ებრაელთა მიმართ — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 9
- 1პირველ აღთქმასაც ჰქონდა ღვთისმსახურების წესდებები და მიწიერი წმიდა,
- 2ვინაიდან პირველი კარავი ისე იყო მოწყობილი, რომ შიგნით იყო სასანთლე, ტაბლა და საწინაშეო პური; ამას წმიდა ადგილი ეწოდებოდა.
- 3მეორე კარავი კი ფარდის მიღმა იყო, რომელსაც წმიდათა წმიდა ერქვა.
- 4მას ჰქონდა ოქროს სასაკმევლე, ასევე ყოველი მხრიდან ოქროთი მოჭედილი აღთქმის კიდობანი, რომელშიც იყო მანნით სავსე ოქროს ქოთანი, აჰარონის აყვავებული კვერთხი და აღთქმის ფიქალები.
- 5ხოლო მათ ზემოთ - დიდების ქერუბნი, რომლებიც შეწყალების ადგილს ჩრდილავდნენ; ამაზე ახლა დაწვრილებით ნუ ვილაპარაკებთ.
- 6ასეთნაირად მოწყობილ პირველ კარავში მუდამ შედიან მღვდლები მსახურებათა შესასრულებლად.
- 7ხოლო მეორეში მარტო მღვდელმთავარი - წელიწადში ერთხელ, ოღონდ არა სისხლის გარეშე, რომელსაც სწირავს თავისთვის და ხალხის მიერ უმეცრებაში ჩადენილი ცოდვებისთვის.
- 8ამით სულიწმიდა გვიჩვენებს, რომ ვიდრე დგას პირველი კარავი, ჯერ კიდევ არაა გახსნილი გზა წმიდათა წმიდაში.
- 9ეს აწმყო დროის ნიმუშია, როცა სწირავენ ძღვენსა და მსხვერპლს, რასაც არ შეუძლია შემწირველის სინდისის სრულქმნა,
- 10რადგან ეს არის საჭმელ-სასმელი, სხვადასხვა განბანა და ხორციელი წესების შესრულება, დადგენილი მხოლოდ გამოსწორების ჟამამდე.
- 11ხოლო ქრისტე, კეთილი მომავლის მღვდელმთავარი, მოვიდა დიდი და უფრო სრულყოფილი, ხელთუქმნელი კარვით, ესე იგი, არა ამნაირად შექმნილით,
- 12არა ვაცთა და ზვარაკთა სისხლით, არამედ საკუთარი სისხლით შევიდა ერთხელ წმიდათა წმიდაში და მოგვიპოვა საუკუნო გამოსყიდვა.
- 13ვინაიდან თუ ვაცთა და კუროთა სისხლი და დეკეულის ფერფლის პკურება წმიდას ჰყოფს გაუწმიდურებულთ, რათა განიწმიდოს სხეული,
- 14მით უმეტეს ქრისტეს სისხლი, რომელმაც მარადიული სულით შესწირა ღმერთს თავისი უბიწო თავი, განწმედს ჩვენს სინდისს მკვდარი საქმეებისგან ცოცხალი ღმერთის სამსახურისთვის.
- 15ამიტომ არის ის ახალი აღთქმის შუამდგომელი, რათა მისი სიკვდილის შემდეგ, რაც პირველი აღთქმის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოსასყიდად მოხდა, მათ, ვინც მოწოდებულნი არიან მარადიული მემკვიდრეობისთვის, მიიღონ აღთქმული.
- 16ვინაიდან, სადაც ანდერძია, იქ აუცილებელია მეანდერძის სიკვდილი.
- 17რადგან ანდერძს ძალა აქვს მხოლოდ სიკვდილის შემდეგ; ვიდრე მეანდერძე ცოცხალია, ანდერძს ძალა არა აქვს.
- 18ამიტომ არც პირველი აღთქმა იყო დამტკიცებული სისხლის გარეშე.
- 19ვინაიდან მოსემ, როდესაც წარმოთქვა მთელი ხალხის წინაშე ყველა მცნება რჯულისა, აიღო ზვარაკთა და ვაცთა სისხლი წყალთან, მეწამულ მატყლთან და უსუპთან ერთად და აპკურა როგორც წიგნს, ისე მთელ ხალხს.
- 20და თქვა: "ესაა სისხლი აღთქმისა, რომელიც ღმერთმა აღგითქვათ თქვენ”.
- 21მან კარავსა და მთელ სამსახურებელ ჭურჭელსაც მოაპკურა სისხლი.
- 22ასე რომ, რჯულის მიხედვით თითქმის ყველაფერი სისხლით იწმიდება, და სისხლის დაღვრის გარეშე არ ხდება მიტევება.
- 23მაშასადამე, ხატებანი იმისა, რაც ზეცაშია, უნდა განწმედილიყვნენ ამით, თვით ზეციერნი კი ამაზე უმჯობესი მსხვერპლებით.
- 24ვინაიდან ქრისტე შევიდა არა ხელთქმნილ წმიდათა წმიდაში, ჭეშმარიტის ანარეკლში, არამედ თვით ცაში, რათა ახლა ჩვენთვის წარდგეს ღვთის წინაშე.
- 25და არა იმისთვის, რომ მრავალგზის შეეწიროს, როგორც შედის მღვდელმთავარი ყოველწლიურად წმიდაში სხვისი სისხლით;
- 26მაშინ მას წუთისოფლის დასაბამიდან მრავალგზის მოუხდებოდა ტანჯვა, ის კი ერთხელ, საუკუნეთა დასასრულს გამოჩნდა, რათა თავისი მსხვერპლით აღეკვეთა ცოდვა,
- 27და როგორც ადამიანთათვის არის დადგენილი ერთხელ სიკვდილი და მერე გასამართლება,
- 28ასევე ქრისტეც, რომელმაც ერთხელ შესწირა თავი, რომ ეტვირთა მრავალთა ცოდვა, მეორედ გამოჩნდება არა ცოდვილთათვის, არამედ მის მომლოდინეთა გადასარჩენად.
იტვირთება შემდეგი თავი