაშე; და დიდებითა და პატივით დაგვირგვინებულს, რათა ღვთის მადლით ეგემა სიკვდილი ყველას გამო.
- 10ვინაიდან ის, ვისთვისაც არის ყოველივე და ვისგანაც არის ყოველივე, ვინც მრავალი ძე მიიყვანა დიდებამდე, ტანჯვით უნდა აღსრულებულიყო, როგორც მათი გადარჩენის წინამძღოლი.
- 11რადგან, განმწმედელი და განწმედილნი, ყველანი ერთისგან არიან; ამიტომ არ რცხვენია, ძმები უწოდოს მათ;
- 12ამბობს რა: "ვაუწყებ შენს სახელს ჩემს ძმებს, კრებულს შორის გიგალობებ შენ”.
- 13და კიდევ: "მივენდობი მას”. და კიდევ: "აჰა, მე და შვილები, რომლებიც მომცა ღმერთმა”.
- 14რაკი შვილები სისხლისა და ხორცის მოზიარენი არიან, თავადაც ეზიარა სისხლსა და ხორცს, რათა სიკვდილით გააქარწყლოს ის, ვისაც სიკვდილის ხელმწიფება აქვს, ესე იგი ეშმაკი;
- 15და გაათავისუფლოს ისინი, ვინც სიკვდილის შიშით მთელი სიცოცხლე მონობაში იყო.
- 16ვინაიდან, ანგელოზებს კი არ ღებულობს, არამედ აბრაჰამის თესლს ღებულობს.
- 17ამიტომ ყველაფერში ძმებს უნდა დამსგავსებოდა, რათა ყოფილიყო მოწყალე და ერთგული მღვდელმთავარი ღვთის წინაშე, ხალხის ცოდვების მისატევებლად.
- 18რადგან, რაკი თვითონ ეტანჯა და გამოიცადა, განსაცდელში მყოფთა დახმარებაც ძალუძს.
იტვირთება შემდეგი თავი