ებრაელთა მიმართ — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 6
- 1ამიტომ, მივატოვოთ ქრისტეს სიტყვის საწყისები და ვესწრაფოთ სრულყოფას; ნუღარ ჩავუყრით საძირკველს მკვდარი საქმეების მონანიებასა და ღვთის რწმენას,
- 2ნათლობის, ხელდასხმის, მკვდართა აღდგომისა და მარადიული განკითხვის მოძღვრებას.
- 3და ამასაც გავაკეთებთ, თუ ღმერთი ინებებს.
- 4ვინაიდან შეუძლებელია, რომ ერთხელ უკვე განათლებულნი, რომელთაც მიიღეს ზეციური ნიჭი და სულიწმიდის მოზიარენი გახდნენ,
- 5იგემეს ღვთის სიტყვის სიკეთე და მომავალი საუკუნის ძალები,
- 6და მერე დაეცნენ, ამის შემდეგ კვლავ განახლდნენ მოსანანიებლად, რადგან ისინი ისევ ჯვარს აცვამენ ძე ღვთისას და ლანძღავენ.
- 7ვინაიდან მიწა, რომელიც იწოვს მასზე მრავალგზის მოსულ წვიმას და იძლევა მწვანილს, სასარგებლოა მათთვის, ვისთვისაც მუშავდება - იგი ღვთისგან ღებულობს კურთხევას.
- 8ხოლო რომელიც იძლევა ეკალსა და კუროსთავს, უვარგისია და ლამის დაწყევლილი; მისი ბოლო დაწვაა.
- 9მაგრამ, გვჯერა საყვარელნო, რომ უკეთესნი ხართ და ფლობთ გადარჩენას, თუმცა ამგვარად ვლაპარაკობთ.
- 10ვინაიდან ღმერთი უსამართლო არ არის, რომ დაივიწყოს თქვენი საქმე და სიყვარულის შრომა, რაც გასწიეთ მისი სახელისთვის, ემსახურებოდით რა წმიდებს და კვლავაც ემსახურებით.
- 11თუმცა გვწადია, რომ ყოველი თქვენგანი ბოლომდე ასეთივე ერთგულებას იჩენდეს იმედის აღსრულებამდე.
- 12რათა არ გაზარმაცდეთ, არამედ მიბაძოთ მათ, ვინც რწმენითა და სულგრძელობით იმკვიდრებს აღთქმებს.
- 13ვინაიდან, როცა ღმერთი აღთქმას დებდა აბრაჰამთან, რაკი არ შეეძლო თავისზე დიდი დაეფიცა, საკუთარი თავი დაიფიცა;
- 14უთხრა: "ჭეშმარიტად, კურთხევით გაკურთხებ შენ და გამრავლებით გაგამრავლებ შენ”.
- 15და ასე სულგრძელობით დაიმკვიდრა აღთქმა.
- 16ადამიანები ყველაზე დიდს იფიცებენ და ფიცი ადასტურებს მათი ყოველგვარი დავის დასასრულს.
- 17ამიტომ, როცა ღმერთმა მოინდომა აღთქმის მემკვიდრეთათვის თავისი ნების ურყევობა ეჩვენებინა, ფიცს მიმართა,
- 18რათა ორ ურყევ რამეში, რაშიც შეუძლებელია მოგვატყუოს ღმერთმა, მტკიცე ნუგეშისცემა გვქონდეს ჩვენ, ვინც შევეფარეთ, რათა ჩავჭიდებოდით ჩვენ წინ მდებარე იმედს,
- 19რომელიც ჩვენთვის სანდო და მტკიცე ღუზასავითაა და შედის ფარდის მიღმა,
- 20სადაც შევიდა იესო ჩვენს წინამორბედად და გახდა საუკუნო მღვდელმთავარი მელქისედეკის წესით.
იტვირთება შემდეგი თავი